ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
ფოტო: ShaoChen Yang/Moment/Getty Images
ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრისა და ორეგონის უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდის განცხადებით, მათ უშუალოდ ეგზოპლანეტიდან (მზის სისტემის გარეთ არსებული პლანეტიდან) მომავალი რადიოსიგნალები დააფიქსირეს. ამის შესახებ ნაშრომი არარეფერირებად პლატფორმა arXiv-ზე გამოქვეყნდა და ჯერ რეცენზირება არ გაუვლია.
აქამდე შორეულ სისტემებში დაფიქსირებული რადიოსიგნალების ზუსტი წყაროს დადგენა ვერ ხერხდებოდა. გაურკვეველი რჩებოდა, ისინი პლანეტიდან მოდიოდა თუ იმ ვარსკვლავიდან, რომლის გარშემოც ის მოძრაობს.
მეორე მხრივ, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ არამიწიერი ცივილიზაციები ჩვენთან დაკავშირებას ცდილობენ.
სინამდვილეში, ამ რადიოტალღებს ეგზოპლანეტის პოლარული ციალი წარმოქმნის. ციალს ატმოსფეროსა და მაგნიტურ ველთან დამუხტული ნაწილაკების ურთიერთქმედება განაპირობებს, რა დროსაც ენერგია გამოიყოფა. ამგვარი ნათება დედამიწაზეც გვხვდება: ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსების მიმდებარედ.
ეგზოპლანეტა ვარსკვლავ ბეტა მხატვრის ირგვლივ არსებული სამი პლანეტიდან ერთ-ერთია (მესამე ციური სხეული ამ დიაგრამაზე არ ჩანს).
ფოტო: Ceballos et al., arXiv, 2026
"პოლარული ციალით გამოწვეული რადიოანთებები მზის სისტემის პლანეტებსა და ზოგიერთ ულტრაცივ ჯუჯა ვარსკვლავზეც შეინიშნება. ამის მიუხედავად, აქამდე რადიოსიგნალის ზუსტ წყაროდ მნათობის ნაცვლად უშუალოდ ეგზოპლანეტა არ განუსაზღვრავთ.
ჩვენ სწრაფი, განმეორებადი და წრიულად პოლარიზებული იმპულსები, ასევე მუდმივი გამოსხივება, დავაფიქსირეთ, რომელთა სიხშირეც 0.85-იდან 3.5 გიგაჰერცამდეა" , — აღნიშნავენ მკვლევრები თავიანთ ნაშრომში.
სწორედ ამ სიხშირეებს აკვირდებოდნენ მეცნიერები 2025-2026 წლებში (4 ეტაპად) სამხრეთ აფრიკაში განთავსებული MeerKAT-ის რადიოტელესკოპების სისტემით.
ასტრონომთა ყურადღების ცენტრში ვარსკვლავი ბეტა ფერმწერი მოექცა (ფერმწერის თანავარსკვლავედში), რომელიც დედამიწიდან დაახლოებით 63.4 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. მის ირგვლივ სამი ცნობილი პლანეტა მოძრაობს: ბეტა ფერმწერი b, c და d.
დაკვირვების შედეგად მკვლევრებმა მოკლე, განმეორებადი რადიოიმპულსები გამოავლინეს. რადიოტალღები ძლიერი წრიული პოლარიზაციით ხასიათდებოდა, რაც პოლარული ციალისგან გამოსხივებული ტალღების კლასიკური ნიშანია.
ცაზე ორიენტირად კვაზარების (გალაქტიკების ზეკაშკაშა ბირთვების) გამოყენებით მეცნიერებმა მაღალი სიზუსტით დაადგინეს, რომ სიგნალებს არა თავად ვარსკვლავი, არამედ ეგზოპლანეტა ბეტა მხატვარი b გამოსცემდა. თავად მნათობი "ადრეული ტიპის" ვარსკვლავია — მზეზე ბევრად ცხელი, დიდი და სტრუქტურულად განსხვავებულია.
ასევე იხილეთ: აღმოაჩინეს უძველესი კვაზარები, რომელთაც ტრილიონი მზის სინათლე აქვს
"ადრეული ტიპის ვარსკვლავებში რადიოგამოსხივების გამომწვევი არცერთი ცნობილი ფიზიკური მექანიზმი არ არსებობს, რომელიც ამ მოვლენას ახსნიდა", — წერენ ავტორები
კვლევამ ასევე აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი რადიოსიგნალის იდენტიფიცირება. მისი მახასიათებლები ელექტრონულ-ციკლოტრონულ მაზერულ არამდგრადობაზე (ECMI) მიუთითებს — იმავე პროცესზე, რომელიც დედამიწასა და იუპიტერზე პოლარულ ციალს წარმოქმნის.
ამასთან ერთად, ეს პროცესი ეგზოპლანეტის მაგნიტური ველის შესახებაც მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. აღმოჩნდა, რომ მას განსაკუთრებით ძლიერი მაგნიტური ველი აქვს. ეს ამ ობიექტისა და მისი დინამო-ეფექტის (შიდა პროცესები, რომლებიც მაგნიტურ ველს წარმოქმნის) შესახებ არსებულ ადრინდელ მოდელებს ემთხვევა.
"ეს ეგზოპლანეტის მაგნიტური ველის სიმძლავრის პირველი პირდაპირი გაზომვაა, რაც ახალგაზრდა, გიგანტური პლანეტის დინამო-პროცესების პროგნოზებს სრულიად შეესაბამება", — აღნიშნავენ ავტორები.
გამოთვლების თანახმად, ბეტა მხატვარ b-ის მაგნიტური ველი დედამიწისაზე სულ მცირე ათასჯერ უფრო ძლიერია. პოლარული ციალის რადიოგამოსხივებას, სავარაუდოდ, ეგზოპლანეტის სწრაფი ბრუნვა უწყობს ხელს — ის საკუთარი ღერძის გარშემო სრულ ბრუნს სულ რაღაც 8-9 საათში ასრულებს.
იგი 2008 წელს აღმოაჩინეს. ობიექტი მასით იუპიტერს დაახლოებით 10-ჯერ აღემატება. ახლა კი ის პირველი ეგზოპლანეტა გახდა, რომლიდან მომავალი მკაფიო რადიოსიგნალის დაფიქსირებაც შევძელით.
ახლა მეცნიერები სხვა ეგზოპლანეტებზე დაკვირვებას გეგმავენ. კერძოდ, საუბარია ახლომდებარე ვარსკვლავურ სისტემებში არსებულ შვიდ ცნობილ გიგანტურ ეგზოპლანეტაზე, რომელთა მონაცემებიც შეიძლება იმავე მეთოდით გააანალიზონ. ამისთვის საჭიროა, რომ რადიოტელესკოპთა მგრძნობელობა გაიზარდოს.


კომენტარები