OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს
ფოტო: Shutterstock
მიმდინარე თვის დასაწყისში OpenAI-მ უმძლავრესი მოდელი GPT-6 Astra გამოუშვა და კომპიუტერული ამოცანებისა და პროგრამირებისთვის "მსოფლიოში საუკეთესო" მოდელად დაახასიათა. კომპანია მე-6 თაობის სერიის გაფართოებას განაგრძობს და მომხმარებლებს შედარებით პატარა მოდელების, Sol-ისა და Luna-ს, განახლებულ ვერსიებს სთავაზობს.
"GPT-6 Astra-მ სრულიად ახალი თაობის ხელოვნური ინტელექტია, ეს მოდელები კი მის უპირატესობებს კიდევ უფრო აფართოებს და ტექნოლოგიას ბევრად ეფექტიანსა და ხელმისაწვდომს ხდის", — აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.
OpenAI-ის მოდელების იერარქიაში Sol და Luna სხვადასხვა საფეხურზეა. Sol რთული ამოცანებისთვისაა განკუთვნილი, თუნდაც პროგრამირებისთვის. Luna უფრო საოფისე და რუტინულ საქმეებზეა ორიენტირებული (მაგ: დოკუმენტების შეჯამება, ინფორმაციის ამოღება ან მოკლე კითხვებზე სწრაფი პასუხის გაცემა).
ასევე იხილეთ: OpenAI-მ "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი" წარადგინა — GPT-6 Astra
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ეფექტიანობასა და ხელმისაწვდომობას ეხება, რაც API-ზე წვდომის საფასურის მკვეთრი კლებით გამოიხატება. მე-6 სერიის მოდელები წინა, 5.6 სერიის Sol-სა და Luna-სთან შედარებით, 50%-ით იაფად იქნება ხელმისაწვდომი. კომპანიის განმარტებით, ფასის შემცირება ქეშირებისა და მონაცემთა დამუშავების გაუმჯობესებული პროცესების პირდაპირი შედეგია.
OpenAI-ს მტკიცებით, ახალი მოდელები ფაქტობრივად ბევრად ზუსტ პასუხებს აგენერირებს და პროგრამირებისას გაცილებით ნაკლებ შეცდომას უშვებს.
"ჩვენი შიდა ფაქტობრივი შეფასებისას, რომელიც რეალურ საუბრებს ეფუძნებოდა და სადაც მომხმარებლები ჩვენი მოდელების შეცდომებს აღნიშნავდნენ, GPT-6 Sol-მა წინამორბედთან შედარებით დაახლოებით ორჯერ ნაკლები შეცდომა დაუშვა, რითაც ბევრად დაბალ ფასად Astra-ს დონის სანდოობას მიაღწია", — აცხადებენ კომპანიაში.
როგორც წესი, OpenAI საკუთარ ახალ პროდუქტებს მთავარი კონკურენტის, Anthropic-ის, მოდელებს ადარებს და ხაზგასმით ამბობს, რომ Sol და Luna ამოცანებს ბევრად უკეთ უმკლავდება, ვიდრე Anthropic-ის საუკეთესო მოდელები — Fable და Opus.
საგულისხმოა, რომ Anthropic-მა Opus 5.5-ის ახალი ვერსია OpenAI-მდე სულ რაღაც 90 წუთით ადრე გამოუშვა, რაც ტექნოლოგიურ გიგანტებს შორის უკიდურესად მწვავე კონკურენციაზე მიუთითებს.
Sol-ისა და Luna-ს ახალი ვერსიები უკვე ხელმისაწვდომია ChatGPT Work-სა და Codex-ში ფასიანი ანგარიშების უმეტესობისთვის, ასევე ChatGPT API-ში. Luna-ს გამოყენებას შეძლებენ როგორც Desktop აპლიკაციის, ასევე Free და Go პაკეტების მომხმარებლებიც. კომპანიის ინფორმაციით, მოდელები ChatGPT-ის პლატფორმაზე დღის განმავლობაში ეტაპობრივად სრულად ჩაეშვება.
კომენტარები