ხელოვნურ ინტელექტს ყველაფერს უჯერებთ? — MIT-ის ანგარიშის მიხედვით, სტუდენტები AI-სთან "გონებრივად ნებდებიან"
ფოტო: Shutterstock / Futurism
ხელოვნურმა ინტელექტმა (AI) უკვე ყოველდღიური ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტი მოიცვა. სტუდენტები მას სასწავლო პროცესშიც აქტიურად იყენებენ და მასზე ზედმეტად მინდობის შედეგებიც სახეზეა.
ზოგი მთელს ძალისხმევას იმაში ხარჯავს, რომ დავალებების საწერად AI გამოიყენოს და ამაში არავინ გამოიჭიროს. ამავდროულად გამოცდებში შედეგებიც მკვეთრად მცირდება, რადგან სტუდენტებს ტექნოლოგიის გამოუყენებლად უჭირთ თავის გართმევა.
საქმე მხოლოდ ნიშნებს როდი ეხება. ზოგიერთი სტუდენტი დისკუსიებში ჩართვის უნარსაც კარგავს ნაწილობრივ იმის გამო, რომ მათ გონებრივ შრომას AI ინაწილებს.
2026 წლის აგვისტოში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მკვლევრებმა ანგარიში გამოაქვეყნეს კონკრეტულად MIT-ში საგანმანათლებლო სიტუაციის შესახებ. გვაფრთხილებენ, რომ ზემოხსენებულ ტენდენციას "კოგნიტიურ დათმობამდე" მივყავართ. ამ დროს ადამიანების ინტელექტუალურ დამოუკიდებლობას AI-სგან მიღებული პასუხები თრგუნავს.
"რაც მეტი უნარი ეძლევა AI-ზე მომუშავე ტექნოლოგიებს, შესაძლებელი იქნება — და მაცდუნებელიც — რომ მათ მეტი "სააზროვნო" საქმე გადავაბაროთ; რა გასაკვირია, სტუდენტებმა გვითხრეს, რომ ცდუნება ყველაზე დიდი მაშინ იყო, როცა ბოლო ვადის გადაცილებისა ეშინოდათ", — ვკითხულობთ MIT-ის ანგარიშში — "მეორე მხრივ, არსებობს ადრეული ნიშნები იმისა, რომ ჩატბოტებზე ზედმეტად დაყრდნობამ შეიძლება არაერთი სახის მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებამდე მიგვიყვანოს — კრიტიკული აზროვნების შესუსტება იქნება ეს, მეხსიერების გაუარესება, თავდაჯერების შემცირება თუ ოსტატობაში ხელშეშლა".
საკითხი საკმაოდ კომპლექსურია, რადგან ზოგიერთი უნივერსიტეტი AI-ს უფრო ფართო დანერგვას ცდილობს, ამისგან თავის არიდების ნაცვლად. მეორე მხრივ, ამის რისკებზე განათლების არაერთი სპეციალისტი საუბრობს — ადამიანები, რომელთაც ჰქონიათ შეხება AI-ზე დამოკიდებულ სტუდენტებთან და მათ აკადემიურ პრობლემებთან.
"ვფიქრობ, უნდა დაეყრდნო, თუმცა ეს დაფიქრებულად და ეთიკურად უნდა გააკეთო და სწორი კითხვები დასვა", — New York Times-თან საუბრისას განაცხადა ვენდი ჰენზელმა, ჰავაის უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა — "AI-ზე სწორი პასუხი უბრალოდ "არა" არ არის. ვერ იქნება. ცნობისმოყვარეობით უნდა მივუდგეთ და შესაძლო შედეგები გააზრებული გვქონდეს".
ცნობისთვის, არაერთი სხვა კვლევა მოწმობს, რომ AI ჩატბოტებზე ზედმეტად მინდობას განათლებაზე შეიძლება დამანგრეველი შედეგები ჰქონდეს. MIT-ის შარშანდელი კვლევის მიხედვით, სტუდენტები ნასწავლის გათავისებას ვერ სწავლობენ.
"არსებითად მეხსიერების არცერთი ის ქსელი არ გამოგიყენებია, რომელიც რეალურად დაგეხმარებოდა დამახსოვრებაში", — NYT-თან საუბრისას განაცხადა ნატალია კოსმინამ, ნაშრომის თანაავტორმა და MIT-ის მკვლევარმა.
ამავდროულად არაერთი უნივერსიტეტი იმ აზრზეა, რომ უმნიშვნელოვანესია, სტუდენტები AI-თ მართული მომავლისთვის მოამზადონ. ეს, ცხადია, იმის რისკსაც მოიცავს, რომ სტუდენტთა სააზროვნო უნარები კიდევ უფრო შესუსტდეს.
ზოგი საგანმანათლებლო დაწესებულება ბევრად მკაცრ საზღვრებს აწესებს. მაგალითად, წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გამოაცხადეს, რომ ტელეფონების, ტაბლეტების და ლეპტოპების გამოყენებასაც კი აკრძალავდნენ პირველ კურსზე.
კომენტარები