AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
ფოტო: washingtonpost
ტრადიციულად, წიგნებს ორი დანიშნულება ჰქონდა: წაკითხვა და თაროზე ლამაზად დება. და, აი, ახლა AI კომპანიებს არცერთი მათგანი არ აინტერესებთ.
404 Media-ს თანახმად, მათთვის, ვინც დიდ ენობრივ მოდელებს (LLM) ქმნის, წიგნები სხვა არაფერია, თუ არა მასალა, რომელიც მასობრივად უნდა შთანთქონ და შემდეგ მათგან გათავისუფლდნენ. ხშირად, ისინი სიამოვნებით იყენებენ ციფრულ წიგნებს — ან, კიდევ უფრო უკეთესი, მეკობრულ ციფრულ წიგნებს, რაშიც Meta-ს სდებენ ბრალს და რის გამოც Anthropic იძულებული გახდა, ავტორებისთვის 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაცია გადაეხადა.
ასევე: საავტორო უფლებების დარღვევისთვის Anthropic მწერლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
ბევრმა კომპანიამ, მათ შორის Anthropic-მა, სანაცვლოდ ფიზიკური წიგნების "შთანთქმაზე" გადაინაცვლა, რადგან მათ უამრავი მეორადი ეგზემპლარის იაფად ყიდვა შეუძლიათ. სასამართლო დავის ფარგლებში მიღწეული შეთანხმების თანახმად, Anthropic იყენებდა ჰიდრავლიკურ საჭრელ მანქანას, რათა წიგნის გადამყიდველებისგან მოპოვებული წიგნებიდან ფურცლები სუფთად ამოეჭრა, შემდეგ კი მათ ინდუსტრიული დონის სკანერებით ასკანირებდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის საკუთარი AI-ის გასაწვრთნელად ავტორების წიგნებს პირდაპირი გაგებით ხევდა.
რატომ ხდება ეს? წიგნებს ფიზიკურად იმიტომ ანადგურებენ, რომ მათი სწრაფად და იაფად დასკანერება შეძლონ. ამისთვის წიგნს ყდას აჭრიან, გვერდებს ერთმანეთისგან აცალკევებენ და სპეციალურ სამრეწველო სკანერში ატარებენ. ამ პროცესის შემდეგ წიგნის თავიდან აკინძვა პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ მისი ფიზიკური ეგზემპლარი ნადგურდება, ხოლო AI-ის გასაწვრთნელად მხოლოდ ციფრული ვერსია რჩება.
ეს პროცესი ეყრდნობოდა სამართლებრივ პრინციპს, რომელსაც "პირველი გაყიდვის დოქტრინა" ეწოდება. მისი მიხედვით, ნივთის შეძენის შემდეგ მყიდველს უფლება აქვს, ის საკუთარი სურვილისამებრ გამოიყენოს და ამისთვის საავტორო უფლებების მფლობელის თანხმობა არ სჭირდება.
გარდა ამისა, რადგან Anthropic წიგნების ფიზიკურ ეგზემპლარებს ციფრულ ფორმატში გარდაქმნიდა და მათ ახალ ასლებად არ ავრცელებდა, მოსამართლემ ეს "ტრანსფორმაციულ გამოყენებად" მიიჩნია, რაც აშშ-ის საავტორო სამართლის მიხედვით "კეთილსინდისიერი გამოყენების" პრინციპით არის დაცული.
და, აი, ახლა, როგორც 404 Media იუწყება, ეს პრაქტიკა იმდენად გავრცელდა, რომ უკვე კარგად დამკვიდრებული წიგნის გამყიდველებიც კი ცდილობენ AI ბუმით ფულის შოვნას. ერთ-ერთი მათგანი, სახელად ISBNdb, რომელიც "მსოფლიოს უდიდესი წიგნების მონაცემთა ბაზით" იწონებს თავს, აცხადებს, რომ "მსოფლიოში საუკეთესო AI საწვრთნელი მონაცემები თაროზე დევს"; ის ამ ფიზიკურ ტექსტებს ისეთ მასალად მიიჩნევს, რომელიც არ არის დაბინძურებული AI-ის მიერ დაწერილი უხარისხო ტექსტებით, რამაც უკვე წალეკა ინტერნეტის უდიდესი ნაწილი (და, რა თქმა უნდა, უფრო ახალი წიგნებიც).
