30 სექტემბერს, თბილისის დროით 12:16-ზე, ჩვენს მეზობელ წითელ პლანეტაზე ახალი წელი დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ მარსმა მზეს ერთხელ სრულად შემოუარა და მომდევნო წრეზე წავიდა.

დედამიწა ჩვენი ვარსკვლავის ირგვლივ შემოვლას 365 დღე-ღამეს ანდომებს, მაგრამ მარსის შემთხვევაში წელიწადის ხანგრძლივობა განსხვავებულია. წითელი პლანეტის დღე-ღამეს "სოლს" (ეს სიტყვა ლათინურად "მზეს" ნიშნავს) უწოდებენ, რომელიც 24 საათს, 39 წუთსა და 35 წამს გრძელდება, ანუ ჩვენსას მცირედით აღემატება. მარსზე თითო წელში დაახლოებით 668 სოლია, რაც 686.98 დედამიწური დღე-ღამის ეკვივალენტურია.

ასევე იხილეთ: რამდენ ხანში ერთხელ დგება ახალი წელი სხვადასხვა ციურ სხეულზე

ეს 39-ე მარსული წელია. ათვლა, ანუ წითელი პლანეტის კალენდარი, 1956 წლიდან დაიწყო, როცა იქ მტვრის ძლიერი შტორმი დაფიქსირდა.

ასტრონომებმა თარიღად 30 სექტემბერი იმიტომ შეარჩიეს, რომ მარსზე ჩრდილოეთის ბუნიობა სწორედ ამ დროს იყო: ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაზაფხული დადგა, სამხრეთში კი — შემოდგომა.

დიახ, იქ 4 სეზონია (დედამიწის მსგავსად), თუმცა მათი ხანგრძლივობა განსხვავებულია. ამას პლანეტის უფრო ელიფსური ორბიტა განაპირობებს. ციური სხეულის ღერძული დახრილობის გამო ჩრდილოეთ ნახევარსფერო ზაფხულში უფრო მეტ მზის სხივს იღებს, ზამთარში კი იქ ნაკლებად თბილა, ვიდრე სამხრეთში.

მარსზე ასეთი სეზონები მტვრის შტორმებს იწვევს. წლის ბოლო პერიოდში პლანეტა მზეს უახლოვდება (ელიფსური ორბიტის გამო) და ატმოსფეროც თბება. ქარი ზედაპირიდან გრუნტის ნაწილაკებს იტაცებს, რომლებიც მაღალი ტემპერატურის პირობებში ცხელდება და ატმოსფეროში ნაწილდება. ასე გროვდება იქ დიდი რაოდენობით მტვერი.

აღსანიშნავია, რომ მარსზე ნებისმიერ სეზონზე მკაცრი პირობებია. მაგალითად, ზაფხულში შუადღისას ტემპერატურა 0-იდან 60°C-ამდე მერყეობს. მეორე მხრივ, ზამთარში ეს მაჩვენებელი 110°C შეიძლება იყოს.

რაც შეეხება მარსის მომდევნო ახალ წლებს, ეს თარიღებია:

  • 2028 წლის 17 აგვისტო;
  • 2030 წლის 5 ივლისი;
  • 3032 წლის 22 მაისი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.