ბოლო ათწლეულის განმავლობაში ცხადი გახდა, რომ მარსზე ძალიან ბევრი "ქიმიური" ძვირფასი ქვაა: ლალი, ოპალი, საფირონი, ძოწი. მეორე მხრივ, ეს ქვები დედამიწაზე არსებულების ანალოგიური ნამდვილად არ არის.

მარსზე ნაპოვნი მინერალები ხშირად პატარაა, ზოგი მათგანი მიკროსკოპული ზომისაც კია. ზოგადად, ისინი ძალიან იშვიათად თუ გვხვდება. ამასთან ერთად, სავარაუდოდ, ისინი დედამიწისგან ძალიან განსხვავებულ პირობებში ყალიბდება. ზომის მიუხედავად, მარსულ ძვირფას ქვებში შეიძლება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ ვიპოვოთ: უძველესი სიცოცხლის მტკიცებულება.

ცოტა ხნის წინ, მკვლევრებმა მარსულ მეტეორიტში ძოწი იპოვეს. თავისთავად, ეს იმ თვალსაზრისითაც ძალიან კარგია, რომ ძოწი ულამაზესი ქვაა, თუმცა ამ აღმოჩენას სხვა მნიშვნელობაც აქვს.

ასევე იხილეთ: მეცნიერებმა მარსულ მეტეორიტში ძოწი იპოვეს

საქმე ისაა, რომ ძოწი შესანიშნავი გეობარომეტრი და გეოთერმომეტრია. ეს ნიშნავს, რომ მასში იმ პროცესების წნევა და ტემპერატურაა შემონახული, რომელმაც ეს ქვა ჩამოაყალიბა. ეს მარსის პირობების გაგების მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია.

ერთი შესაძლო ახსნა ისაა, რომ ეს ძოწი მარსიდან არ არის. ამის გარდა კიდევ ორი ახსნა არსებობს: ერთის თანახმად, ეს ძოწი იმ ქვებისგან ჩამოყალიბდა, რომლებიც მაღალი წნევისა და ტემპერატურის მქონე გარემოში დადნა. ძოწი მეტამორფულ ქანებს მიეკუთვნება. დედამიწაზე ძალიან ბევრი ასეთი ქანი გვხვდება, რასაც ტექტონიკურ ფილებს უნდა ვუმადლოდეთ. იმის გამო, რომ მარსზე ტექტონიკური ფილების არსებობის მტკიცებულება არ გვაქვს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ შემთხვევაში მეტამორფული ქანები სხვა გზით ჩამოყალიბდა.

მესამე ახსნა ისაა, რომ ძოწი ასტეროიდის შეჯახებისას წარმოიშვა. შეჯახება მაღალ წნევასა და ტემპერატურას გამოიწვევდა, ეს კი ძოწის შესაქმნელად იდეალური პირობებია. ახალი მიმოხილვის ავტორები სწორედ ამ შესაძლებლობას იკვლევენ.

მათი აზრით, ძვირფასი ქვები (განსაკუთრებით ოპალი, ძოწი, საფირონი და ლალი) შეიძლება "დროის კაფსულის" როლს ასრულებდეს, ე.ი. მათში უძველესი წყლისა და ორგანული მოლეკულების ნიმუშები იყოს შემონახული. ნაშრომის ავტორებმა ზუსტად დაასახელეს, თუ რომელი ძვირფასი ქვებია ამისთვის საუკეთესო კანდიდატები. მკვლევრების თქმით, მარსის სამომავლო მისიების ფარგლებში სწორედ ამ ქვებზე უნდა კონცენტრირდნენ.

მთვარისა და პლანეტარული მეცნიერების კონფერენციაზე მეცნიერებმა მტკიცებულება წარმოადგინეს იმაზე, რომ მარსზე შეიძლება კორუნდი გვხვდება. ეს ალუმინის ოქსიდი დედამიწაზე მეორე ყველაზე მყარი ნივთიერებაა (ალმასის შემდეგ). ლალი და საფირონი კორუნდის ტიპებია.

ნაშრომში კენჭის ზომის კორუნდია წარმოდგენილი, რომელიც ჩვენთვის ცნობილ საფირონს ან ლალს საერთოდ არ ჰგავს, თუმცა მასში მარსული გეოლოგიის შესახებ საინტერესო მინიშნებები იმალება. ძოწის მსგავსად, ლალისა და საფირონის წარმოშობასაც მაღალი ენერგია და წნევა სჭირდება.

მარსის ორ სხვადასხვა ლოკაციაზე ოპალიც იპოვეს. გარდა ამისა, 2015 წელს ეს ქვა მარსის ნახლას მეტეორიტშიც იპოვეს. იმის გათვალისწინებით, რომ ოპალი ძირითადად იქ წარმოიშობა, სადაც მიწისქვეშა წყლებია, ეს ქვა მარსზე უძველესი სიცოცხლის არსებობის დასამტკიცებლად შესანიშნავი კანდიდატია.

ასევე იხილეთ: NASA-მ მარსზე სიცოცხლის შესაძლო კვალი აღმოაჩინა

განსაკუთრებულად საინტერესო ჩეიავა ფოლსის ნიმუშია. მკვლევრების თქმით, ამ ნიმუშის დამატებით შესწავლა აუცილებელია.

მიმოხილვა გამოცემაში Astrobiology გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.