ტექნოლოგიური სფეროს გიგანტმა Google-მა YouTube-ის ყველაზე პოპულარულ სახესთან, ჯიმი დონალდსონთან, იგივე MrBeast-თან, მრავალწლიანი პარტნიორობა გააფორმა. თანამშრომლობის მთავარი მიზანი Gemini-ს ხელოვნური ინტელექტისა და Google Health პლატფორმების პოპულარიზაციაა.

პარტნიორობის ფარგლებში პირველი ვიდეო MrBeast-ის არხზე 5 სექტემბერს გამოქვეყნდება. ჯიმი და მისი გუნდი დედამიწის ყველაზე მკაცრ და სახიფათო გარემოში — ჯუნგლებში, უდაბნოსა და არქტიკაში — გადარჩენას ეცდებიან. ექსპედიციის დროს მონაწილეები Gemini-ს ასისტენტს გამოიყენებენ ამინდის მკვეთრი ცვლილებებისთვის მოსამზადებლად, არსებული საფრთხეების იდენტიფიცირებისთვისა და მარშრუტის დაგეგმვისთვის.

მხარეების პარტნიორობა მხოლოდ YouTube პლატფორმაზე ვიდეოების განთავსებით არ შემოიფარგლება. დონალდსონი Google-ის ახალ სარეკლამო კამპანიაშიც მიიღებს მონაწილეობას, სადაც მაყურებელს აჩვენებს, თუ როგორ ეხმარება მას ხელოვნური ინტელექტი მასშტაბური, რთული შოუების დაგეგმვაში. ამასთან ერთად, მომდევნო გამოწვევებში Google-ის ახალი მოწყობილობის, Fitbit Air-ის, ინტეგრაციაც იგეგმება.

ფოტო: Google Store

ცნობისთვის, Fitbit Air არის Google-ის ყველაზე პატარა, მსუბუქი და კომპაქტური ფიტნესტრეკერი, რომელიც ეკრანის გარეშეა შექმნილი. მისი მინიმალური დიზაინი მოწყობილობას საშუალებას აძლევს, რომ მაქსიმალურად შეუმჩნეველი იყოს ყოველდღიურობაში, არ შეაწუხოს მომხმარებელი შეტყობინებებით ან ეკრანის ნათებით და მთელი ყურადღება ჯანმრთელობის უწყვეტ მონიტორინგზე გადაიტანოს. მასში მჭიდროდაა ინტეგრირებული Google health და Gemini-ზე დაფუძნებული AI ასისტენტი.

Google-ის წარმომადგენლების თქმით, MrBeast პირველი კონტენტკრეატორია, რომელმაც YouTube-ზე 500 მილიონ გამომწერს გადააჭარბა. კომპანიას სურს, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები ფართო აუდიტორიას სწორედ ასეთი ამბიციური პროექტების მაგალითზე წარუდგინოს.

MrBeast-ისთვის მსხვილ ბრენდებთან თანამშრომლობა ახალი სულაც არ არის. მაგალითად, 2023 წელს იუთუბერი Samsung-თან თანამშრომლობდა, როდესაც ვიდეოების გადასაღებად Galaxy-ის სერიის სმარტფონებს იყენებდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.