ორშაბათს, 27 ივლისს, "დაბნელების სეზონი" დაიწყო. ეს არის იმ პერიოდის დასაწყისი, როდესაც დედამიწა, მთვარე და მზე ერთმანეთის მიმართ საკმარისად ზუსტად სწორდებიან იმისათვის, რომ დაბნელება მოხდეს. ეს 35-დღიანი ფანჯარა, რომელიც 27 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება, წლის ორ ყველაზე მასშტაბურ ასტრონომიულ მოვლენას მოიტანს: მზის სრულ დაბნელებას 12 აგვისტოს და მთვარის გამორჩეულად ღრმა ნაწილობრივ დაბნელებას 27-28 აგვისტოს. მიუხედავად იმისა, რომ დაბნელებები შეიძლება შემთხვევით მოვლენებად ჩანდეს, ისინი ყოველთვის ამ პროგნოზირებადი დაბნელების სეზონების დროს ხდება, რომლებიც დაახლოებით ყოველ ექვს თვეში ერთხელ მეორდება.

მზის სრული დაბნელება დალასში, ტეხასის შტატში, 2024 წლის 8 აპრილს

ფოტო: NASA/Keegan Barber

  • დაბნელებები ხდება, რადგან მზე მთვარეზე დაახლოებით 400-ჯერ დიდია, თუმცა ამავე დროს 400-ჯერ უფრო შორს მდებარეობს;
  • მთვარის ორბიტა დედამიწის გარშემო ეკლიპტიკის (ცის სფეროზე მზის მოძრაობის ტრაექტორია) მიმართ ოდნავ დახრილია. ეს ნიშნავს, რომ მთვარე ყოველ ორბიტაზე ეკლიპტიკას ორჯერ კვეთს. თუ მზე ამ გადაკვეთის ერთ-ერთ წერტილშია, დაბნელება ხდება;
  • 27 ივლისიდან 31 აგვისტომდე მზე იმ წერტილებს უახლოვდება, სადაც მზისა და მთვარის ცის სფეროზე გავლის ტრაექტორიები იკვეთება. ეს არის დაბნელების სეზონი, რომელიც დაახლოებით ყოველ 173 დღეში ერთხელ ხდება და ჩვეულებრივ 34-დან 38 დღემდე გრძელდება;
  • სეზონის მთავარი მოვლენაა მზის სრული დაბნელება 12 აგვისტოს, როდესაც ახალი მთვარე მზის პირდაპირ წინ, ვიწრო ტრაექტორიაზე გაივლის, რომელიც აღმოსავლეთ გრენლანდიას, დასავლეთ ისლანდიას, პორტუგალიასა და ჩრდილოეთ ესპანეთს გადაკვეთს. მზის ნაწილობრივი დაბნელება ასევე ხილული იქნება ევროპის დიდი ნაწილის, ჩრდილოეთ აფრიკის, ჩრდილოეთ ატლანტისა და ჩრდილოეთ ამერიკის ნაწილების ტერიტორიაზე;
  • ამის შემდეგ, ორ კვირაზე ოდნავ მეტში, 27-28 აგვისტოს, იმავე დაბნელების სეზონში მთვარის ღრმა ნაწილობრივი დაბნელება მოხდება, როდესაც სავსე მთვარის 96% დედამიწის მუქ ცენტრალურ ჩრდილში მოექცევა. მიუხედავად იმისა, რომ მთვარე მთლიანად არ დაბნელდება, მისი ზედაპირის დაახლოებით 96% სპილენძისფერ და წითელ ელფერს მიიღებს, რაც მას თითქმის "სისხლიანი მთვარის" იერს მისცემს.

რა არის დაბნელების სეზონი?

ამ კვირის ახალმთვარეობა მნიშვნელოვანია, რადგან ის იმავე მთვარის ციკლს ეკუთვნის, რომელიც აგვისტოს მზის სრულ დაბნელებას წარმოქმნის. ახალმთვარეობების უმეტესობა დაბნელებებს არ ქმნის, რადგან მთვარის ორბიტა დედამიწის მზის გარშემო ორბიტასთან შედარებით დაახლოებით ხუთი გრადუსითაა დახრილი. ჩვეულებრივ, ჩვენს ცაზე ახალი მთვარე მზის ოდნავ ზემოთ ან ქვემოთ ჩანს. მზე მთვარის ორბიტის გადაკვეთის ორ წერტილს (მთვარის კვანძებს) მხოლოდ დაბნელების სეზონის დროს იმდენად უახლოვდება, რომ დედამიწა, მთვარე და მზე დაბნელებების შესაქმნელად ზუსტად ერთ ხაზზე დგებიან. ერთ-ერთი კვანძის მახლობლად მომხდარმა ახალმთვარეობამ შეიძლება მზის დაბნელება წარმოქმნას. დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, საპირისპირო კვანძზე გავლილმა სავსემთვარეობამ შეიძლება მთვარის დაბნელება შექმნას.

