Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
ფოტო: Nvidia
ჩიპების მწარმოებელი გიგანტის, Nvidia-ს, აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტი (AI) უახლოეს წლებში კაცობრიობის გადაშენებას არ გამოიწვევს. მან კომპანია Anthropic-ის ყოფილი მკვლევრის, ჯეიკობ კოქსონისა, და სხვა ექსპერტების გაფრთხილებებს "განკითხვის დღის" გადაჭარბებული ნარატივები უწოდა.
CBS News-თან ინტერვიუში 5-ტრილიონიანი კომპანიის თანადამფუძნებელმა აღნიშნა, რომ პროგნოზები AI-ს მიერ გამოწვეულ მასობრივ გადაშენაბზე "მეცნიერულ მტკიცებებს არ ეფუძნება". ჰუანგმა კოქსონის მოსაზრებას, რომ AI ათწლეულის ბოლოს კაცობრიობას გაანადგურებს, ასე უპასუხა:
"2030 წელი არ იქნება სამყაროს აღსასრული. 0%-ია იმის შანსი, რომ ეს სამყაროს აღსასრული იქნება. ხალხის დაშინება არ არის საჭირო. ეს უპასუხისმგებლობაა," — განაცხადა ჰუანგმა.
ინდუსტრიაში ამ თემაზე მწვავე დისკუსია მიმდინარეობს. Anthropic-ის დირექტორი დარიო ამოდეი, OpenAI-ის ხელმძღვანელი სემ ალტმანი და ილონ მასკი ტექნოლოგიის განვითარების შენელებას ითხოვენ. აშშ-ის კანონმდებლები კომპანიებს შექმნილი რისკების გამო აკრიტიკებენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ კრიმინალები და სახელმწიფო ჯგუფები AI მოდელებს ბომბებისა და სასიკვდილო პათოგენების შესაქმნელად იყენებდნენ.
ასევე იხილეთ: ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
მიუხედავად ამისა, ჰუანგი მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების ახალი რეგულაციების მოთხოვნით AI კომპანიები რეალურად უკვე არსებული კანონებისგან თავის არიდებას ცდილობენ.
"კიბერუსაფრთხოების კანონები გაქვთ არაავტორიზებული შეღწევის შესახებ, გაქვთ ვალდებულებები ზიანის ანაზღაურებაზე... თუ თქვენი პროდუქტი ზიანს აყენებს სხვას, თუ თქვენი პროდუქტი ისე არ მუშაობს, როგორც დაჰპირდით მომხმარებელს და, თუ კომპანიებთან მომსახურების ხელშეკრულებები გაქვთ გაფორმებული, ამასთან დაკავშირებით უამრავი კანონი არსებობს. ჩემი სათქმელი ისაა, რომ ჯერ ისინი გამოიყენეთ და არ მისცეთ ამ განკითხვის დღის ნარატივს იმის საშუალება, რომ ვინმე ამჟამად არსებული კანონებისგან გაათავისუფლოს," — განმარტა ჰუანგმა და დაამატა: "ახლა, წაიკითხეთ სტრიქონებს შორის აზრი. სინამდვილეში მეტ კანონს კი არ ითხოვენ — ითხოვენ, რომ იმ კანონებისგან გათავისუფლდნენ, რომლებიც უკვე გვაქვს, და, ვფიქრობ, ეს პრობლემაა."
ხელოვნური ინტელექტის განვითარების შეჩერების იდეას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ეწინააღმდეგება, რომელმაც შიშებს "შეთქმულება" უწოდა და აღნიშნა, რომ პროცესის შენელება ჩინეთს უპირატესობას მისცემს.
ტონი ბლერის ინსტიტუტის (TBI) მიერ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში მთავრობებს აფრთხილებენ, რომ წინა ინდუსტრიული რევოლუციებისგან განსხვავებით, AI სამყაროს ერთ ათწლეულში შეცვლის, მაგრამ თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტები და პოლიტიკური ლიდერები ამ სწრაფი და მასშტაბური ტრანსფორმაციისთვის სათანადოდ მზად არ არიან. ამასთან, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ხელოვნური ინტელექტის აუთვისებლობის შემთხვევაში, სახელმწიფოები სხვა ქვეყნებთან შედარებით "ღრმა და მზარდი ჩამორჩენის" რისკის წინაშე აღმოჩნდებიან.
კომენტარები