კომპანია Anthropic-მა სამშაბათს, 22 სექტემბერს, ახალი მოდელი Opus 5.5 წარადგინა. მათივე მტკიცებით, კოდირებასა და გონებრივ სამუშაოში იგი ახალ სტანდარტს აწესებს.

Anthropic-ის Claude სერიაში Opus ყველაზე მძლავრი და ძვირადღირებული მოდელია, Sonnet საშუალო პოზიციას იკავებს, ხოლო Haiku ყველაზე სწრაფი და იაფია. Anthropic ასევე აღნიშნავს, რომ ახალი მოდელი უფრო დიდ Fable მოდელს ბევრ ტესტში უსწრებს წინ და მან არაერთი ისეთი არაფორმალური დავალება შეასრულა, რომელთაც Fable ვერ გაუმკლავდა.

ახალი მოდელი წინამორბედთან შედარებით საგრძნობლად იაფია. მომხმარებელი Opus 5.5-ის ერთ მილიონ გამომავალ ტოკენში $20-ს გადაიხდის, ნაცვლად $25-ისა, როგორც წინა მოდელის შემთხვევაშია. ფასები სხვა მახასიათებლებზეც მსგავსად შემცირდა. გარდა ამისა, მოდელი უფრო სწრაფად მუშაობს და მისი ფუნქციონირებისთვისაც ნაკლები გამოთვლითი რესურსია საჭირო.

Opus-ის ახალ ვერსიაში კომუნიკაციის სტილიც საგრძნობლად შეიცვალა. Opus 5.5 უფრო იშვიათად იყენებს ზედმეტ წინადადებებს და მნიშვნელოვან ინფორმაციას პასუხის დასაწყისშივე იძლევა.

ცნობისთვის, Opus 5.5-ის წინა ვერსია Opus 5 სულ რაღაც ორი თვის წინ, 24 ივლისს, წარადგინეს. Anthropic-ის ცნობით, მსგავსად გაუმჯობესებული მომდევნო მოდელები — Sonnet 5.5 და Haiku 5.5 — "მომავალ კვირებში" გამოვა.

კომპანიის განცხადებით, ბიოლოგიისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით Opus 5.5 მოდელი Mythos-ს უტოლდება. ამის გამო მისი გამოშვების დროსაც იმავე უსაფრთხოების წესებით ისარგებლეს, რომლებითაც კომპანიის Fable მოდელის შემთხვევაში. ეს წესები უზრუნველყოფს იმას, რომ, მაგალითად, მოდელი ნაკლებად გამოიყენონ პროგრამებში სუსტი წერტილების აღმოსაჩენად ან თუნდაც ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად.

სხვათა შორის, Opus 5.5 კომპანიის პირველი მოდელია მას შემდეგ, რაც აღმასრულებელმა დირექტორმა დარიო ამოდეიმ მხარი დაუჭირა ინიციატივას, მოწინავე ტექნოლოგიების განვითარების ტემპი შენელდეს. ეს AI-ს პროგრესის განზრახ შენელებას გულისხმობს, რათა იგი უკეთ მოვიდეს ადამიანის ნებასთან შესაბამისობაში (alignment).

იხილეთ: ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ

"დავრწმუნდი, რომ რისკების სრულად მოგვარება კიდევ უფრო მეტ სიფრთხილეს მოითხოვს", — დაწერა ამოდეიმ თვის დასაწყისში — "რაც გულისხმობს არა მხოლოდ რისკების პრევენციაში ინვესტირებას, არამედ შესაძლებლობების განვითარების ტემპის გაკონტროლებასაც, რათა რისკების პრევენციამ პროცესს ფეხი აუწყოს".

უსაფრთხოების მიმართულებით Opus 5.5 წინამორბედის მსგავსად გაიწვრთნა. ეს ღირებულებებთან შესაბამისობის ტესტირებასა და გამოშვებამდე შეფასებას მოიცავდა გარე ორგანიზაციების, მათ შორის METR-ისა და Frontier Design-ის, მიერ. მეორე მხრივ, Anthropic ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კომპანია სამომავლო მოდელების წვრთნისა და შეფასებისთვის უკვე ამზადებს უფრო დახვეწილ სისტემებს.

"რაც უფრო ძლიერდება AI, საჯარო პოლიტიკამ მით უფრო დიდი როლი უნდა ითამაშოს იმის უზრუნველყოფაში, რომ სისტემები, რომლებსაც ადამიანები ეყრდნობიან, უსაფრთხო იყოს. ამ რესურსის შექმნას დრო სჭირდება და ჩვენ მისი მხარდამჭერი ინფრასტრუქტურის მომზადება უკვე დავიწყეთ", — ვკითხულობთ ბლოგპოსტში — "ველოდებით, რომ ამ ძალისხმევის შესახებ დამატებით დეტალებს მალე გაგიზიარებთ."

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.