MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
ძმები ვანდერჰუკები ლეგენდარული MySpace-ის აღდგენას ორიგინალური ფუნქციებითა და ალგორითმებისგან თავისუფალი თაიმლაინით გეგმავენ
ფოტო: Martin Keene / PA Images / Getty Images
MySpace-ის მფლობელები, ძმები ტიმ და კრის ვანდერჰუკები, პლატფორმის ხელახლა გაშვებას გეგმავენ. ეს ინფორმაცია რეჟისორ თომი ავალონეს დოკუმენტურ ფილმში გახდა ცნობილი, რომელიც კანადაში, ტორონტოს Hot Docs ფესტივალზე გამოვიდა.
"ჩვენ MySpace-ს კვლავ ვფლობთ. ამჟამად მხოლოდ ბრენდის მცველები ვართ და მას აუცილებლად ხელახლა გავუშვებთ, უბრალოდ სწორ მომენტს ველოდებით", — თქვა ტიმ ვანდერჰუკმა ფილმში. ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ არსებობს და პროდუქტის საბოლოო სახეც უცნობია, თუმცა ვანდერჰუკებმა უკვე დაასახელეს ის მიმართულება, რომლელიც ახალ MySpace-ს ექნება.
ალგორითმის გარეშე
პლატფორმის მთავარი გამორჩეული ნიშანი ალგორითმის არარსებობა იქნება. ვანდერჰუკების გეგმის მიხედვით, განახლებული MySpace დაეფუძნება იმ ფუნქციებს, რომლებიც მომხმარებლებს ყველაზე მეტად ახსოვთ: საუკეთესო მეგობრების სია (Top 8), პროფილის მუსიკა და თაიმლაინი ალგორითმის გარეშე.
ეს გადაწყვეტილება შემთხვევითი არ არის. 2026 წლის IPPR-ის კვლევის მიხედვით, რომელიც 1000 ბრიტანელ მომხმარებელს მოიცავდა, საკუთარ თაიმლაინზე ნაცნობების პოსტებს მხოლოდ 18% ხედავს, ხოლო პოსტების 35% ინფლუენსერებზე, 29% კი რეკლამებზე მოდის. Deloitte-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ირლანდიელი მომხმარებლების 70% ტელეფონთან ზედმეტად დიდ დროს ატარებს, ხოლო თითქმის მეოთხედმა უკვე წაშალა ერთი სოციალური ქსელის აპლიკაცია მაინც.
ცოტა ხნის წინ, ევროკომისიამ Meta-ს მიმართა და მოსთხოვა, Facebook-სა და Instagram-ზე ავტომატური დაკვრისა (autoplay) და უსასრულო სქროლინგის (infinite scroll) სტანდარტულად გათიშვა — მას შემდეგ, რაც გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს ფუნქციები მომხმარებელს "ავტოპილოტის რეჟიმში" აგდებს და კომპულსიურ სქროლვას აჩვევს.
ალგორითმის გარეშე მუშაობის მოთხოვნა ბაზარზეც ჩანს: ალგორითმის გარეშე მომუშავე Bluesky-მ უკვე 43 მილიონზე მეტი მომხმარებელი მოიზიდა და ინვესტორებისგან დამატებით 100 მილიონი აშშ დოლარი მიიღო.
რას წარმოადგენდა MySpace
MySpace 2003 წელს დაფუძნდა და მისი ავტორები ტომ ანდერსონი და კრის დევოლფი იყვნენ. პლატფორმა ინტერნეტისთვის რევოლუციური აღმოჩნდა, მომხმარებელს საშუალება ჰქონდა, საკუთარი პროფილი HTML და CSS კოდით სრულად პირადი გემოვნებით მოერგო: ფონები, ფერები, სასურველი დიზაინი და პროფილზე ავტომატურად ჩართული სიმღერა, რომელიც გვერდზე შესულ ყველა სტუმარს ესმოდა.
ფოტო: Getty Images
მომხმარებელს "საუკეთესო მეგობრების" სია ჰქონდა, სადაც საკუთარი უახლოესი წრე საჯაროდ შეეძლო დაელაგებინა. MySpace ასევე მუსიკალურ პლატფორმად ჩამოყალიბდა: ისეთმა შემსრულებლებმა, როგორებიც არიან Arctic Monkeys, Adele და Lily Allen, პირველი აუდიტორია სწორედ MySpace-ზე მოიპოვეს.
