იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
ფოტო: Shutterstock / Futurism
იაპონიაში მაღალი ტემპერატურის გამო ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან. ზოგის აზრით, ეს შეიძლება არამხოლოდ სიცხისა და კლიმატის ცვლილების, არამედ არასათანადო საბინადრო პირობების ბრალიც იყოს.
გასულ კვირაში ტოკიოში არსებულმა ტამას ზოოლოგიურმა პარკმა 3 ძუ ლომის სიკვდილის შესახებ განაცხადა, ერთმანეთისგან რამდენიმე დღის შუალედით. ეჭვობენ, ეს სიცხით გამოწვეულ დაავადებას უკავშირდება. აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში უკიდურესად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდებოდა. წინასწარი ავტოფსიები აჩვენებს, რომ ცხოველებს სიკვდილამდე სისტემური გაუწყლოვნება და ორგანოების გათიშვა აღენიშნებოდათ.
იაპონიაში ამ წელს განსაკუთრებულად ცხელი დღე ივლისის ბოლოს იყო. ბევრ ქალაქში ტემპერატურა 40°C-საც აჭარბებდა, ხოლო ივლისში ტოკიოში საშუალო დღიური ტემპერატურა 32°C იყო. ამის მიუხედავად, მაღალი ტენიანობის გამო იქ მყოფებისთვის ეს 43°C-ის მსგავსად იგრძნობოდა.
იაპონიაში ახლა იმდენად ცხელა, რომ ქვეყანაში ამის შესატყვისად ახალი სიტყვაც კი მოიგონეს: "კოკუშობი" (სასტიკად ცხელი დღე). 20-იდან 26 ივლისის ჩათვლით "მზის დარტყმის" გამო საავადმყოფოში 18 600 ადამიანი გადაიყვანეს, რომელთაგან 45 კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ტემპერატურა დროებით შემცირდა, თუმცა აგვისტოს დასაწყისში იაპონიის გარემოს დაცვის სამინისტრომ მოსახლეობა მოსალოდნელი სიცხეების შესახებ გააფრთხილა.
ეს ადამიანებისთვისაც ძნელად გასაძლები პირობებია, ჩაკეტილ სივრცეში მყოფი ცხოველებისთვის კი — კიდევ უფრო მეტად. ტამას ზოოპარკის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ერთ-ერთი ლომი, 3 წლის მუგი, ივლისის შუა რიცხვებშიც ცუდად იყო, მაგალითად, მადა ჰქონდა დაკარგული. სიმპტომების გამოვლენის დღეს იგი ფეხზეც ვერ დგებოდა.
ზოოპარკის თანამშრომლებმა ლომს გასაგრილებლად წყალი შეასხეს და ორგანიზმში სითხეები შეუყვანეს, თუმცა მუგი 28 ივლისს მაინც მოკვდა. 11 წლის იჩიგო აქედან 3 დღეში მოკვდა, 15 წლის რუენა კი — იჩიგოს სიკვდილიდან 2 დღეში. ამავე ზოოპარკში კიდევ 4 ლომი იყო ავად, თუმცა ისინი თავს უკეთ გრძნობენ.
ექსპერტების თქმით, ლომებს გაგრილება მაღალი ტენიანობის გამოც უჭირთ. ოფლის გამოყოფის ნაცვლად, ეს ცხოველები სხეულის ტემპერატურას ქოშინით არეგულირებენ, რითაც ცხელი ნესტი მათი სასუნთქი გზებიდან გამოიდევნება. ზოგადად, ლომები მშრალ სიცხეს უფრო არიან მიჩვეულნი, ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ ასეთი სიცხისა და ტენიანობის დროს ზოოპარკები ლომებს საკმარის ჩრდილს შეუქმნიან და გამაგრილებელ საფენებსა თუ მეტ წყალს მიაწვდიან.
სხვათა შორის, ტამას ზოოპარკში ლომების ნახვა მსურველებს უკვე აღარ შეუძლიათ. უცნობია, თუ როდის აღდგება ვიზიტორების მიღება.
კომენტარები