5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
ისტორიის განმავლობაში ძველ ეგვიპტეს სხვადასხვა ფორმით არაერთი ქალი მართავდა. მათ შორის განსაკუთრებით ცნობილია ჰატშეფსუტი, ნეფერტიტი და კლეოპატრა.
ქრონოლოგიურად, ძველი ეგვიპტის პირველ დედოფლად ნეფრუსებეკი მიიჩნევა, რომელიც მას თითქმის 4000 წლის წინ მართავდა. ამის მიუხედავად, ახალი მონაცემები მიანიშნებს, რომ პირველი ქალი მმართველი, შესაძლოა, მას ათასზე მეტი წლით უსწრებდა. ეს შეიძლება მსოფლიოს მასშტაბითაც უძველესი პრეცედენტი იყოს, თუკი წერილობით შემონახულ ისტორიას ჩავხედავთ.
მისი სახელი მერნეიტი იყო, რაც "ნეიტის რჩეულს" ნიშნავს (ომისა და დედობის ქალღმერთი). ჟურნალ Prague Egyptological Studies-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა მისი სუვერენული სტატუსის იმ მტკიცებულებებს ააშკარავებს, რომლებიც აქამდე შეუმჩნეველი რჩებოდა. ნაშრომში მისი მრავალმხრივი და მრავალწლიანი მმართველობა დეტალურადაა აღწერილი.
პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტის ეგვიპტოლოგმა, სუ კელიმ, და ბუქარესტის უნივერსიტეტის ციფრული არქეოლოგიის სპეციალისტმა, კრისტალ მილერმა, გამოსახულების ციფრული დამუშავების ტექნიკა გამოიყენეს. მათ იეროგლიფები გამოყვეს, საწინააღმდეგო ფერები დასვეს და გამოსახულება მაღალი კონტრასტის ვექტორულ გრაფიკად გარდაქმნეს. ამ მეთოდით მეცნიერებმა "სერეხებზე" — სამეფო ბეჭდებზე — ამოტვიფრული მერნეიტის სახელი გამოავლინეს. ცნობისთვის, სერეხებით სარგებლობის უფლება მხოლოდ ეგვიპტის მმართველებს ჰქონდათ.
აღნიშნული სერეხები თიხის 13 საცობს ამშვენებს, რომლებიც ჭურჭლის დასალუქად გამოიყენებოდა. ისინი 80 წლის წინ იმ ნეკროპოლისში აღმოაჩინეს, სადაც თავად მერნეიტი არ არის დაკრძალული.
ციფრულად დამუშავებული ძველი სერეხები.
"ვფიქრობთ, რომ ეს შედეგი მერნეიტს იმ პერიოდის მმართველთა მთავარ სიმბოლოსთან აკავშირებს. ეს ნიშნავს, რომ პირველი დინასტიის ხანაში ის ნამდვილად ქალი მეფე იყო — არა უბრალოდ 'დედოფალი', არამედ კაცი მმართველის სრულფასოვანი ეკვივალენტი. შესაბამისად, ის ძველი ეგვიპტის მეორე ქალი მმართველია, ვისი სახელიც სამეფო სერეხის ემბლემაზე დაფიქსირდა" — განმარტავს კელი.
მერნეიტის სახელი აბიდოსისა და საკარის სამეფო ნეკროპოლისების სამარხებში მრავალ ობიექტზე გვხვდება, თუმცა ზუსტი სტატუსი დიდხანს გაურკვეველი რჩებოდა. ამის მიუხედავად, მის განსაკუთრებულ სოციალურ მნიშვნელობას მრავალი ფაქტი ადასტურებს, მათ შორის აბიდოსში მდებარე სამეფო აკლდამა — მმართველის "უდავო სამარხი". იქ ღვინის ასობით დიდი ჭურჭელი და მსახურთა თუ კარისკაცთა დასაკრძალად განკუთვნილი 50-ამდე დამხმარე ოთახია განთავსებული.
მისი სახელი ასევე ამოტვიფრულია მონუმენტურ ქვის სტელაზე, რომელსაც მხოლოდ მმართველებს უდგამდნენ. ეს სტელა წყვილიდან ერთ-ერთია, რომელიც მის სამარხში იპოვეს (მეორე იმდენად დაზიანებული იყო, რომ წარწერის ამოკითხვა ვერ მოხერხდა).
მკვლევართა ვარაუდით, მერნეიტის მმართველობა, რომელიც სხვადასხვა ფორმით მინიმუმ 30 წელს გრძელდებოდა, თანამმართველობით დაიწყო. ის ძველ ეგვიპტეს სათავეში რიგით მესამე მეფე ჯერთან ერთად ედგა, რომელიც, სავარაუდოდ, მამამისი იყო. ჯერის სახელი თიხის საცობების სერეხებზე ასევე გვხვდება. ეს დასკვნა ეფუძნება ადრე გამოთქმულ ვარაუდსაც, რომლის მიხედვითაც ის თავდაპირველად ტახტის მემკვიდრე პრინცესა იყო.
მოგვიანებით მერნეიტი, შესაძლოა, რეგენტი გახდა. მაშინ მისი ვაჟი, დენი, ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო. საინტერესოა, რომ დენის სამარხში აღმოჩენილი ბეჭდის ბოლომდე გაუშიფრავი ანაბეჭდი, სავარაუდოდ, მმართველთა ქრონოლოგიას შეიცავს, სადაც მერნეიტის სახელი ბოლოს, "მეფის დედის" ტიტულითაა მოხსენიებული.
"ეგვიპტელები მის პოლიტიკურ სტატუსს აღიარებდნენ, რაც დასტურდება იმითაც, რომ მისი სახელი მომდევნო მმართველის, სემერხეტის, სამარხის ბეჭედზეცაა მოხსენიებული. სხვა ტექსტებიც მიუთითებს, რომ ის ხაზინასა და მოხელეებს განაგებდა და ქვეყანას ოფიციალური პოლიტიკური ტიტულის გარეშე მართავდა" — განმარტავს კელი.
მისი თანამდებობების მრავალფეროვნება, სავარაუდოდ, იმ პერიოდის სამეფო ოჯახში არსებულმა მდგომარეობამ და სქესმა განაპირობა. პოლიტიკური ვითარების ცვლილებასთან ერთად, ის მმართველის სხვადასხვა როლს ირგებდა.


კომენტარები