ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
ფოტო: Isar Aerospace
დასავლეთ ევროპის კოსმოსურ ინდუსტრიაში ახალი ეტაპი დაიწყო. გერმანულმა კომპანია Isar Aerospace-მა საკუთარი რაკეტა, 28-მეტრიანი "Spectrum", ნორვეგიის ტერიტორიიდან კოსმოსში წარმატებით გაუშვა. ის ორბიტაზე დასავლეთ ევროპის მიწიდან გაფრენილი პირველი ხომალდია.
მისია 5 სექტემბერს, ნორვეგიის კუნძულ ანდოიაზე მდებარე კოსმოსური ცენტრიდან შესრულდა. აფრენიდან სულ რაღაც შვიდ წუთში რაკეტამ დედამიწის გარშემო ელიფსურ ორბიტას მიაღწია. Spectrum-მა იქ ხუთი მცირე თანამგზავრი (cubesat) და სამეცნიერო დანიშნულების ერთი ტვირთი გაიტანა.
"ცხადია, გარკვეული წინააღმდეგობები შეგვხვდა, თუმცა ამან მხოლოდ გაგვაძლიერა და ორბიტაზე სწორედ უზარმაზარმა საინჟინრო შრომამ გაგვიყვანა", — აცხადებს პროექტის მთავარი ინჟინერი, ნიკოლაოს პერაკისი.
კომპანიისთვის ეს მეორე მცდელობა იყო. პირველ ჯერზე მისია 2025 წლის მარტში, სტარტიდან ერთ წუთში, სარქველის გაუმართაობის გამო აფეთქებით დასრულდა. განმეორებითი ფრენა იანვარში იგეგმებოდა, მაგრამ უამინდობამ და ტექნიკურმა ხარვეზმა კომპანიას ხელი შეუშალა, მათ შორის მომდევნო თვეებშიც. პრობლემები, საბოლოოდ, წარმატებით აღმოიფხვრა.
Isar Aerospace ახალ პროექტზე დიდ იმედებს ამყარებს. მას მცირე და საშუალო ზომის თანამგზავრების ბაზარზე ლიდერობა სურს. Spectrum დედამიწის დაბალ ორბიტაზე 1000 კილოგრამი ტვირთის ატანას უზრუნველყოფს. მიუნხენთან მდებარე საწარმოო ბაზა კომპანიას წელიწადში 30-ზე მეტი მსგავსი რაკეტის აწყობის საშუალებას აძლევს.
"ახლა ისტორია იწერება: Spectrum-ის Isar-ისა და ევროპის. ამ უმნიშვნელოვანესი მიღწევით უზომოდ ვამაყობ... მეორე ფრენით უდიდეს წარმატებას მივაღწიეთ, თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. მომდევნო ნაბიჯების მიმართ დიდი მოლოდინი მაქვს", — ამბობს ნიკოლაოს პერაკისი.
რუსეთის ევროპულ ნაწილში მდებარე კოსმოდრომებიდან რაკეტები ათწლეულებია, დაფრინავს, მაგრამ ეს პროგრამები აღმოსავლეთ ევროპის რეგიონსა და რუსულ სახელმწიფო ინდუსტრიას ეკუთვნის. დასავლეთ ევროპის ტერიტორიიდან კი კოსმოსში მსგავსი მისია აქამდე არასდროს შესრულებულა.
კომენტარები