2006 წელს პლატფორმა აშშ-ში ყველაზე ხშირად ნანახი საიტი იყო, Google-სა და eBay-საც კი გადაასწრო, და მილიონობით ახალგაზრდისთვის ინტერნეტში ყოფნის მთავარი მიზეზი გახდა.
დაკარგული პოზიციები და მარცხი Facebook-თან
2005 წელს News Corp-მა MySpace და მისი მშობელი კომპანია Intermix Media 580 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა.ამან პლატფორმაზე ჭარბი რეკლამა და დატვირთული, ნელი დიზაინი გამოიწვია, რის გამოც მომხმარებლები MySpace-ს თანდათან ტოვებდნენ. ამასობაში ბაზარზე Facebook გამოჩნდა, რომელსაც უფრო სუფთა და მარტივი ინტერფეისი ჰქონდა.
Facebook-ისა და MySpace-ის ყოველთვიური უნიკალური ვიზიტორები აშშ-ში, 2005-2011 წლებში
ფოტო: comScore Media Metrix
2008 წელს ორივე პლატფორმას თვეში დაახლოებით 115 მილიონი უნიკალური ვიზიტორი ჰყავდა, თუმცა მალევე Facebook-მა MySpace გაუსწრო და 2009 წელს ამერიკელი მომხმარებლების რაოდენობითაც წამყვან პოზიციაზე გავიდა. რეკლამის განმთავსებლებმა თანდათან Facebook-ს მიმართეს, ხოლო MySpace-მა მენეჯმენტის ოთხი განსხვავებული შემადგენლობა გამოიცვალა. 2011 წელს News Corp-მა პლატფორმა მხოლოდ 35 მილიონ აშშ დოლარად მიჰყიდა Specific Media-სა და მომღერალ ჯასტინ თიმბერლეიკს. ახალმა მფლობელებმა, ძმებმა ვანდერჰუკებმა, MySpace-ის მუსიკალურ პლატფორმად ჩამოყალიბება სცადეს, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწიეს და ძველი აუდიტორია საბოლოოდ დაკარგეს.
აღდგენის მცდელობა ერთხელ უკვე იყო. 2013 წელს ვანდერჰუკებმა MySpace-ის სრული გადაკეთება სცადეს და "სულ სხვა" პლატფორმის შექმნა დაისახეს მიზნად, თუმცა ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
"ეს უბრალოდ დანაკარგების ჯაჭვი გახდა", — თქვა ტიმ ვანდერჰუკმა დოკუმენტურ ფილმში. კრის ვანდერჰუკის თანახმად, ამ მცდელობაში კომპანიამ 150 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაკარგა.
დაბრუნების იდეაზე მინიშნება ტომ ანდერსონმაც, ანუ MySpace Tom-მაც, გააკეთა. 2026 წლის იანვარში მან Threads-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ MySpace-ის შესაძლო დაბრუნებაზე მხოლოდ 1 მილიონი გამომწერის მოგროვების შემდეგ ილაპარაკებდა. პოსტმა დიდი ყურადღება მიიქცია, თუმცა ანდერსონმა მალევე წაშალა და არც დოკუმენტურ ფილმში გამოჩენილა.
MySpace და 2000-იანების კულტურა
მომხმარებლების დამოკიდებულება დაბრუნების იდეისადმი, ძირითადად, დადებითია. ძველი აუდიტორია MySpace-ს ნოსტალგიით იხსენებს და მასთან დაკავშირებულ ემოციას გამორჩეულად აფასებს. მათთვის მთავარი მიმზიდველობა ის უბრალო, ავთენტური გამოცდილებაა, რომელსაც დღევანდელი, გამართული და ფილტრებით სავსე პლატფორმები მომხმარებელს ვეღარ სთავაზობს. ალგორითმისა და უსასრულო სქროლის არარსებობა, ფილტრების გარეშე გამოქვეყნებული სურათები და პროფილის მარტივი პერსონალიზაცია სწორედ ის ფუნქციებია, რომლებსაც მომხმარებლები ყველაზე მეტად უსვამენ ხაზს.
ექსპერტების აზრით, MySpace-მა წამყვან პლატფორმებთან პირდაპირი კონკურენცია არ უნდა სცადოს, არამედ ნიშურ, 2000-იანების კულტურასა და მუსიკაზე ორიენტირებულ პროდუქტად ჩამოყალიბდეს. ეს მიმართულება, შესაძლოა, მისთვის უფრო მდგრადი და წარმატებული აღმოჩნდეს.
კომენტარები