მეცნიერებმა აშშ-სა და კანადას შორის მდებარე ტბაში პირველი ცნობილი კიბო აღმოაჩინეს, რომელიც მტკნარი წყლის თევზებშია გადამდები.

აზრი, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები დაავადების მსგავსად მოიქცეს, აბსურდულად შეიძლება მოგვეჩვენოს, ადამიანებში კიბო ერთი პირიდან მეორეზე არ გადადის. თუმცა ბუნება სიურპრიზებითაა სავსე. გამონაკლის შემთხვევებში, კიბოს უჯრედები ერთი ინდივიდიდან მეორეზე თავადვე გადადიან და გამრავლებას ახალ მასპინძელში აგრძელებენ. აქამდე ეს იშვიათი მოვლენა ისეთ ცხოველებშია დაფიქსირებული, როგორებიცაა ძაღლები, ტასმანიური ეშმაკი და მოლუსკების ზოგიერთი სახეობა, და როგორც ჩანს, ამ ექსკლუზიურ კლუბს კიდევ ერთი წევრი, ლოქოსნაირი თევზი, ემატება.

მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა გადამდები მელანომა ერთ ლოქოსნაირ სახეობაში (Ameiurus nebulosus) აღმოაჩინა, ეს არის პირველი დოკუმენტირებული შემთხვევა თევზებში და ასევე პირველი ჩანაწერი მტკნარი წყლის ეკოსისტემაში. მათი დასკვნები ამ თვეში ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

ისტორია 2012 წელს დაიწყო, როცა ვერმონტსა და კვებეკს შორის მდებარე ტბაში მეთევზეებმა და ბიოლოგებმა შავი დაზიანებების მქონე ლოქოსნაირების უჩვეულოდ მაღალი რაოდენობა შენიშნეს. წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ლაქები ავთვისებიანი მელანომები იყო და გამოკვლეული ნიმუშების 23-დან 37 პროცენტამდე ამ სიმსივნეებს ავლენდა, ეს ამ სახეობისთვის უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია.

ლოქოსნაირი თევზი მელანომით

ფოტო: University of Vermont

"ეს მოულოდნელი იყო. გვინდოდა გვცოდნოდა, ფსკერზე მცხოვრებ თევზს როგორ ემართებოდა ის კიბო, რომელსაც ჩვეულებრივ მზის ჭარბ სხივებთან ვაკავშირებთ", — თქვა ჯული დრეგონმა, ვერმონტის უნივერსიტეტის მკვლევარმა და კვლევის თანაავტორმა.

თავდაპირველად ეგონათ, რომ მიზეზი, შესაძლოა, ტოქსიკური ნივთიერება ან დაბინძურებასთან დაკავშირებული პათოგენი ყოფილიყო. ერთი ვარაუდით, 2011 წელს ტროპიკული ქარიშხალ აირინის მიერ გამოწვეულმა წყალდიდობამ წყლის ხარისხი გააუარესა, რადგან გარემოში არსებული დამაბინძურებლები ტბაში ჩაირეცხა. შეშფოთება ასევე ტბის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც არსებობდა, რომელიც 175 000-ზე მეტ ადამიანს სასმელი წყლით ამარაგებს. თუმცა, საწყისმა გენეტიკურმა ანალიზმა კვლევა მოულოდნელი მიმართულებით წარმართა.

სწორედ მაშინ დაისვა მკვლევართა მიერ კითხვა: ხომ არ წარმოიშვა სიმსივნეები ერთი, პირველადი კიბოსგან, რომელმაც ცალკეულ თევზებს შორის გავრცელება ისწავლა?

ამ უჩვეულო ჰიპოთეზის შესამოწმებლად, გუნდმა დაავადებული თევზების სიმსივნეებისა და ჯანსაღი ქსოვილების დნმ-ის სრული მიმდევრობა დაადგინა და მონაცემები სხვადასხვა პოპულაციის ჯანსაღი ნიმუშების მონაცემებს შეადარა.

შედეგებმა აჩვენა, რომ სხვადასხვა თევზის სიმსივნური უჯრედები ერთმანეთთან გაცილებით მჭიდროდ იყო დაკავშირებული, ვიდრე იმ ცხოველებთან, რომლებშიც განვითარდა. სხვა სიტყვებით: სიმსივნეებს საკუთარი გენეტიკური იდენტობა ჰქონდა, რომელიც მასპინძლების იდენტობისგან განსხვავდებოდა. გარდა ამისა, გენეტიკური ვარიანტების ასობით ათასი ცალკე შემთხვევა სიმსივნეებში მეორდებოდა, თუმცა იმავე თევზების ჯანსაღ ქსოვილებში არ ფიქსირდებოდა.

