კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
ფოტო: West Tennessee Medical Group
სიმსივნე ჩნდება, როდესაც ჩვენს დნმ-ში შეცდომები, ანუ მუტაციები, გროვდება. ეს მუტაციები უჯრედების ზრდას აჩქარებს. ამის გამო, უჯრედი იმ სიგნალებს აღარ ემორჩილება, რომლებიც ჩვეულებრივ დაზიანებულ უჯრედს იქამდე გაანადგურებდა, სანამ ის ორგანიზმს ავნებდა. გარემო ფაქტორები, მაგალითად, სიგარეტის კვამლი ან მზის შუქი, დნმ-ის დაზიანების მასშტაბზე გავლენას ახდენს. მემკვიდრეობით გენეტიკურ ცვლილებებს კი დაგროვებული მუტაციების რაოდენობის შეცვლა შეუძლია.
ერთსა და იმავე გარემოს რისკ-ფაქტორების ზემოქმედების ქვეშ მყოფ ყველა ადამიანს კიბო არ უვითარდება. მწეველთა უმეტესობას ფილტვის კიბო არ უჩნდება, თუმცა ზოგიერთ არამწეველს უვითარდება. ამის მიზეზი, თითქმის დანამდვილებით, ჩვენს მემკვიდრეობით გენეტიკურ სტრუქტურას უკავშირდება. თუმცა, პაციენტთა კოჰორტულ კვლევებში პირდაპირი მტკიცებულების პოვნა რთული აღმოჩნდა. კიბოს რისკზე მემკვიდრეობითი გენეტიკური სხვაობების გავლენაზე არაერთმა კვლევამ მიუთითა, მაგრამ ამ კავშირის დამტკიცება გართულდა. ეს იმიტომ, რომ ინდივიდები ცხოვრების წესით, გარემოთი და ზემოქმედების ისტორიით განსხვავდებიან.
ჟურნალ Nature-ში თაგვებზე ჩატარებული კვლევა გამოქვეყნდა. ის მიუთითებს, რომ კიბოს მკურნალობის ისეთ მეთოდებზე რეაგირება, რომლებიც დნმ-ს აზიანებს, პაციენტის გენეტიკური ფონის მიხედვით, შესაძლოა, განსხვავდებოდეს. ეს კი მკურნალობისადმი უფრო პერსონალიზებული მიდგომის საჭიროებას ამყარებს. აღნიშნული კვლევა კემბრიჯის უნივერსიტეტს, ედინბურგის უნივერსიტეტსა და ევროპისა თუ აშშ-ის სხვა ინსტიტუციებს შორის მრავალწლიანი საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგია, რომელსაც პროფესორი დანკან ოდომი, დოქტორი სარა აიტკენი და პროფესორი მარტინ ტეილორი თანახელმძღვანელობდნენ.
ექსპერიმენტებში, რომლებიც ძირითადად კემბრიჯის უნივერსიტეტის გაერთიანებული სამეფოს კიბოს კვლევის ცენტრის (CRUK) კემბრიჯის ინსტიტუტში ჩატარდა, მეცნიერებმა ექსპერიმენტული მიდგომა შეიმუშავეს, რამაც მათ საშუალება მისცა გარემო ფაქტორები ექსპერიმენტულად გაეკონტროლებინათ და ეჩვენებინათ, რომ გენეტიკურ ფონს შეუძლია სიმსივნის წარმოქმნისა და განვითარების პროცესი შეცვალოს.
გუნდმა ღვიძლის კიბოს მიმართ განსხვავებული მიდრეკილების მქონე თაგვების ოთხი შტამი გამოიყვანა. ამით მკვლევრებმა გენეტიკური მრავალფეროვნების ის დონე მოიცვეს, რომელიც ადამიანებში გვხვდება. შემდეგ თაგვებზე ღვიძლის კანცეროგენის, დიეთილნიტროზამინის (DEN), ერთი დოზით იმოქმედეს. DEN თამბაქოს კვამლსა და ზოგიერთ გადამუშავებულ საკვებში გვხვდება. ცნობილია, რომ ის ღვიძლის უჯრედებში დნმ-ის დაზიანებას იწვევს. ეს დაზიანება კი ისეთი მუტაციების მიზეზი ხდება, რომლებსაც სიმსივნის ზრდის ინიცირება შეუძლია.
იმის გამო, რომ კონტროლირებად პირობებში ყველა თაგვმა ერთსა და იმავე ასაკში (15 დღე) ერთი და იგივე დოზა მიიღო, მკვლევრებმა გარემოს ვარიაციების გამორიცხვა შეძლეს, რაც ადამიანებზე დაკვირვებისას კვლევებს ართულებს.
