იტალიელმა მყვინთავებმა სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული გემის ნაშთები აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, 2000-ზე მეტი წლისაა. აღმოჩნდა, რომ ხომალდზე ასობით კარგად შემონახული კონტეინერი იყო ერთმანეთზე დახვავებული. ეს ჭურჭელი ისეთი პროდუქტების გადასაზიდად გამოიყენებოდა, როგორიცაა ღვინო და ზეითუნის ზეთი.

უძველესი კერამიკული ჭურჭლით სავსე ჩაძირული ხომალდის ნაშთები

ფოტო: Carabinieri

იტალიის კულტურის მინისტრმა ალესანდრო ჯულიმ ეს აღმოჩენა ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წყალქვეშა არქეოლოგიურ აღმოჩენად შეაფასა. პოლიციის სპეციალურმა მყვინთავებმა გემი დაახლოებით 46 მეტრის სიღრმეზე, მეთევზეებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე იპოვეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩაძირული ხომალდის სიგრძე 21 მეტრი, სიგანე კი 6 მეტრია.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ხომალდი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე ან პირველი საუკუნით თარიღდება.

მეთევზემ და თავისუფალმა მყვინთავმა ჯაკომო დე მოლამ აღწერა, როგორ წააწყდა ისტორიულ გემს ზღვის ფსკერის შესწავლისას, მაძარა-დელ-ვალოს მახლობლად. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სკანერზე დიდი კლდის მსგავსი ობიექტის დანახვის შემდეგ, ჩაყვინთვა და მისი გამოკვლევა გადაწყვიტა.

ადგილზე იტალიის პოლიციის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ქვედანაყოფიდან Carabinieri Art Squad, სპეციალისტი მყვინთავები გაგზავნეს

ფოტო: Carabinieri

"უფრო ახლოს მივედი და გული გამიჩერდა. ეს კლდე არ იყო", — თქვა მან. ამის ნაცვლად მან ასობით ამფორა დაინახა. ეს მაღალი კერამიკული დოქებია, რომლებიც უძველეს დროში პროდუქტების, ძირითადად ღვინის, ზეთის ან მარცვლეულის შესანახად გამოიყენებოდა.

"ეჭვგარეშეა, ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე წარმოუდგენელი აღმოჩენაა", — აღნიშნა მან — "რთულია აღწერო ის განცდა, როცა თითქმის 20 საუკუნის შემდეგ იმ პირველ ადამიანებს შორის ხარ, ვინც ეს ადგილი კვლავ იხილა".

მან ჩაძირული გემის ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც გველთევზები, რიფის ქორჭილები და დოქებს შორის მცხოვრები "უთვალავი ზღვის ბინადარი" ჩანს, თან დასძინა: "ზღვა ჩვენს გაოცებას არასდროს წყვეტს. ამჯერად ჩვენ უბრალოდ ჩაძირული გემი კი არ ვიპოვეთ, არამედ ჩვენი ისტორიის ნაწილი აღმოვაჩინეთ".

ითვლება, რომ ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე მრავალი მსგავსი უძველესი ხომალდია მიმოფანტული. ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი ან მეორე საუკუნის კიდევ ერთი გემი 2023 წელს რომის ჩრდილო-დასავლეთით იპოვეს. ისიც ასობით ამფორით იყო დატვირთული.

2018 წელს ბულგარეთის სანაპიროსთან გვერდზე გადაწოლილი ბერძნული სავაჭრო გემი იპოვეს, რომელიც 2400-ზე მეტი წლისაა. იმ დროისთვის ის მსოფლიოში ცნობილ უძველეს ხელუხლებელ ჩაძირულ გემად შეფასდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.