ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
ფოტო: Shutterstock
სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევართა თქმით, ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით ახალი ვირუსები შექმნეს, რომლებიც სრულად ფუნქციურია. ეს პირველი შემთხვევაა, როცა AI-მა მთლიანი გენომები წარმატებით დააგენერირა.
უნდა აღინიშნოს, რომ 16 ახალი ვირუსი ბაქტერიების დასაინფიცირებლად შექმნეს, შესაბამისად, ისინი ადამიანებისთვის საშიში არაა. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს დაავადებების მკურნალობის მხრივ ახალი ეპოქის დასაწყისი შეიძლება აღმოჩნდეს. პარალელურად, ექსპერტები ხაზგასმით ამბობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის ამ მიზნით გამოყენებისას სიფრთხილეც გვმართებს.
AI-ხელსაწყოები უსწრაფესად ვითარდება; მათი მეშვეობით ანტიბიოტიკებიც შექმნეს, რაც, რა თქმა უნდა, ვირუსების შექმნასთან შედარებით მარტივია. ასეთი ტექნოლოგია დიდი ენობრივი მოდელების (მაგალითად, ChatGPT) მსგავსად მუშაობს, თუმცა "ბიოლოგიურ ენაზეა" კონცენტრირებული.
კვლევაში გამოყენებულ მოდელებს Evo1 და Evo2 ჰქვია. ისინი ვირუსების, ბაქტერიების, მცენარეებისა და ადამიანების გენეტიკურ კოდებზე გაწვრთნეს. ამის შემდეგ მათ ვირუსის ტიპი შეაქმნევინეს, რომელსაც ბაქტერიოფაგი ეწოდება. იგი ბაქტერიის მხოლოდ ზოგ სახეობას აინფიცირებს.
სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ყველაზე იმედისმომცემი 302 "დიზაინი" აირჩიეს და ლაბორატორიაში თითოეულის სინთეზირებას შეუდგნენ. ნაწლავის ჩხირის (E. coli) გასანადგურებლად მათგან მხოლოდ 16 აღმოჩნდა ეფექტიანი.
ადამიანთა ნაწილი შიშობს, რომ იგივე ტექნოლოგია შეიძლება ახალი დაავადებების შესაქმნელადაც გამოიყენონ. მეორე მხრივ, თავად მკვლევრებმა ექსპერიმენტისას მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეს. მათ მოდელის გასაწვრთნელი მონაცემთა ბაზიდან ის ვირუსები წაშალეს, რომლებსაც რთული ორგანიზმების ინფიცირება შეუძლია.
ცნობისთვის, ვირუსები ცოცხალი არაა. მათი წარმატებით შექმნა იმას არ ნიშნავს, რომ იმავეს ცოცხალ ორგანიზმებზეც მარტივად გავიმეორებთ. მეტი სიცხადისთვის, ფაგის გენეტიკური კოდის სიგრძე დნმ-ის 5400 ფუძეთა წყვილს შეადგენს, ცოცხალი უჯრედის უმცირესი გენომი დაახლოებით 500 000 ფუძეთა წყვილს მოიცავს, ხოლო ადამიანის — 3 მილიარდს.
შესაბამისად, მარტივი ცოცხალი ორგანიზმების შექმნაც კი ძნელი და შრომატევადი იქნება, თუმცა არა შეუძლებელი. ამასთან, ახალი მიგნება შეიძლება იმ ინფექციების სამკურნალოდ გამოგვადგეს, რომლებსაც ანტიბიოტიკები ვერ ერევა.
ნაშრომი გამოცემაში Science გამოქვეყნდა.

კომენტარები