Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
ფოტო: Mat Smith for Engadget
ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Xiaomi-მ ახალი ფართოფორმატიანი დასაკეცი სმარტფონი, 18 Fold, ოფიციალურად წარადგინა. კომპანიამ პრეზენტაცია Apple-ის პირველი დასაკეცი მოდელის მოსალოდნელ დებიუტამდე ზუსტად ორი დღით ადრე გამართა. ახალ მოწყობილობას Samsung Z Fold8-ის მსგავსი დიზაინი აქვს და ბაზარზე მის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
ასევე, იხილეთ: როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
სმარტფონს 5.38-დუიმიანი გარე და 7.58-დუიმიანი შიდა ეკრანები აქვს, რომელთა პიკური სიკაშკაშეც 4000 ნიტს აღწევს. Xiaomi-მ მოდელში განახლებული Dragon Bone ანჯამა გამოიყენა, რომელმაც 492 სტრუქტურული ოპტიმიზაცია გაიარა. მოწყობილობას იგი შესამჩნევად მომრგვალებულ ფორმას ანიჭებს. სმარტფონი ოთხ ფერში, მათ შორის შეზღუდული რაოდენობის კერამიკული ვერსიის სახითაც გამოვა.
ახალი ფლაგმანი HyperOS 4 სისტემითა და კომპანიისავე წარმოების 3-ნანომეტრიანი Xring O3 ჩიპით მუშაობს. მწარმოებლის განცხადებით, განახლებული პროცესორი ენერგომოხმარებას 25%-ით ამცირებს, ხოლო სისტემის წარმადობას 60%-ით ზრდის. ტექნიკურ მონაცემებს 6000-მილიამპერიანი (mAh) ელემენტი აბალანსებს, რომელიც 67-ვატიანი სადენიანი და 50-ვატიანი უსადენო დამუხტვის ფუნქციას უზრუნველყოფს.
მოდელში ფოტო- და ვიდეოგადაღებას Leica-სთან ერთად შემუშავებული კამერების სისტემა უზრუნველყოფს. წამყვან პოზიციას აქ 200-მეგაპიქსელიანი სენსორი იკავებს, რომელსაც 50-მეგაპიქსელიანი ულტრაფართოკუთხოვანი და 3.5x ოპტიკური გადიდების ტელეფოტო ლინზები ემატება. სავარაუდოდ, Apple-ის მომავალ დასაკეც სმარტფონში მსგავს ტელეფოტო ლინზას საერთოდ არ გამოიყენებენ და მას მხოლოდ ორკამერიანი მოდულით ექნება.
18 Fold-ის საწყისი ფასი დაახლოებით 1638 დოლარია, სპეციალური კერამიკული გამოცემის ღირებულება კი 2384 დოლარს აღწევს. Xiaomi მოდელის გლობალურ ბაზარზე გაშვებას ამ ეტაპზე არ აანონსებს, ინდუსტრიის ყურადღება კი ამჟამად 9 სექტემბრისკენაა მიმართული — სწორედ ამ დღეს კუპერტინოში Apple-ის პრეზენტაცია გაიმართება.
კომენტარები