Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
ფოტო: NVIDIA
Firebird-მა სომხეთში, ქალაქ ჰრაზდანში, რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა, რომელიც NVIDIA-ის აჩქარებულ გამოთვლებსა და Dell Technologies-ის მაღალწარმადობიან AI ინფრასტრუქტურას იყენებს. გახსნის ცერემონიას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ყაზახეთის ვიცე-პრემიერი ჟასლან მადიევი და აშშ-ის დროებითი საქმეთა რწმუნებული სომხეთში, დევიდ ალენი დაესწრნენ.
"ზუსტად ერთი წელი გავიდა, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად ხელი მოვაწერეთ აშშ-სომხეთის მემორანდუმს ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობაზე, ახლა კი ამ მნიშვნელოვან მიღწევას ვხედავთ", — განაცხადა ფაშინიანმა.
Firebird-ის ქარხნის გახსნა სომხეთში
ფოტო: NVIDIA
Firebird 2027 წლის ბოლომდე სომხეთში 70 000-ზე მეტი NVIDIA Rubin და Blackwell GPU-ის და 300 მეგავატი AI ინფრასტრუქტურის სიმძლავრის განთავსებას გეგმავს. ქარხანა NVIDIA-ის DSX პლატფორმაზეა აშენებული, რომელიც აჩქარებულ გამოთვლებს, ქსელს, კვებასა და გაგრილებას ერთობლივად დაპროექტებულ სისტემად აერთიანებს და მას იმავე ფართობზე 40%-მდე მეტი GPU-ის გაშვების საშუალებას აძლევს.
ამ პროექტის შესახებ პირველად შარშან, 2025 წლის ივნისში გახდა ცნობილი. მაშინ სომხეთის მთავრობამ, NVIDIA-მ, Firebird-მა და Team Group-მა ევროპის უდიდეს სტარტაპ და ტექნოლოგიურ კონფერენციაზე, Viva Technology-ზე, რეგიონში ყველაზე მძლავრი AI სუპერკომპიუტერული ჰაბისა და მონაცემთა დამუშავების ცენტრის შესაქმნელად $500-მილიონიანი საინვესტიციო გეგმა წარადგინეს. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ Firebird-ს პროექტი 2026 წელს, ათასობით NVIDIA Blackwell GPU-ით დაეწყო და ჰაბის სიმძლავრეს 100-ზე მეტ მეგავატამდე ზრდის შესაძლებლობა ჰქონოდა.
"ხელოვნური ინტელექტის ქარხნები 21-ე საუკუნის ინფრასტრუქტურაა", — განაცხადა მაშინ NVIDIA-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჯენსენ ჰუანგმა და დასძინა, რომ სომხეთთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობდა ხელოვნური ინტელექტის ფუნდამენტური შესაძლებლობების განვითარებას და რეგიონში ინოვაციებისა და ეკონომიკური ზრდის ახალ გზებს გახსნიდა.
ამ მასშტაბური პროექტის მთავარი დანიშნულებაა, სომხეთს, ისევე როგორც რეგიონის სხვა ქვეყნებს, საკუთარი ენების, ინდუსტრიებისა და ეროვნული პრიორიტეტებისთვის AI-ის განვითარებისა და გაშვების შესაძლებლობა მისცეს, რათა დეველოპერებმა, სტარტაპებმა, კომპანიებმა, უნივერსიტეტებმა და საჯარო დაწესებულებებმა სახლში შეძლონ AI-ის შექმნა და გაფართოება.
Firebird-ის ამბიციები ერთი ობიექტით არ შემოიფარგლება: NVIDIA-ის მხარდაჭერით კომპანია სომხეთის, ყაზახეთისა და დამატებითი ბაზრების მომცველ, დაახლოებით 2-გიგავატიან AI ინფრასტრუქტურას გეგმავს. Firebird სან-ფრანცისკოსა და ერევანში დაფუძნებული AI ღრუბლოვანი კომპანიაა. მას შემდეგ, რაც სომხეთის მთავრობასთან და NVIDIA-სთან პარტნიორობა გამოაცხადა, თანამშრომლობა ეტაპობრივად გაიზარდა: 2025 წლის ნოემბერში აშშ-ისგან საექსპორტო ავტორიზაცია მიიღო და პირველი $500-მილიონიანი ინვესტიციის ფარგლებში მუშაობა დაიწყო, ხოლო 2026 წლის თებერვალში მეორე ეტაპზე გადავიდა და NVIDIA-სგან დამატებით 41 000 პროცესორის მიღების ნებართვა მოიპოვა.
"შემდეგი დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ჩვენი მიზანია, მსოფლიოში დაახლოებით 2 გიგავატი სიმძლავრე გვქონდეს. ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ ახლადფორმირებულ ბაზრებში გაერთიანებას", — თქვა Firebird-ის თანადამფუძნებელმა ალექსანდრ ესაიანმა.
Firebird-ის მომსახურებით უკვე სარგებლობენ ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებული კომპანიები, მათ შორის Perplexity, რომელიც საკუთარი AI აგენტების პლატფორმისა და საძიებო სისტემისთვის Firebird-ისგან მაღალწარმადობიან AI ინფრასტრუქტურას იღებს. ექსპერტების აზრით, Firebird-ის გაფართოებამ რეგიონში შეიძლება გლობალური კომპანიები მოიზიდოს და ადგილობრივ დეველოპერებსა და მკვლევრებს ახალი შესაძლებლობები მისცეს.
- AI-ზე მომუშავე ადამიანები აშშ-ის მთავრობას AI-ის განვითარების რეგულირებას სთხოვენ
- სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
- Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს
კომენტარები