რატომ ხდება მზისა და მთვარის დაბნელებები წყვილებად

როგორც კი დაბნელების სეზონი იწყება, მას თითქმის ყოველთვის ორი დაბნელება მოსდევს, ზოგჯერ კი სამიც. პირველი 12 აგვისტოს მოხდება, როდესაც მზის სრული დაბნელება გრენლანდიის, ისლანდიის, პორტუგალიისა და ჩრდილოეთ ესპანეთის ნაწილებს მცირე ხნით დღისით სიბნელეში მოაქცევს. სრული დაბნელების ტრაექტორიის გასწვრივ დამკვირვებლები მზის გვირგვინს დაინახავენ, რომელიც მთვარის სილუეტის გარშემო ანათებს; ეს მოვლენა ბუნების ერთ-ერთ უდიდეს სანახაობად ითვლება. 12 აგვისტოს სრული დაბნელება მაქსიმუმ 2 წუთსა და 18 წამს გაგრძელდება. ეს არის მზის პირველი სრული დაბნელება 2024 წლის 8 აპრილის შემდეგ, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში დაფიქსირდა. იგივე ორბიტალური განლაგება დაახლოებით ორი კვირის შემდეგ მთვარის დაბნელებას განაპირობებს, როდესაც დედამიწა პირდაპირ მზესა და სავსე მთვარეს შორის გაივლის და თავის ჩრდილს მთვარის ზედაპირზე დაფენს. იშვიათ შემთხვევებში, დაბნელების სეზონებმა შეიძლება სამი დაბნელება მოიტანოს, თუმცა უმეტესად ის მზისა და მთვარის თითო დაბნელებას მოიცავს.

მზის ნაწილობრივი დაბნელება აშშ-ის კონგრესის შენობის მიღმა 2021 წლის 10 ივნისს, ხედი არლინგტონიდან, ვირჯინიის შტატი

ფოტო: NASA/Bill Ingalls

მთვარის ღრმა ნაწილობრივი დაბნელება

აქამდე ყურადღების უდიდესი ნაწილი 12 აგვისტოს მზის სრული დაბნელებისკენ იყო მიმართული, თუმცა მის კვალდაკვალ მნიშვნელოვანი მთვარის დაბნელება მოდის. 27-28 აგვისტოს ღამით, სავსე "ზუთხის მთვარის" (Sturgeon Moon) 96%-ზე ოდნავ მეტი დედამიწის სრულ ჩრდილში მოექცევა და პირდაპირ მზის შუქზე მხოლოდ თხელ ნამგალს დატოვებს. მთვარის დარჩენილი ნაწილი ნარინჯისფერ, სპილენძისფერ და მუქ წითელ ფერებს მიიღებს, როდესაც მზის შუქი დედამიწის ატმოსფეროში გაიფილტრება. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად ეს მთვარის სრული დაბნელება არ არის, ის კლასიკურ "სისხლიან მთვარეს" ძალიან დაემსგავსება და მოსალოდნელია, რომ ის 2028 წლის 31 დეკემბრის მთვარის სრულ დაბნელებამდე მთელ მსოფლიოში ხილული ყველაზე შთამბეჭდავი მთვარის დაბნელება იქნება. მისი დანახვა შესაძლებელი იქნება ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ ამერიკაში, ევროპასა და აფრიკაში, ხოლო ამერიკის კონტინენტებზე საუკეთესო პირობები იქნება, რადგან მთელი მოვლენა ღამით განვითარდება, როცა მთვარე ღამის ცაზე მაღლა იქნება. ნაწილობრივი ფაზა დაახლოებით 3 საათსა და 27 წუთს გასტანს.

საქართველოში დაბნელებებს ვერ დავინახავთ

საქართველო მზის დაბნელების ბილიკს მთლიანად სცდება. ამასთან, მაქსიმალური დაბნელება 17:47-ზე UTC-ით მოხდება, რაც თბილისის დროით 21:47-ია, ანუ ამ დროისთვის საქართველოში უკვე ღამეა და მზეც ცაზე აღარ იქნება. 27-28 აგვისტოს მთვარის დაბნელებაც ფაქტობრივად უხილავი დარჩება — მთვარის დედამიწის ჩრდილში შესვლა თბილისის დროით 06:33-ზე იწყება, სწორედ მზის ამოსვლის დროს, როცა მთვარეც უკვე ჰორიზონტთან ახლოსაა და მალევე ჩადის.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.