ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარების კვალდაკვალ ტექნოლოგიური მოდელები სულ უფრო მეტად ემსგავსება ადამიანებს, თუმცა ახალ ნაშრომში მეცნიერები იმაზე საუბრობენ, რომ ეს პროცესი ორმხრივია — ყოველდღიური ურთიერთობის შედეგად თავად ადამიანებიც სულ უფრო მეტად "რობოტულები" ხდებიან.

მკვლევრების აზრით, ChatGPT-სა და Claude-ის მსგავსი ინსტრუმენტების გამოყენება მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ჩვენს ქცევაზე და გვიბიძგებს, რომ ალგორითმების კომუნიკაციის სტილს მივბაძოთ. მათი თეორიული ნაშრომი ახლახან ჟურნალში AI & Society გამოქვეყნდა.

ნაშრომში მეცნიერთა ჯგუფმა ტერმინი "რობოტოიდული ადამიანურობაც" კი შემოიღო. ამ კონცეფციით ახალ ტენდენციას აღწერენ, როდესაც მომხმარებლები თავს ყველაზე კომფორტულად, კომპეტენტურად და სოციალური თვალსაზრისით მისაღებად სწორედ მაშინ გრძნობენ, როდესაც მათი ქცევა მანქანური ლოგიკის სტანდარტებს სრულად ერგება.

ნაშრომის ავტორების განმარტებით, ტექნოლოგიასთან ადამიანის ურთიერთქმედება მომსახურების სფეროსა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში უკვე გასცდა ჩვეულებრიობის საზღვრებს და ერთგვარ კვაზისოციალურ მოვლენად იქცა. შესაბამისად, სახეზეა ორმხრივი გავლენა: როგორც რობოტები ითვისებენ ადამიანურ მახასიათებლებს, ისე საზოგადოება აკოპირებს მანქანური სისტემებისთვის დამახასიათებელ თვისებებს.

კვლევაში წარმოდგენილი თეორიული მოდელით ადამიანის "გარობოტების" პროცესი სამ ძირითად ეტაპად დაყვეს. პირველ ეტაპზე მომხმარებელი სინთეზურ სოციალურ რეალობაში ერთვება, რის შემდეგაც ჩატბოტი სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე ადამიანის იდენტობის დამახინჯებულ ანარეკლს ქმნის. საბოლოოდ მუდმივი ინტერაქციის შედეგად პიროვნება გაუცნობიერებლად ერგება ამ ანარეკლს და საკუთარ ქცევას ალგორითმის მოლოდინებს უსადაგებს.

მეცნიერები ამ ფენომენს ადამიანის ბუნებრივი, თანდაყოლილი ინსტინქტით ხსნიან, რომელიც თანამოსაუბრის ქცევის სარკისებრ ასახვას, ანუ მიბაძვას, გულისხმობს. როდესაც AI ინსტრუმენტი მომხმარებლის მონაცემებზე დაყრდნობით მას სულ უფრო მეტად ერგება, საპასუხოდ მას ადამიანიც უბრუნებს მსგავს საკომუნიკაციო სტილს, რაც საბოლოო ჯამში ჩვენს მანქანურ ტრანსფორმაციას იწვევს.

სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ მსგავსი ტენდენცია შეიძლება სერიოზულ ფსიქოლოგიურ რისკებს უკავშირდებოდეს. იმ რეალობაში, სადაც ხელოვნური ინტელექტის გავლენა ყოველდღიურად იზრდება, მანქანური ლოგიკის ათვისებამ, შესაძლოა, რადიკალურად შეგვიცვალოს თვითაღქმა და თვითღირსების განცდა.

მკვლევართა შეფასებით, ვინაიდან რობოტები და ხელოვნური ინტელექტი მომსახურების სფეროსა თუ ინდივიდუალურ სივრცეებში უკვე ყოველდღიურობად იქცა, აუცილებელია ამ ორმხრივი ფსიქოლოგიური პროცესის სიღრმისეული გააზრება. მათი თქმით, მხოლოდ ამ გზით იქნება შესაძლებელი ტექნოლოგიების ისე გამოყენება, რომ ბიზნესის ეფექტიანი მუშაობის პარალელურად მკაცრად იყოს დაცული ეთიკური ნორმები და ადამიანის ფსიქიკური კეთილდღეობა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.