აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა
ფოტო: L3Harris
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა წარადგინა ახალი ელექტრომაგნიტური იარაღი, რომელსაც მოწინააღმდეგე სახელმწიფოების თანამგზავრების სიგნალის ჩახშობა მათი ფიზიკური განადგურების გარეშე შეეძლება.
ახალ იარაღს, რომელიც Meadowlands-ის სახელითაა ცნობილი, მტრული სახელმწიფოს თანამგზავრების მიერ რადიოტალღების გამოყენების დასაბლოკად და შესაფერხებლად გამოიყენებენ. აშშ-ის კოსმოსური ძალები აცხადებს, რომ ამის შედეგად გათიშული თანამგზავრი ვეღარ შეძლებს ხმელეთზე განლაგებულ სამხედრო ძალებთან კავშირის დამყარებასა და მონაცემების გაზიარებას.
აშშ-ის კოსმოსური ძალების ელექტრომაგნიტური საბრძოლო სისტემა Meadowlands
ფოტო: L3Harris
Meadowlands ანტენის თეფშს წააგავს, რის გამოც მისი სწრაფად გადაზიდვა როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო ტრანსპორტითაა შესაძლებელი. შესაბამისად, ელექტრომაგნიტური იარაღის იმ ზონებში განთავსება, სადაც მტრული სახელმწიფოს თანამგზავრები ოპერირებს, მაქსიმალურად სწრაფი და მარტივი ხდება. ამ ტიპის იარაღი კი აშშ-ის სამხედრო ძალებს კოსმოსში დომინირების დიდ უპირატესობას აძლევს, რადგან Meadowlands თანამგზავრებს კი არ ანადგურებს, არამედ ახშობს მათ მიერ გაგზავნილ თუ მიღებულ სიგნალებს.
არსებული საბიუჯეტო დოკუმენტაციის მიხედვით, Meadowlands-ის გასავითარებლად და დასანერგად აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა 2027 წლისთვის დაახლოებით 460 მილიონი დოლარი მოითხოვა. უწყების ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მსგავსი ტექნოლოგიები გადამწყვეტია აშშ-ის არმიის ახალი სტრატეგიისთვის, რომელიც აქცენტს კოსმოსურ შეიარაღებაზე აკეთებს.
"თანამედროვე ომში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აშშ-მა ელექტრომაგნიტური საბრძოლო სისტემების განვითარება, პროგრამული უზრუნველყოფა და პროფესიონალთა სწავლება დააფინანსოს", — აცხადებს პოლკოვნიკი ანჯელო ფერნანდესი, Mission Delta 3-ის მეთაური.
ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსმა სისტემებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 2025 წლის ივნისში ჩატარებულ ოპერაცია Midnight Hammer-ში, რომლის დროსაც აშშ-ის არმიამ ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიიტანა იერიში. ამ კონფლიქტის მიმდინარეობისას, ელექტრომაგნიტური სისტემების დახმარებით ამერიკელმა სპეციალისტებმა წარმატებით ჩაახშეს ირანის თავდაცვით სისტემებს შორის კომუნიკაცია და სიგნალები. შედეგად, ამერიკული ბომბდამშენები ირანში ისე "ჩუმად" შედიოდა და გამოდიოდა, რომ მათი უსაფრთხოება მაქსიმალურად იყო გარანტირებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ-ის კოსმოსური ძალების მოქმედი მეთაურის განცხადებით, ეს შესაძლებლობები ირანთან მიმდინარე კონფლიქტშიც გამოიყენებოდა. როგორც ცნობილია, მაღალი ინტენსივობის კოსმოსური ელექტრომაგნიტური იერიშები ოპერაცია Epic Fury-ის პირველივე დღეს განხორციელდა.
მეტიც, აშშ-ის კოსმოსური ძალები ელექტრომაგნიტურ სისტემებს 2019 წლიდან — დაარსების დღიდან ავითარებს. ამასთანავე, თანამგზავრულ დაზვერვასა და კომუნიკაციის სისტემებს უფრო და უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვე საბრძოლო მოქმედებებში. შესაბამისად, მოწინააღმდეგე სახელმწიფოებისთვის კოსმოსით სარგებლობის შესაძლებლობის შეზღუდვა მთელი მსოფლიოსთვის სასიცოცხლო პრიორიტეტს წარმოადგენს.
კომენტარები