თითოეული მელანომა დამოუკიდებლად რომ განვითარებულიყო, ასეთი კანონზომიერება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა. შედარებისთვის, მკვლევრებმა ადამიანის მელანომის რამდენიმე ასეული შემთხვევა გააანალიზეს და დაადგინეს, რომ თითქმის ყველა მათგანის მუტაცია თითოეული პაციენტისთვის უნიკალური იყო. ამის საპირისპიროდ, ამ თევზების სიმსივნეებში არსებული მუტაციების უმეტესობა მრავალ ინდივიდში საერთო იყო, რაც კლონურად გადამდები კიბოსთვის დამახასიათებელი ნიშანია.

განიხილებოდა ვირუსის ან რაიმე მიკროორგანიზმის მიერ მელანომების გამოწვევის შესაძლებლობაც, თუმცა ნიმუშებში გენეტიკური მასალის შესწავლის შემდეგ, სიმსივნეებთან სპეციფიკურად დაკავშირებული არც ვირუსი და არც ბაქტერია აღმოჩნდა. მართალია, მკვლევრები ვერ გამორიცხავენ, პათოგენს კიბოს წარმოშობაში ან გავრცელების ხელშეწყობაში როლი ჰქონოდა, თუმცა მტკიცებულებები იმაზე მიუთითებს, რომ გადამდები აგენტი თავად კიბოს უჯრედებია.

ჯერ კიდევ გაურკვეველია, ლოქოსნაირებს შორის ეს კიბო როგორ გადადის. ავტორები რამდენიმე შესაძლებლობას განიხილავენ. გამრავლების დროს თევზები შეზღუდულ სივრცეში იკრიბებიან და მჭიდრო ფიზიკურ კონტაქტს ინარჩუნებენ, რამაც შესაძლოა უჯრედების გაცვლა გაამარტივოს. ასევე შესაძლებელია, სიმსივნური უჯრედები დროებით წყალში ან დანალექებში გადარჩნენ და კანის, ღრძილების ან პირის მეშვეობით სხვა თევზში შეაღწიონ. კიდევ ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, გამრავლებასთან დაკავშირებულმა ჰორმონულმა ცვლილებებმა შესაძლოა იმუნური პასუხი შეცვალოს და კიბოს წარმოქმნას შეუწყოს ხელი.

"როგორც ჩანს, ეს მხოლოდ დიდ, ქვირითობის ასაკის თევზებში ხდება", — თქვა კვლევის თანაავტორმა, ბიოლოგმა მარკ ჰენდერსონმა, ახალგაზრდა თევზებში კიბოს არარსებობაზე საუბრისას — "შესაძლოა, ქვირითობის ქცევის რომელიმე ნაწილი ცხოველებს შორის კიბოს გავრცელებას იწვევს".

ვერმონტის უნივერსიტეტის განცხადებაში მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ სიმსივნურ უჯრედებში დარიშხანის მომატებული დონე ფიქსირდებოდა და კორელაცია დაფიქსირდა კიბოს გეოგრაფიულ გავრცელებასა და დარიშხანის ბუნებრივად მაღალი კონცენტრაციის ზონებს შორის. აქვე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს კავშირი დარიშხანის მიერ კიბოს გამოწვევას არ ამტკიცებს.

შეშფოთების მიუხედავად, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ამ მოვლენამ, შესაძლოა, კიბოს განვითარების კვლევის ახალი მიმართულებები გახსნას, მათ შორის ადამიანებშიც. "თავისი თავდაპირველი მასპინძლის ფარგლებს გარეთ კიბოს გადარჩენისა და გავრცელების შესწავლით, ბევრი რამის გაგება შეგვიძლია. მაგალითად იმის შესახებ, რა აკავებს კიბოს შეზღუდულ ჩარჩოებში და რა ხდება, როცა ეს საზღვრები ირღვევა", — თქვა დრეგონმა. ამასობაში, ჰენდერსონს მეთევზეებისთვის რჩევა აქვს:

"მე პირადად, კიბოიან თევზებს არ შევჭამდი", — თქვა მან.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.