რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე
ფოტო: Mike Segar/Reuters
ბილ გეიტსი აშშ-ის ფედერალურ კანონმდებლებს ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარების რეგულირებისკენ მოუწოდებს. ეთერში 27 სექტემბერს გასულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ უყურადღებოდ დატოვებულმა ტექნოლოგიამ შეიძლება "მილიარდი ადამიანის სიკვდილი" გამოიწვიოს და "არავის სჯერა, რომ თვითრეგულირება საკმარისია".
"სამართალდამცავები და პოლიტიკოსები უნდა ჩაერთონ დისკუსიაში იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს სიფრთხილის ზომები და მონიტორინგი", — განაცხადა Microsoft-ის თანადამფუძნებელმა კრისტენ ველკერთან, NBC-ის გადაცემა Meet the Press-ის წამყვანთან, საუბრისას — "და ეს აუცილებელი მოთხოვნა უნდა იყოს".
თქვა ისიც, რომ "ინდუსტრიისთვის ეს მცირედი ზედნადები ხარჯი იქნება, თუმცა მათ საქმიანობას მკვეთრად არ შეანელებს".
ინტერვიუს სხვა ნაწილში — მისი ამონარიდები NBC-მ წინასწარ გავრცელა — გეიტსმა მკაცრად გააფრთხილა საზოგადოება, რომ არასწორ ხელში მოხვედრის შემთხვევაში AI "ნამდვილად საკმარისად ძლიერი იქნება ისეთი მოვლენების გამოსაწვევად, რომლებიც მილიარდი ადამიანის სიკვდილს განაპირობებს".
"არ არსებულა ისეთი ძლიერი იარაღი, როგორიც ბოროტი ზრახვების მქონე ადამიანებისა და უახლესი AI ინსტრუმენტების კომბინაციაა", — დაამატა გეიტსმა.
ბიზნესმენი ე. წ. ავარიული გამორთვის ღილაკის ("kill switch") კონცეფციასაც გამოეხმაურა — იდეას, რომ AI უბრალოდ გავთიშოთ, თუ ზედმეტად გაძლიერდა. მისი აზრით, ეს მიდგომა არაადეკვატურია.
"ავარიული გამორთვა საკმარისი არაა", — აღნიშნა მან — "ჯერ არ მივსულვართ იმ ეტაპამდე, როცა... ისინი ავტონომიურად ჩაიგდებენ ხელში კომპიუტერებს და, ხომ ხვდებით, ვერ გათიშავ. ამიტომ, ეს დისკუსია... უბრალოდ აჩვენებს, ტექნიკურად რამდენად გაუთვითცნობიერებელია ზოგიერთი ადამიანი".
ინტერვიუს შედარებით მსუბუქ მონაკვეთში ჟურნალისტმა ბიზნესმენს ჰკითხა, გარკვეულ შემთხვევებში — პროფესიული იქნებოდა ეს თუ პირადული — თუ არიდებდა იგი თავს AI-ს გამოყენებას.
გეიტსმა კითხვაზე ღიმილით უპასუხა: "პირადი ურთიერთობებისთვის არ ვიყენებ. არ ვკითხულობ, მაგალითად: ჰეი, მოგწონვარ? ჰეი, კარგი ტიპი ვარ?".
"ამ გზით არასოდეს წავსულვარ, რადგან ოჯახის, მეგობრებისა და სხვა დანარჩენის კუთხით გამიმართლა. AI-სთან სოციალიზაციით არ ვკავდები. იცის, რომ ძალიან სერიოზული ადამიანი ვარ", — დასძინა მან.
კომენტარები