ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
ფოტო: Cybernews
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებით, Apple-სა და Google-ს შეიძლება კანონის ძალით მოუწიოთ, ბავშვების სმარტფონებზე ინტიმური შინაარსის ფოტოები აკრძალონ. ტექნოლოგიურ გიგანტებთან გამართულმა მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო, რის გამოც ხელისუფლება მკაცრ საკანონმდებლო ზომებს აანონსებს. აღნიშნული ნაბიჯი 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური მედიის აკრძალვის ინიციატივას მოსდევს.
ციფრული ტექნოლოგიების, კულტურის, მედიისა და სპორტის მინისტრმა ლიზა ნენდიმ პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ მთავრობა შესაბამის კანონპროექტზე მუშაობას იწყებს. ახალი რეგულაცია 18 წლამდე ასაკის პირებს მოწყობილობებში შიშველი ფოტოების გადაღებას, გაზიარებასა და ნახვას შეუზღუდავს. სამთვიანი ვადა სამშაბათს ისე ამოიწურა, რომ კომპანიებთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ნენდის აზრით, ეს ისევ შესაძლებელია, თუმცა ფიქრობს, რომ კანონმდებლობის საჭიროება "თითქმის გარდაუვალია".
"დიდი ხანია, ტექნოლოგიური კომპანიები ბავშვებს ყველაზე უარესი საფრთხეებისგან ვერ იცავენ. გულწრფელად რომ ვთქვა, აღარ ვაპირებ მათ ნდობა გამოვუცხადო და ველოდო, რომ პროგრესი სათანადო ტემპით გაგრძელდება, მაშინ როცა ბავშვებს ზიანი ახლაც ადგებათ", — განაცხადა ლიზა ნენდიმ.
პრემიერმინისტრ ენდი ბერნემის განმარტებით, დაცვის ახალი მექანიზმები მოწყობილობებში ჩაშენდება და სტანდარტულად გააქტიურდება. შესაბამისად, სრულწლოვან მომხმარებლებს მსგავსი შინაარსის ფოტოების გადასაღებად, სანახავად ან გასაგზავნად ასაკის დადასტურება მოუწევთ. მთავრობა მსგავსი შეზღუდვების დაწესებას იმ აპლიკაციებისთვისაც გეგმავს, რომლებსაც ბავშვები აქტიურად იყენებენ.
ცნობისთვის, ყოფილი პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის, ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება ზუსტად ამ სამთვიანი ვადის მიცემა იყო Apple-ისა და Google-ისთვის, რომ უსაფრთხოების ფუნქციები დაენერგათ. ინტერნეტის მონიტორინგის ფონდის (IWF) მონაცემებით, გასულ წელს, 12 თვის განმავლობაში, დაფიქსირებული სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალების (CSAM) მეოთხედი — 140 000-ზე მეტი ფაილი — უშუალოდ ბავშვებმა შექმნეს.
"დიდ იმედგაცრუებას იწვევს ის, რომ ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ზომები სრულად არ მიიღეს. მივესალმებით მთავრობის გადამწყვეტ საკანონმდებლო ნაბიჯებს ბავშვების უსაფრთხოების დასაცავად", — აღნიშნავს ფონდის პოლიტიკის ხელმძღვანელი ჰანა სვირსკი.
ტექნოლოგიური თვალსაზრისით, რეგულაცია ე. წ. "კლიენტის მხარეს სკანირებას" (Client-side scanning) დაეყრდნობა. ამ მეთოდით პროგრამა ფაილს გაგზავნამდე ან დაშიფვრამდე უშუალოდ მომხმარებლის მოწყობილობაში ამოწმებს.
ლონდონის სამეფო კოლეჯის კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ლუკაშ ოლეინიკი ამ მიდგომას "ყველაზე ნაკლებად საზიანო" გამოსავალს უწოდებს, მაგრამ განმარტავს, რომ ეს ტექნოლოგია მომხმარებელთა მიმოწერებზე წვდომას მოიცავს. ამასთანავე, კონფიდენციალურობის დამცველები შიშობენ, რომ შეზღუდვის მოსახსნელად სრულწლოვან ადამიანებს საკუთარი ასაკის დამტკიცება მოუწევთ.
რაც შეეხება ტექნოლოგიური გიგანტების პოზიციას, Google-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მთავრობასთან მოლაპარაკებებში "პროგრესს მიაღწიეს" და არასრულწლოვანების უსაფრთხოების დასაცავად ექსპერტებთან თანამშრომლობას აგრძელებენ. Apple "კომუნიკაციის უსაფრთხოების" ფუნქციის გაძლიერებას გეგმავს, რომელიც ბავშვებს ინტიმური შინაარსის მასალის მიღების ან გაგზავნის დროს გაფრთხილებას უგზავნის.
კომენტარები