ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა!
Optio-მ, საქართველოში კლიენტთა ჩართულობის მოწინავე პლატფორმამ, 23 სექტემბერს სასიხარულო ამბავი გვამცნო: პლატფორმამ მილიონდოლარიანი ინვესტიცია მოიზიდა!
როგორც პლატფორმის ვებსაიტზე ვკითხულობთ, კერძო ინვესტორებთან Optio-მ $1M ოდენობის საინვესტიციო რაუნდი დახურა; ეს Optio-ს საშუალებას მისცემს, SaaS მიწოდების მოდელის განვითარება დააჩქარონ და რეგიონში ახალ ბაზრებზე მის გაფართოებას შეუწყონ ხელი.
SaaS მოდელი მიწოდების ახალი ქსელია კომპანიებისთვის ფინანსურ სექტორს მიღმა. განკუთვნილია კომპანიებისთვის, რომელთაც პროდუქციის სწრაფი გამოშვება სჭირდებათ და რომლებიც ნაკლებადაა რეგულირებული. ეს შეიძლება იყოს ელექტრონული კომერცია, საცალო ვაჭრობა, ფარმაცია, ჯანდაცვა თუ სხვა.
"ეს ინვესტიცია საშუალებას მოგვცემს, ჩვენი პლატფორმა SaaS მოდელით ხელმისაწვდომი გავხადოთ და ის პროდუქტი, რომელსაც წლებია ენდობიან წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები, შევთავაზოთ სხვა ინდუსტრიებსაც, მათ შორის საცალო ვაჭრობას, ელ. კომერციას, ფარმაციას, ტელეკომს და ა. შ.", — ვკითხულობთ Optio-ს ფეისბუკგვერდზე.
Optio გეგმავს, რომ არსებულ კლიენტებს უფრო და უფრო აქტიურად მოემსახურება, ხოლო ახალ ინვესტიციას კი პროდუქტის განვითარების დასაჩქარებლად გამოიყენებს.
"ეს საინვესტიციო რაუნდი საშუალებას მოგვცემს განვაგრძოთ მუშაობა იმაზე, რაც საქართველოში უკვე დავამტკიცეთ, და კიდევ უფრო განვავითაროთ ის", — აცხადებს შოთა გიორგობიანი, Optio-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი — "On-premise პლატფორმის სახით დავიწყეთ, რომელსაც ქვეყნის უდიდესი ფინანსური ინსტიტუტები ენდობიან. ახლა პროდუქტის ხელმისაწვდომობას ვზრდით სხვა ინდუსტრიებისთვის და საერთაშორისო წარმომადგენლობას ვაფართოებთ, რათა ბევრად მასშტაბურ ბაზარს მოვემსახუროთ".
როგორც მათსავე ვებსაიტზე ვკითხულობთ, Optio კლიენტთა ჩართულობის პლატფორმაა, რომელიც საქართველოში შეიქმნა, ზურგს კი საერთაშორისო აქსელერატორები უმაგრებს: Techstars, რომელსაც სხვა კომპანიებს შორის Uber-ის, DigitalOcean-ისა და SendGrid-ის განვითარებაში შეუტანია წვლილი და StartupYard, უძველესი აქსელერატორი ევროპაში. Optio-ს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის Most Promising Startup ტიტული და Fincluders-ის სპეციალური ჯილდო; იგი AWS-მა არსებითი ცვლილებების გამომწვევ პლატფორმებს შორის დაასახელა. Optio-მ არაერთ წარმატებას მიაღწია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პროგრამებშიც.
Optio-ს მომსახურებით ქართულ ფინანსურ სექტორში არაერთი მსხვილი კომპანია სარგებლობს, მათ შორის ლიბერთი ბანკი, Crystal, Silk, Tera და GPI ჰოლდინგი.
კომენტარები