ამის შემდეგ, მათ თითქმის 600 სიმსივნის დნმ-ის მიმდევრობა დაადგინეს და განვითარებული გენური აქტივობა გააანალიზეს. მათ ის თაგვებიც შეისწავლეს, რომლებსაც კანცეროგენი არ მიუღიათ, რათა შტამებს შორის სიმსივნის სპონტანური ფორმირება შეედარებინათ. ამ მონაცემების გამოყენებით, მკვლევრებმა შეძლეს აღედგინათ, თუ როგორ განვითარდა თითოეული სიმსივნე მისი თავდაპირველი, კიბოს გამომწვევი მუტაციიდან.
თაგვის ყველა შტამში კიბომ თითქმის ყოველთვის ისეთი მამოძრავებელი მუტაცია შეიძინა, რომელმაც კიბოს ხელშემწყობი ერთი და იგივე სასიგნალო სისტემა გაააქტიურა. ამას MAPK სასიგნალო გზა ეწოდება. ეს მოლეკულური სიგნალების მრავალსაფეხურიანი კასკადია, რომელიც მნიშვნელოვან სასიცოცხლო პროცესებს აკონტროლებს, მათ შორის უჯრედების ზრდასა და დიფერენციაციას, და კიბოს მრავალ ტიპში ძირითად როლს ასრულებს.
თაგვის მემკვიდრეობითი გენეტიკიდან გამომდინარე, შეძენილმა კონკრეტულმა მამოძრავებელმა მუტაციამ კიბოსთან დაკავშირებული სხვა სასიგნალო გზების აქტივობა შეცვალა და მთლიანი გენომის დუპლიკაციის (მოვლენა, როდესაც ქრომოსომების მთელი ნაკრები ორმაგდება) თვალშისაცემი ტენდენციაც გამოიწვია.
"კიბო სრულიად შემთხვევით არ ჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ სიმსივნეები ხშირად ერთსა და იმავე ბიოლოგიურ საბოლოო წერტილს აღწევს, ამ წერტილამდე მისასვლელი გზა ინდივიდის გენეტიკური ფონით განისაზღვრება. ჩვენ პირველად შევძელით გვეჩვენებინა, რა მასშტაბის გავლენა აქვს გენეტიკურ ფონს როგორც მუტაციის პროცესებზე, ისე სიმსივნის განვითარებამდე მიმავალ გზებზე", — განაცხადა კვლევის მთავარმა ავტორმა, პროფესორმა დანკან ოდომმა, რომელიც კვლევას CRUK-ის კემბრიჯის ინსტიტუტში ყოფნისას ხელმძღვანელობდა, ახლა კი გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში, გერმანიის კიბოს კვლევის ცენტრში (DKFZ) მოღვაწეობს.
მკვლევრების თქმით, ამ მიგნებებს კიბოს სკრინინგისა და ზუსტი მედიცინისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
"თუ გენეტიკური ფონი გავლენას ახდენს როგორც კიბოს რისკზე, ისე სიმსივნეების ევოლუციურ ტრაექტორიაზე, კიბოს პრევენციისა და სკრინინგის სამომავლო სტრატეგიებს მემკვიდრეობითი გენეტიკისა და პოპულაციის მრავალფეროვნების გათვალისწინება მოუწევს", — თქვა კვლევის ავტორმა, იელის მედიცინის სკოლის ასისტენტ-პროფესორმა, სარა აიტკენმა — "ანალოგიურად, ის, თუ როგორ რეაგირებენ ადამიანები კიბოს სამკურნალო მედიკამენტებზე, სავარაუდოდ, მათი მემკვიდრეობითი გენეტიკის მიხედვით განსხვავდება, ამიტომ, შესაძლოა, ჩვენი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაბამისად მორგება დაგვჭირდეს".
"ეს კვლევა საინტერესო მინიშნებას გვაძლევს, რომ ჩვენს მემკვიდრეობით მიღებულ გენებს შეიძლება დიდი გავლენა ჰქონდეს იმაზე, როგორ ვითარდება კიბო დნმ-ის დაზიანების შემდეგ. სანამ გავიგებთ, ადამიანებისთვის ეს რას ნიშნავს, ჯერ კიდევ მეტი კვლევაა საჭირო, მაგრამ ამ მიგნებამ ჩვენი წარმოდგენა კიბოს დაწყების შესახებ შეიძლება შეცვალოს და კიბოსთან ბრძოლის უფრო მძლავრ და ზუსტ გზებამდე მიგვიყვანოს", — თქვა CRUK-ის კვლევითი ინფორმაციის ხელმძღვანელმა, დოქტორმა სემ გოდფრიმ.
კომენტარები