მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
ფოტო: Shutterstock.com
ატაკამის უდაბნო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი მუდმივად მშრალი რეგიონია. ამის მიუხედავად, ბოლო პერიოდში ის ყვავილებით გადაიფარა, ერთ-ერთი მიზეზი კი ე.წ. "სუპერ ელ-ნინიოთი" გამოწვეული უჩვეულო ამინდია.
ატაკამა ყველაზე მშრალი არაპოლარული უდაბნოა. ის ანდების მთებსა და სანაპირო ქედს შორისაა მოქცეული, რის გამოც იქ ორმაგი "წვიმის ჩრდილი" წარმოიქმნება — მთები ამაზონის ჯუნგლებიდან და წყნარი ოკეანიდან წამოსულ ტენს ამ რეგიონამდე არ უშვებს.
ატაკამის უდაბნოში წელიწადში საშუალოდ დაახლოებით 15 მილიმეტრი ნალექი მოდის. მის ყველაზე მშრალ ნაწილში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1-3 მილიმეტრია, ზოგჯერ კი უფრო ნაკლებიც.
წვიმა მშრალ უდაბნოში
წელს ატაკამის რეგიონში წვიმის სახით უჩვეულოდ ბევრი ნალექი მოვიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთ ადგილას ამ სეზონზე 180 მილიმეტრამდე ნალექიც კი დაფიქსირდა. ამის მიზეზი წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში განვითარებული ელ-ნინიოა. ესაა ბუნებრივი ფენომენი, რომლის დროსაც წყნარი ოკეანის მიმდებარედ ზედაპირული წყლები თბება. ის ციკლური ხასიათისაა და გლობალურად ტემპერატურის ზრდას განაპირობებს.
ასევე იხილეთ: "რაღაც მოდის" — რა იციან მეცნიერებმა პოტენციური "სუპერ" ელ-ნინიოს შესახებ
სამხრეთ ამერიკის სხვა რეგიონებში ძლიერმა წვიმებმა პრობლემები შექმნა, ატაკამაში კი უჩვეულო რამ მოხდა — მილიონობით "მიძინებულმა" თესლმა გაღვივება დაიწყო. ჩილეს ხელისუფლების პროგნოზით, ოქტომბერში (სეზონის პიკი) ფერადი ყვავილებით დაფარული ტერიტორიის ფართობმა, შესაძლოა, 15 000 კვადრატულ კილომეტრს მიაღწიოს.
"უდაბნოს აყვავება მხოლოდ ნალექზე არაა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია ისეთი ფაქტორებიც, როგორიცაა ნიადაგის მიერ წყლის შეწოვა, ტემპერატურა და მზის გამოსხივება", — განაცხადა ატაკამის დაცული ტერიტორიების პროვინციულმა ხელმძღვანელმა, გაბრიელა ლოპესმა.
უდაბნოს ყვავილები
ატაკამის აყვავებულ უდაბნოში 1893 სახეობის მცენარე გვხვდება და მათი დიდი ნაწილი მხოლოდ ამ რეგიონში იზრდება. ზოგიერთი მათგანი თესლის სახით 10 წლამდე შეიძლება იყოს შემონახული და წვიმის მოსვლას ელოდებოდეს.
უდაბნოს მცენარეებს გვალვასთან გამკლავებაში სხვადასხვა ადაპტაცია ეხმარება, მაგალითად, პატარა ფოთლები და სპეციფიკური ფესვთა სისტემა; ზოგიერთს ცვილისებრი საფარი აქვს, რომელიც ტენიანობას ინარჩუნებს, წვრილი ბუსუსები კი მზის სხივებს ირეკლავს.
მათი ყვავილები მკვეთრი ფერებით გამოირჩევა: იისფერი და ვარდისფერი ტონებიდან ყვითლამდე და ღია ცისფრამდე. ეს ხანმოკლე, მაგრამ ინტენსიური ყვავილობის პერიოდს უკავშირდება — უდაბნოში ყვავილებს გამრავლებისთვის მცირე დრო აქვს და დამამტვერიანებელი მწერებიც ცოტაა, ამიტომ მკვეთრი, კონტრასტული ფერები მათ რეპროდუქციულ უპირატესობას აძლევს.
ბოლო 40 წლის განმავლობაში ატაკამაში ყვავილობის დაახლოებით 15 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს მოვლენა, როგორც წესი, 3-10 წელიწადში ერთხელ ხდება, როცა შესაბამისი პირობები იქმნება. ბოლოს ამგვარი რამ 2025 წელს იხილეს, მანამდე კი — 2022-ში.
შესაბამისად, ზედიზედ ორ წელიწადის განმავლობაში ასეთი მოვლენის ნახვა განსაკუთრებით იშვიათი შემთხვევაა.

კომენტარები