აშშ ჩინური ჰუმანოიდისა და ოთხფეხა რობოტების იმპორტს კრძალავს
ფოტო: VCG/Getty Images
ჩინეთი, რომელიც მსოფლიოს ჰუმანოიდი რობოტების უდიდეს ნაწილს აწვდის, მოულოდნელად თავის უმსხვილეს საექსპორტო ბაზარს მოწყდა, რადგან აშშ-ის მთავრობა უცხოურ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს.
სამშაბათს ტრამპის ადმინისტრაციამ უცხოელი მწარმოებლებისგან ახალი ჰუმანოიდი და ოთხფეხა რობოტების იმპორტი აკრძალა და განაცხადა, რომ ისინი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის "მიუღებელ რისკებს" წარმოადგენენ. აკრძალვა ასევე დენის გარდამქმნელებზეც ვრცელდება, რომლებიც განახლებადი ენერგიის ინფრასტრუქტურისა და ბატარეების ელექტროქსელთან დასაკავშირებლად გამოიყენება.
ახალი შეზღუდვები, რომლებიც უკვე გამოყენებაში არსებულ მოდელებს არ ეხება, ვაშინგტონის მორიგი მცდელობაა, მოწინავე ტექნოლოგიებსა და AI-ში დომინირებისთვის ჩინეთთან გამწვავებული მეტოქეობის ფონზე, შიდა ინდუსტრიები და მიწოდების ჯაჭვი გააძლიეროს და დაიცვას. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი აშშ-ს უახლესი AI მოდელების განვითარებაში ჩამორჩებოდა, ბოლო თვეებში სულ უფრო მძლავრი ჩინური მოდელების გამოჩენამ ვაშინგტონი და სილიკონის ველი შეაშფოთა.
EngineAI T800 ჰუმანოიდი რობოტები, საწარმოო ხაზიდან გამოსვლის შემდეგ, ჩინეთის ქალაქ ჟენჟოუს საწარმოო ობიექტზეა გამოფენილი, 2026 წლის 24 ივლისს
ფოტო: VCG/Getty Images
ანალიტიკოსების თქმით, ჩინეთმა წარმოების მასშტაბისა და პროდუქტების სწრაფი კომერციალიზაციის უნარის წყალობით, უპირატესობა AI სამომხმარებლო აპლიკაციებსა და AI-ით აღჭურვილ აპარატურაშიც, მათ შორის რობოტებში, მოიპოვა.
"ამ მოწყობილობებმა, შესაძლოა, მიწოდების ჯაჭვის მოწყვლადობა შექმნას, რამაც შეიძლება აშშ-ის ეკონომიკურ და ეროვნულ უსაფრთხოებას ხელი შეუშალოს და კიბერუსაფრთხოების რისკი შექმნას, რომელიც ამერიკის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დაემუქრება", — ნათქვამია კომუნიკაციების ფედერალური კომისიის (FCC) განცხადებაში.
FCC-ის გადაწყვეტილება ორშაბათს თეთრი სახლის მიერ მოწვეული უწყებათაშორისი ორგანოს ეროვნული უსაფრთხოების დასკვნას დაეფუძნა. დასკვნაში წერია, რომ ინტერნეტთან დაკავშირებულმა რობოტებმა, შესაძლოა, მონაცემთა კონფიდენციალურობის რისკები და კიბერუსაფრთხოების მოწყვლადობა გამოიწვიოს. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა მსგავსი შეშფოთება, აშშ-ში ჩინური წარმოების ელექტრომობილების გაყიდვის დაბლოკვის მიზნით, ადრეც გამოთქვეს.
რობოტები "აგროვებს მონაცემებს, რომლებიც შეიძლება ბოროტმოქმედმა აქტორებმა ამერიკელებზე სათვალთვალოდ გამოიყენონ, უცხოური დაზვერვის სამსახურების შესაძლებლობების გასაძლიერებლად, ან რობოტების დისტანციურად სამართავად", — აღნიშნულია გადაწყვეტილების დოკუმენტში.
საპასუხოდ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მაო ნინგმა განაცხადა, რომ "ჩინური კომპანიების ჩასახშობად აშშ-ის მიერ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ბოროტად გამოყენების პრაქტიკას" პეკინი მუდმივად ეწინააღმდეგებოდა და პირობა დადო, რომ საკუთარი ინტერესების დასაცავად "აუცილებელ ზომებს მიიღებს".
"პროტექციონიზმი აშშ-ის კონკურენტუნარიანობას არ გაზრდის; ის მხოლოდ ამერიკული ბიზნესისა და მომხმარებლების ინტერესებს დააზარალებს", — განაცხადა მან ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ხუთშაბათს ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ აშშ "ცალმხრივ ჩაგვრასა" და "ბაზრის დამახინჯებაში" დაადანაშაულა და ვაშინგტონს მოუწოდა, აკრძალვა დაუყოვნებლივ გააუქმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საპასუხო ზომებით დაიმუქრა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც FCC უცხოურ ტექნოლოგიებს, განსაკუთრებული აქცენტით ჩინურ ბიზნესზე, კრძალავს. გასული წლის დეკემბერში მან უცხოური წარმოების დრონებზე მსგავსი შეზღუდვები დააწესა, რითაც აშშ-ის ბაზარს კიდევ ერთი ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი DJI ფაქტობრივად ჩამოაშორა.
სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში ჩინეთის ჰუმანოიდი რობოტების ინდუსტრია, 140-ზე მეტი მწარმოებლითა და სწრაფად მზარდი მიწოდების ჯაჭვით, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ სტრატეგიულ სექტორად იქცა. იურიდიული კვლევების პლატფორმა LexisNexis-ის მიერ სამშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში, პატენტების სიძლიერით მსოფლიოს საუკეთესო 10 ჰუმანოიდ სტარტაპს შორის ექვსი ჩინეთიდან იყო. პირველი ხუთი ადგილი ჩინელმა მწარმოებლებმა დაიკავეს, რომლებსაც სან-ხოსეში დაფუძნებული Figure AI და გერმანული Agile Robots მოსდევს.
გასულ წელს, გლობალური მიწოდების 90% ჩინურ კომპანიებზე მოდიოდა, მაშინ, როცა ამერიკულ კონკურენტებს, როგორიცაა Tesla და Figure AI, მასობრივი წარმოების დაწყება უჭირთ. ტექნოლოგიური კვლევითი ფირმა Interact Analysis-ის მონაცემებით, აშშ, მსოფლიოში უმსხვილესი სამომხმარებლო ბაზარი, გასულ წელს ასევე ჩინური წარმოების ანდროიდების უდიდესი უცხოური დანიშნულების ადგილი იყო.
ინფოგრაფიკა: მსოფლიოს ჰუმანოიდი რობოტების წარმოებისა და მიწოდების განაწილება ქვეყნების მიხედვით, 2025 წელს
ფოტო: NEXT.on.ge
გასულ თვეში აშშ-ის ტექნოლოგიურმა გიგანტმა Nvidia-მ განაცხადა, რომ კვლევისა და განვითარების მიზნით, ჩინეთის ერთ-ერთ წამყვან ჰუმანოიდი რობოტების მწარმოებელთან, Unitree-სთან ითანამშრომლებდა. თუმცა იმავე თვეში აშშ-ის მთავრობამ Unitree ჩინეთის სამხედრო ძალებთან კავშირის გამო პოტენციურ უსაფრთხოების რისკად გამოაცხადა და თავდაცვის დეპარტამენტთან რაიმე კონტრაქტის გაფორმება აუკრძალა.
ბაზრის ანალიზის ფირმა Counterpoint Research-ის მთავარი ანალიტიკოსი სუმენ მანდალი აღნიშნავს, რომ დროის შერჩევა, სავარაუდოდ, შემთხვევითი არ არის, რადგან რამდენიმე ჩინური ჰუმანოიდების მწარმოებელი, მათ შორის Unitree, წელს აქციების პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის (IPO) ემზადება.
"ამერიკული კომპანიები, როგორიცაა Tesla, Figure და Boston Dynamics, ამ სიახლით დიდ სარგებელს მიიღებენ", — თქვა მან.
Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ზაკერბერგმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობამ ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების რბოლაში უპირატესობის მოსაპოვებლად ჩინური ხელოვნური ინტელექტი არ უნდა დაბლოკოს. მან თქვა, რომ აშშ-ის მიერ ჩინური AI მოდელების აკრძალვა "ეფექტიანი გამოსავალი" არ იქნება, და აღნიშნა, რომ ამის ნაცვლად ამერიკულმა კომპანიებმა ჩინურ AI ფირმებთან უკეთესი კონკურენციისთვის საკუთარი შეფერხებები და დაბრკოლებები "სისტემატურად" უნდა გამოავლინონ. მისი ეს კომენტარი დაემთხვა ვაშინგტონში მიმდინარე მწვავე დებატებს იმის შესახებ, აშშ-მა სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგია როგორ უნდა დაარეგულიროს და სულ უფრო დახვეწილ ჩინურ კონკურენციას როგორ უპასუხოს.
ჩინური ფირმებისთვის აკრძალვა მოკლევადიან პერსპექტივაში, სავარაუდოდ, აშშ-ში გაყიდვებს შეაფერხებს, განაცხადა ლიან ჯიე სუმ, კვლევითი ფირმა Omdia-ს მთავარმა ანალიტიკოსმა, რომელიც AI-სა და ჰუმანოიდ რობოტებზე ფოკუსირდება. მაგრამ ის მოელის, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის ხანგრძლივი გეოპოლიტიკური დაძაბულობის გათვალისწინებით, საერთო გავლენა "მინიმალური" იქნება.
"ისინი აშშ-ის ბაზარზე რეალისტურად აფასებდნენ თავიანთ შესაძლებლობებს და ამჟამინდელი აკრძალვა მათ მოლოდინებში გათვალისწინებულია", — თქვა მან და დასძინა, რომ ბევრი ჩინელი მიმწოდებელი თავის მთავარ დანიშნულების ადგილად ევროპას განიხილავს — "ალტერნატივების ამჟამინდელი დეფიციტის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აკრძალვამ მათ ზრდის ტრაექტორიას ზიანი მიაყენოს".
- Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს
- ჰუმანოიდი რობოტები ბრძოლის ველზე — რეალობა თუ ფანტასტიკა?
კომენტარები