ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა ენდომეტრიოზის სამკურნალო ახალი მეთოდი შეიმუშავეს, რომელმაც გამოცდის ადრეულ ეტაპზე ეფექტიანობა აჩვენა. ესაა პოტენციური თერაპია ქრონიკული მდგომარეობისთვის, რომელიც 10-დან 1 ქალში ვლინდება.

საუბარია მიზანმიმართულ ნანოთერაპიაზე, რომლის ერთმა დოზამაც თაგვებში ენდომეტრიოზის სიმპტომები შეამსუბუქა, პროგრესირება კი შეანელა. სამიზნე ენდომეტრიოზთან ასოცირებული იმუნური უჯრედია, რომლამდეც ფართოდ ხელმისაწვდომი პრეპარატი ნანონაწილაკების მეშვეობით აღწევს. შედეგები გამოცემაში Advanced Healthcare Materials გამოქვეყნდა. მკვლევრებს სურთ, რომ ეს მეთოდი ადამიანებზეც გამოცადონ.

ედომეტრიოზი მსოფლიოს მასშტაბით 190 მილიონ ქალს აწუხებს. ამ დროს საშვილოსნოში არსებული ქსოვილი მის გარეთაც იზრდება. მდგომარეობას თან ახლავს ქრონიკული ტკივილი, ძლიერი სპაზმები და სქესობრივი აქტის დროს ტკივილი. ზოგ შემთხვევაში ამან შეიძლება უშვილობა გამოიწვიოს.

ენდომეტრიოზი ამჟამად განუკურნებელია. არსებობს ჰორმონალური თერაპიები, რომლებიც სიმპტომებს ებრძვის, მაგრამ არასასურველი გვერდითი ეფექტებიც აქვს. მაგალითად, ეს პაციენტის ფერტილურობასა და ძვლების სიმკვრივეზე ზემოქმედებს, ახალგაზრდა ქალებში კი მენოპაუზის მსგავსი ნიშნები შეიძლება განაპირობოს. ქსოვილს ქირურგიულადაც აშორებენ, მაგრამ ეფექტი მოკლევადიანია.

ბოლო კვლევებში მეცნიერები იმუნური სისტემის დისფუნქციასა და სისხლის თეთრი უჯრედების ტიპზე, მაკროფაგებზე, კონცენტრირდნენ. ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა აქამდე სწორედ ისეთი მაკროფაგები გამოავლინა, რომლებიც ენდომეტრიოზთანაა დაკავშირებული. შემდეგ გადაწყვიტეს, მათ გასაუვნებლად პრეპარატი ნიკლოზამიდი გამოეყენებინათ, რომელსაც მრავალმხრივი დანიშნულება აქვს, მათ შორის ენდომეტრიოზისთვის დამახასიათებელი წანაზარდებისა და სიმსივნის საწინააღმდეგო.

მთავარი გამოწვევა ის იყო, რომ მედიკამენტი ძნელად იხსნება, ამიტომ პაციენტებს რეალური ეფექტისთვის მისი დიდი რაოდენობით მიღება სჭირდებათ. ეს იმ პერიოდს ზღუდავს, რომლის განმავლობაშიც წამლის უსაფრთხოდ გამოყენებაა შესაძლებელი. სწორედ ამ პრობლემას აგვარებს ნანოზომის მოლეკულა დენდრიმერი, რომელიც ნიკლოზამიდს ებმის და მისი კონკრეტულ კერამდე მიტანა შეუძლია.

თაგვების მოდელზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ერთმა ინიექციამ რამდენიმე სიმპტომზე იმოქმედა. მაგალითად, ამან წანაზარდების რაოდენობა და ზომა შეამცირა. იკლო ტკივილისადმი მგრძნობელობამაც.

მართალია, კვლევა ჯერ ადრეულ ეტაპზეა, მაგრამ მეცნიერები ამბობენ, რომ პრეპარატის ძლიერი ეფექტი გამოიკვეთა. შედეგებმა ისიც აჩვენა, რომ ნანონაწილაკები ორი კვირის განმავლობაშია სტაბილური, თუმცა ეს დრო შეიძლება გაიზარდოს. ამის მეშვეობით პაციენტებს საშუალება ექნებათ, რომ ინიექციისთვის ექიმთან არა ყოველ ორ კვირაში, არამედ თვეში ერთხელ მივიდნენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.