6 სექტემბერს დედამიწის ატმოსფეროში ასტეროიდის მომცრო ფრაგმენტი, მეტეოროიდი, შემოიჭრა. ის ჩრდილო-დასავლეთ ავსტრალიის რეგიონის თავზე უნივერსალური დროით 16:07-ზე შემოვიდა და ინდოეთის ოკეანის თავზე დაიწვა.

იგი მეცნიერებმა ამ მოვლენამდე დაახლოებით 6 საათით ადრე დააფიქსირეს. ეს მხოლოდ მე-13 ასეთი ობიექტია, რომელიც იქამდე აღმოაჩინეს, სანამ ატმოსფეროში შემოვიდოდა. ის ასტრონომებმა არიზონაში მდებარე მაუნტ-ლემონის ობსერვატორიიდან შენიშნეს, კატალინას ცის კვლევითი პროექტის ფარგლებში.

ცნობისთვის, ატმოსფეროში მოხვედრილ გაცხელებულ კოსმოსურ სხეულებს მეტეორები ეწოდება. ისინი ხშირად ცაზე კაშკაშა კვალს ტოვებს. ხმელეთამდე მიღწევის შემთხვევაში მათ უკვე მეტეორიტებს უწოდებენ.

ასტრონომიულ სხეულს მეცნიერებმა თავდაპირველად CERNQ52 უწოდეს, ახლა კი მისი ოფიციალური სახელი 2026 RW1-ია. დაკვირვებამ აჩვენა, რომ მეტეოროიდის სიგანე დაახლოებით მხოლოდ 0.8 მეტრი იყო. ეს მიანიშნებს, რომ სპეციალისტებს დედამიწასთან ახლოს არსებული ასეთი პატარა ობიექტების დროულად დანახვაც შეუძლიათ

Asteroid CERNQ52 entered Earth's atmosphere today over the ocean south of Indonesia. It was discovered by the Mount Lemmon Survey in Arizona only hours before its demise. At 80 cm wide, it would have caused no damage. I had to exaggerate the size here, so you could see it. 🔭 #astro

[image or embed]

— Tony Dunn (@tony873004.bsky.social) September 7, 2026 at 1:58 AM

"თუ არ ვცდები, ეს ატონის ჯგუფის (a < 1 AU) პირველი ასტეროიდია, რომელიც შეჯახებამდე დავაფიქსირეთ. ყველა სხვა ასეთი ობიექტი აპოლოს ჯგუფს (a > 1 AU) მიეკუთვნებოდა", — განაცხადა მცირე პლანეტათა ბაზაზე მომუშავე მეცნიერმა, ედრიენ კოფინემ.

ატონის ჯგუფის ასტეროიდებში ისეთი კოსმოსური სხეულები ერთიანდება, რომელთა ტრაექტორიაც დედამიწის ორბიტის შიგნითაა მოქცეული, ანუ < 1 ასტრონომიული ერთეულის (AU) ფარგლებშია. მეორე მხრივ, აპოლოს ჯგუფის ასტეროიდები მზისგან საშუალოდ იმაზე მეტადაა დაშორებული, ვიდრე ჩვენი პლანეტა.

2026 RW1-ის მდებარეობა ატმოსფეროში შემოჭრისას.

ფოტო: Richard Moissl/ NEO ESA.

უნდა აღინიშნოს, რომ 2026 RW1 დედამიწისთვის საშიში არ იყო და არც რაიმე დაუზიანებია. 0.8 მეტრი სიგანე ნიშნავს, რომ ის მთლიანად ატმოსფეროშივე დაიწვა. NASA-ს პლანეტარული კოორდინაციის სამსახურის ცნობითაც, 25 მეტრზე მცირე ზომის მსგავსი სხეულები, როგორც წესი, თითქმის მთლიანად ნადგურდება, სანამ ხმელეთამდე მიაღწევს.

მართალია, ეს მეტეოროტიდი საფრთხეს არ უკავშირდებოდა, თუმცა მისი მსგავსი სხეულების აღმოჩენა პლანეტარულ თავდაცვაში ადრეული გაფრთხილების სისტემების დატესტვის საშუალებას გვაძლევს. ყოველი ასეთი ობიექტის დროულად დაფიქსირება ნიშნავს, რომ ასტეროიდთა მონიტორინგის სისტემები სულ უფრო ძლიერდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.