მეცნიერები დიდხანს იყვნენ დაინტერესებულნი, თუ რატომ არ მოძრაობს ვენერას გარშემო ბუნებრივი თანამგზავრი მაშინ, როცა ზომით, მასითა და შიდა აგებულებით იგი დედამიწას ძალიან ჰგავს. კალიფორნიის რივერსაიდის უნივერსიტეტის (UC Riverside) ახალი კვლევა მიუთითებს, რომ ჩვენმა მეზობელმა ასეთი ობიექტი, სავარაუდოდ, უბრალოდ "გადაყლაპა".

აქამდე არსებული სხვადასხვა ჰიპოთეზის მიხედვით, ვენერას თანამგზავრი ოდესღაც დიდი ზომის სხეულთან შეჯახების შედეგად განადგურდა ან პლანეტას ისეთი შეჯახება საერთოდ არ განუცდია, რომელმაც მსგავსი ობიექტი წარმოქმნა. The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნებული ნაშრომი სრულიად განსხვავებულ სცენარს გვთავაზობს.

"ჩემი კვლევა აჩვენებს, რომ ვენერას დღევანდელ მდგომარეობამდე მისასვლელად რაიმე გარე კატასტროფა არ დასჭირვებია. აღმოჩნდა, რომ თავად პლანეტის გრავიტაციამ და ბრუნვის სიჩქარემ მის ზედაპირზე თანამგზავრის კოლაფსი ბუნებრივად განაპირობა", — განმარტავს კვლევის ავტორი და ასტროფიზიკოსი, სტეფან კეინი.

რა აჩვენა სიმულაციამ?

დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილის გაზომვა მკვლევრებს ზუსტად შეუძლიათ, რადგან მისია Apollo 11-ის დროს ასტრონავტებმა მთვარის ზედაპირზე სპეციალური სარკეები დატოვეს. დაკვირვებების თანახმად, მთვარე დედამიწას წელიწადში დაახლოებით 4 სანტიმეტრით შორდება. ეს პროცესი პლანეტის სწრაფი ბრუნვით (24-საათიანი ციკლით) არის განპირობებული, რაც თანამგზავრს ენერგიას გადასცემს და მის ორბიტას აფართოებს.

ასევე იხილეთ: მთვარე გვშორდება — რატომ ხდება ეს და რას უნდა ველოდოთ

გრაფიკზე ვენერას თანამგზავრის განადგურების ალბათობაა გამოსახული.

ფოტო: Stephen Kane/UCR

ვენერას შემთხვევაში ვითარება სრულიად საპირისპიროა. ის ღერძის ირგვლივ ძალიან ნელა მოძრაობს — ერთი სრული ბრუნისთვის მას იმდენი დრო სჭირდება, რამდენიც დედამიწაზე 243 დღე-ღამეს უტოლდება. ასეთი ნელი ბრუნვისა და ძლიერი მიზიდულობის გამო ნებისმიერი სავარაუდო თანამგზავრი პლანეტას ნელ-ნელა დაუახლოვდებოდა და, საბოლოოდ, მას შეეჯახებოდა.

ასევე იხილეთ: რატომაა პლანეტა ვენერაზე დღე წელიწადზე გრძელი? — კვლევა

ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად კეინმა კომპიუტერული მოდელი შექმნა. მის სიზუსტეში დასარწმუნებლად ჯერ დედამიწისა და მთვარის სისტემის ევოლუციის ისტორია გამოსახა სიმულაციურად. ამის შემდეგ ასტროფიზიკოსმა ვენერას ბრუნვის სიჩქარე და ჰიპოთეზური თანამგზავრების ზომები შეცვალა (მთვარის მასის ნახევრიდან მის ათმაგ მასამდე).

შედეგები ერთმნიშვნელოვანი აღმოჩნდა: თითქმის ყველა სცენარში თანამგზავრი ვენერას შეეჯახა. ამასთან, რაც უფრო დიდი იყო სხეული, მით უფრო სწრაფად ნადგურდებოდა იგი.

"ამ აღმოჩენით გაოგნებული დავრჩი. მეგონა, სცენარების ფართო სპექტრი მრავალფეროვან შედეგებს მოგვცემდა, თუმცა ყველა სიმულაცია თითქმის ერთი მიმართულებით წავიდა", — აღნიშნავს კეინი.

ფოტო: NASA/Jet Propulsion Laboratory-Caltech

რას ნიშნავს ეს შედეგები?

ახალი კვლევა საბოლოოდ ვერ ამტკიცებს, რომ ვენერას გარშემო ოდესმე თანამგზავრი მოძრაობდა. ამის მიუხედავად, ეს ნათლად აჩვენებს, რომ მსგავსი სხეულის არსებობის შემთხვევაში, იგი დიდხანს ვერ გადარჩებოდა.

ასეთი შეჯახების ფიზიკური კვალის პოვნა საკმაოდ რთულია. ვენერას ზედაპირის 80% დაახლოებით მილიარდი წლის წინ ვულკანური პროცესების შედეგად "განახლდა", რამაც ადრეული გეოლოგიური ისტორია წაშალა. მეორე მხრივ, შესაძლოა, კვალი პლანეტის წიაღში იყოს შემონახული — ისევე, როგორც დედამიწის სიღრმეში არსებობს სტრუქტურები, რომლებიც მთვარის წარმოქმნის დროინდელ შეჯახებაზე მიუთითებს.

ასეთ მასშტაბურ შეჯახებას ვენერასთვის უზარმაზარი ენერგია უნდა გადაეცა. ამ მოვლენას პლანეტის ბრუნვა, გეოლოგიური პროცესები და კლიმატი შეეძლო შეეცვალა. თუ ვენერაზე ოდესმე ოკეანეები არსებობდა, თანამგზავრის დაცემას, შესაძლოა, სათბურის ეფექტი და წყლის სრული აორთქლება გამოეწვია.

ეს აღმოჩენა მზის სისტემის ფარგლებსაც სცილდება. ასტრონომები, რომლებიც სხვა ვარსკვლავების ირგვლივ სიცოცხლესთან თავსებად პლანეტებს ეძებენ, ხშირად დედამიწის მსგავს სხეულებს აკვირდებიან. ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ ნელა მბრუნავი პლანეტები თავიანთ თანამგზავრებს ვერ ინარჩუნებს, რაც მათ ევოლუციაზე დრამატულ გავლენას ახდენს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.