"LLM-მდელ ეპოქაში დაბეჭდილი წიგნები სტრუქტურულად (გარანტირებულად) თავისუფალია ამ დაბინძურებისგან. მხოლოდ ესეც კი მნიშვნელოვანი უპირატესობაა", — განმარტავს პლატფორმა თავის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელსაც 404 Media ციტირებს.
მართლაც, ამ თარიღამდე (2022 წლამდე) გამოცემული ფიზიკური წიგნები სტრუქტურულად სუფთაა თანამედროვე "დამაბინძურებელი" ინსტრუმენტებისგან, ანუ ხელოვნური ინტელექტისგან.
404 Media-ს ცნობით, ISBNdb, რომელიც წარსულში ბიბლიოთეკებს, დისტრიბუტორებსა და წიგნის მაღაზიებს წიგნების მოძიებასა და გაყიდვაში ეხმარებოდა, ახლა AI კომპანიებს ერთ შეკვეთაში 1 000-დან ერთ მილიონამდე წიგნის საბითუმოდ შეძენაში უწყობს ხელს.
დამატებითი ბონუსის სახით, ის AI კომპანიებს ჰპირდება, რომ მათ შესყიდვებს საიდუმლოდ შეინახავს — რადგან ცხადია, არავის სურს, რომ Anthropic-ისა და Meta-ს მსგავსად ყურადღების ცენტრში მოექცეს — და ამავდროულად, აშკარად აცნობიერებს, თუ რა წარმოუდგენლად უცნაურად ჟღერს ეს პრაქტიკა.
"იმიჯის პრობლემა რეალურია. წარმოიდგინეთ სათაური 'AI კომპანია ორ მილიონ წიგნს ანადგურებს'. ეს არც ისე საიმიჯოა", — ვკითხულობთ ISBNdb-ის საიტზე.
წიგნების ერთ-ერთმა მცირე გამყიდველმა თქვა, რომ აპრილში მისი გაყიდვები კვირაში მაქსიმუმ 20 წიგნიდან უეცრად ასეულობით ეგზემპლარამდე გაიზარდა და თითქმის დარწმუნებულია, რომ მისი მომხმარებლები AI ლაბორატორიები არიან, რადგან წიგნების შერჩევა შემთხვევითი ხასიათისაა და ყველა მათგანს ISBN კოდი აქვს. მან დასძინა, რომ მისი მარაგი სავსეა იშვიათი და ისეთი წიგნებით, რომლებიც აღარ იბეჭდება, რაც იმას ნიშნავს, რომ AI კომპანიამ, შესაძლოა, ის იშვიათი შემორჩენილი ეგზემპლარებიც გაანადგუროს, რომელთა პოვნაც ჯერ კიდევ შეიძლება.
"პირადად მე ამ ყველაფერთან დაკავშირებით გაორებული განცდა მაქვს", — განუცხადა წიგნის გამყიდველმა 404 Media-ს. "ეს ფინანსურად მომგებიანია და თან ძველი მარაგისგან მათავისუფლებს, რომელიც სხვა შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ვერ გაიყიდებოდა. ჩემი მარაგი, რომელიც უცხოეთიდან ჩამოტანილი და უცხოენოვანი წიგნებისგან შედგება, ამ ტიპის გაყიდვებისთვის ზედგამოჭრილია. მეორე მხრივ, არ მომწონს წიგნების საბოლოო დანიშნულება და ის ფაქტი, რომ იშვიათ წიგნებს აქუცმაცებენ."
საფრთხის წინაშე, შესაძლოა, კიდევ ბევრი ანტიკვარული წიგნი აღმოჩნდეს. 404 Media აღნიშნავს, რომ ნიდერლანდებში იშვიათი წიგნების გამყიდველები მასობრივი შესყიდვების ტალღას აწყდებიან; მათი აზრით, ამის უკან AI კომპანიები დგანან, თუმცა დანამდვილებით ამის თქმა არ შეუძლიათ.
მსგავსი ეჭვები მთელ ინდუსტრიაში ჩნდება. ISBNdb-ის მსგავსი სერვისები ასეთ მასობრივ შეკვეთებს ამარტივებს და, დაპირებისამებრ, AI მყიდველების ანონიმურობას ინარჩუნებს. შესაძლოა, არსებობდეს ძლიერი მინიშნებები იმისა, რომ საბითუმო შეკვეთა AI ლაბორატორიისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ წიგნის გამყიდველებს, უმეტესწილად, მხოლოდ ვარაუდი შეუძლიათ.
კომენტარები