უკონტაქტო გადახდის მიზნით ქართული ინოვაციური პროდუქტის, CNICK-ის, გამოყენება უკვე საქართველოს ბაზარზეც შესაძლებელია. ამის შესახებ სტარტაპის ფეისბუკპოსტიდან ვიგებთ.

აქამდე კომპანია საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებდა და 20-ზე მეტ ქვეყანაში ჰყავდა მომხმარებლები, მათ შორის აშშ-ში, ევროკავშირსა და ავსტრალიაშიც. ახლა უკვე საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით შესაძლებელი გახდა, ამ სერვისით საქართველოშიც ვისარგებლოთ. ამისათვის საჭიროა გვქონდეს საქართველოს ბანკის Mastercard-ის ტიპის ბარათი.

CNICK-ის ბეჭდით გადახდისთვის ჯერ მოწყობილობის, ანუ ჭკვიანი ბეჭდის, შეძენაა საჭირო, შემდეგ კი ბეჭედი სტარტაპის აპლიკაციასთან უნდა დავაკავშიროთ. თავის მხრივ, აპლიკაციაში სერვისთან თავსებადი ბარათის მონაცემები უნდა შევიყვანოთ. ამის შემდეგ CNICK-ის ბეჭდით გადახდა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი — პრაქტიკულად ყველგან, სადაც უკონტაქტო გადახდა ხელმისაწვდომია.

აღშანიშნავია, რომ კომპანიის ვებგვერდზე ამ მომენტისთვის ორი თაობის ბეჭედია ხელმისაწვდომი. ესენია: Ring 2 და Ring 3. პირველს, უკონტაქტო გადახდის ფუნქციის გარდა, ასევე აქვს Tesla-ს ავტომობილის გასაღების ფუნქცია, ხოლო მეორეში ჯანმრთელობის მონიტორინგის ფუნქციებია ინტეგრირებული. მოწყობილობაში გადახდასთან დაკავშირებული და ავტომობილის გასაღების ფუნქციები ელემენტის გარეშე მუშაობს.

ჭკვიანი ბეჭდის ყიდვა ონლაინაა შესაძლებელი. ქართულ ბაზარზე მისი საწყისი ფასი 349 ლარია, ხოლო პრემიუმ მოდელის შემთხვევაში ღირებულება 4999 ლარამდეც აღწევს.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, ბეჭედში NFC ტექნოლოგიაა გამოყენებული, ანუ ის მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრის რადიუსში გადასცემს სიგნალს. ასევე უსაფრთხოებისთვის ტოკენიზაციის ტექნოლოგიაც გამოიყენეს. ეს ნიშნავს, რომ ბარათის ინფორმაცია შემთხვევითი კოდით, ანუ ტოკენით, იცვლება. ეს ბარათის დაცულობას იმ შემთხვევაშიც კი უზრუნველყოფს, თუ ბეჭედი დაგეკარგებათ.

CNICK ქართული კომპანიაა, რომლის ამბავიც 2016 წელს დაიწყო. ინოვაციურ პროდუქტზე მომუშავე გუნდის მიზანი ერთი იყო — შეექმნათ მოსახერხებელი და დახვეწილი ბეჭედი, რომელიც ადამიანების ყოველდღიურობას გაამარტივებდა. დღეს მათი პროდუქტი მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და ამ ქვეყნების ჩამონათვალში უკვე საქართველოცაა.