რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
Apple-ის ყოველწლიურმა პრეზენტაციამ ტექნოლოგიური სამყაროს ყურადღება კვლავ მიიპყრო. ახალი iPhone 18 Pro და iPhone 18 Pro Max მომხმარებელს უამრავ სიახლეს სთავაზობს — მეორე ნეირონული ჩიპი, ცვლადი დიაფრაგმა, რეკორდულად გამძლე ელემენტი, გაუმჯობესებული Apple Intelligence და შემცირებული დინამიკური კუნძული — ეს ის მცირე ჩამონათვალია განახლებებისა, რომელიც ახალი სმარტფონის მომხმარებლებს ელით. მეორე მხრივ, ტექნიკურ მახასიათებლებზე არანაკლებ აქტიურად საზოგადოება ახალ საფასო პოლიტიკაზე მსჯელობს.
წლევანდელი Pro სერიის საბაზისო 256-გიგაბაიტიანი მოდელის ფასი 1199 აშშ დოლარიდან იწყება, ხოლო Pro Max-ის ღირებულება — 1299 დოლარიდან. ამასთანავე, კომპანიამ პირველად შემოგვთავაზა 2-ტერაბაიტიანი მეხსიერების მქონე აიფონი. ერთი შეხედვით, ციფრები საკმაოდ მაღალია, თუმცა ამ საფასო ნიშნულის უკან რამდენიმე სერიოზული ტექნოლოგიური და ეკონომიკური მიზეზი შეიძლება იდგეს.
Bloomberg-ის ავტორიტეტული ანალიტიკოსის, მარკ გურმანის, განმარტებით, ტექნოლოგიური ბაზარი მეხსიერების ჩიპებისა და ნახევარგამტარების მწვავე დეფიციტს განიცდის. ეს გლობალური პრობლემა მთელ ინდუსტრიაზე უარყოფითად მოქმედებს. Apple-ის პირდაპირმა კონკურენტებმა, Samsung-მა და Google-მა, თავიანთი ბოლო ფლაგმანური მოდელების ფასები 100 დოლარით უკვე გაზარდეს. შექმნილი ვითარების ფონზე Apple-ისთვის iPhone-ის გაძვირება, სავარაუდოდ, გარდაუვალი ნაბიჯი აღმოჩნდა.
სინამდვილეში iPhone ერთადერთი მოწყობილობა არ არის, რომლის ღირებულებამაც მოიმატა. ორიოდე თვის წინ ტექნოლოგიურმა გიგანტმა ფასები სხვა წამყვან პროდუქტებზეც გაზარდა. მაგალითად, MacBook Air-ის ღირებულება $200-ით გაიზარდა, Mac Studio $500-ით გაძვირდა, ხოლო iPad Air-ის ფასმა 150 დოლარით მოიმატა. მთლიანობაში Mac-ისა და iPad-ის ხაზის პროდუქცია საშუალოდ 23 პროცენტით გაძვირდა, რაც სწორედ კომპონენტების შესყიდვის გაზრდილი ხარჯით იყო განპირობებული.
მომხმარებლისთვის შესამჩნევია 100-დოლარიანი ფასნამატი, მაგრამ ექსპერტები მას შედარებით ზომიერ ცვლილებად მიიჩნევენ. მეხსიერების კრიზისის სიმწვავის გათვალისწინებით, Apple გაზრდილი დანახარჯის ნაწილს საკუთარ თავზე იღებს და მას სრულად მომხმარებლებს არ აკისრებს. კომპანიამ მიმდინარე კვარტალში მოგების მარჟის შემცირების შესახებაც განაცხადა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მწარმოებელი ფასების მკვეთრ ნახტომს ერიდება. ამ გადაწყვეტილებით ტექნოლოგიურ გიგანტს სურს, iPhone-ის ღირებულება კონკურენტების საფასო დიაპაზონში შეინარჩუნოს და მომხმარებლებში საფასო შოკი აირიდოს.
მეორე მხრივ, Apple ახალ სააბონენტო სისტემაზე (Upgrade program) მუშაობს, რომელიც მაღალი საფასურით გამოწვეულ წნეხს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს. ეს პროგრამა მომხმარებელს პოტენციურად საშუალებას მისცემს, სმარტფონის ღირებულება ყოველთვიურ შენატანებად გადაანაწილოს და ყოველ წელს ახალი მოდელი მიიღოს. iPhone 14-ის ან უფრო ახალი მოდელის ჩაბარებისას Trade-in სისტემით ფასდაკლებამ შესაძლოა 1 200 დოლარსაც მიაღწიოს. ამ სვლებით კომპანია ცდილობს, ფასის ზრდა მომხმარებლისთვის მაქსიმალურად უმტკივნეულო გახადოს და ძველი მოდელების მფლობელებს განახლებისკენ უბიძგოს.
ახალი iPhone 18 Pro სერიის მოდელების წინასწარი შეკვეთა მომხმარებლებს Apple-ის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით 12 სექტემბრიდან შეეძლებათ. საქართველოში Apple-ის ოფიციალური გადამყიდველების სია შეგიძლიათ ამ ბმულზე გადაამოწმოთ.


კომენტარები