მეინუტის უნივერსიტეტის (MU) მკვლევრებმა დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი შექმნეს, რომელიც დღემდე არსებულ მოლეკულურ კომპიუტერებს შორის ყველაზე რთულ და სწრაფ მოდელად მიიჩნევა.

ინოვაციური მიღწევა, რომლის შესახებაც ნაშრომი ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა, ამტკიცებს, რომ დნმ-ის ჯაჭვებისგან შექმნილ მოლეკულურ სისტემას გამრავლების, გაყოფისა და მიმატების ოპერაციების შესრულება შეუძლია.

ტრადიციული კომპიუტერებისგან განსხვავებით, რომლებიც სილიციუმის ჩიპებზე მუშაობს და ელექტროენერგიის უწყვეტ წყაროს საჭიროებს, ახალი სისტემა წყალში მოთავსებული დნმ-ის ურთიერთმოქმედი ჯაჭვების კრებულია. გამოთვლითი პროცესის დასაწყებად სისტემას მხოლოდ მცირედი სითბო სჭირდება.

"სილიციუმზე დაფუძნებული კომპიუტერები უზარმაზარ ენერგიას მოიხმარს. მაგალითად, ირლანდიის ელექტროენერგიის 23 პროცენტი სწორედ გამოთვლებსა და მონაცემთა შენახვაზე იხარჯება. ვინაიდან მხოლოდ ერთი ტიპის კომპიუტერთან გვაქვს შეხება, ამან თვალსაწიერი დაგვივიწროვა, მაგრამ ალტერნატიული მაგალითებიც არსებობს, თუნდაც ჩვენი ტვინი", — ამბობს მეინუტის უნივერსიტეტის პროფესორი და პროექტის ხელმძღვანელი, დემიენ ვუდსი.

მკვლევრებმა სისტემა სინჯარაში წყლისა და მარილის პატარა წვეთის, დნმ-ის მოკლე ფრაგმენტებისა და უფრო გრძელი დნმ-ის ერთგვარი კარკასის მოთავსებით შექმნეს. ნარევის გაცხელებისა და შემდგომი გაგრილების პროცესი დნმ-ს გამოთვლების შესრულების საშუალებას აძლევს.

"სითხის პატარა წვეთი მილიარდობით და ზოგჯერ ტრილიონობით დნმ-ის ჯაჭვს შეიცავს. ეს ჯაჭვები ერთმანეთთან ურთიერთქმედებს და ასე ვიღებთ შედეგს", — განმარტავს კვლევის თანაავტორი და კომპიუტერული მეცნიერი, დოქტორი აბირ ეშრა.

პროფესორ ვუდსის განმარტებით: "მოლეკულები ერთმანეთთან ურთიერთქმედებს, ქმნის სტრუქტურას და სწორედ ეს სტრუქტურაა პასუხი. ერთ-ერთი მთავარი ინოვაცია ისაა, რომ სისტემა ამ პასუხს ენერგიის მუდმივი მიწოდების გარეშე, ბუნებრივად პოულობს."

ექსპერიმენტის ფარგლებში მეცნიერებმა 10 სხვადასხვა პროგრამა გაუშვეს, მათ შორის 100-ბიტიანი გამოთვლები. დნმ-კომპიუტერი საკმაოდ მედეგი აღმოჩნდა. სისტემამ ზედიზედ 25 კალკულაცია წარმატებით შეასრულა. მაგალითად, 11-იდან 34 მილიონამდე დიაპაზონში რიცხვების შეკრებას დაახლოებით 14 საათი დასჭირდა, ხოლო 10-ისა და 3-ის მიმატება სულ რაღაც 30 წამში მოხერხდა.

"სინჯარაში რეაქცია სწრაფად მიმდინარეობს, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც სილიციუმის შემთხვევაში. ეს არცაა ჩვენი მიზანი. სამაგიეროდ, დნმ-ზე დაფუძნებულ სხვა კომპიუტერებთან შედარებით ჩვენი მოდელი ყველაზე სწრაფია", — აღნიშნავს დოქტორი ეშრა.

კვლევა ევროპის ინოვაციების საბჭოს მიერ გამოყოფილი 4 მილიონი ევროთი ფინანსდება პროექტ DISCO-ს ფარგლებში, რომელიც მონაცემთა შენახვისა და გამოთვლებისთვის დნმ-ტექნოლოგიების განვითარებას ემსახურება. პროფესორ ვუდსის შეფასებით, ალტერნატიული კომპიუტერული სისტემების ძიება ჯერ კიდევ სრულიად ახალი, შეუსწავლელი სივრცეა და ზუსტად არავინ იცის, საით წაგვიყვანს მომავალი.

მიუხედავად ამისა, მეცნიერების ეს მიღწევა მონაცემთა გრძელვადიანი შენახვისა და ენერგოეფექტიანი გამოთვლებისთვის უდიდეს პერსპექტივას უკვე ქმნის. სამომავლოდ კი მსგავსი მოლეკულური სისტემები, შესაძლოა, უჯრედების შიგნით დაავადებების აღმოსაჩენადაც ფართოდ გამოიყენონ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.