"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
ფოტო: Meta
Facebook-ის მშობელმა კომპანია Meta-მ ღონისძიება Connect-ზე ახალი თაობის ჰოლოგრამული ავატარები წარმოადგინა, რომლებიც Meta Ray-Ban-ის ეკრანიან სათვალეებსა და ახალ VR მოწყობილობებში იქნება ხელმისაწვდომი. კომპანიის წინა მცდელობებთან შედარებით ეს დიდ წინგადადგმულ ნაბიჯად შეგვიძლია მივიჩნიოთ — წინა ვერსიებთან შედარებით ახალი ციფრული ასლები მეტად დახვეწილი და რეალურია.
ტექნოლოგიის განვითარების მასშტაბებს კარგად აღწერს ტექნოლოგიური გამოცემა Engadget-ის ჟურნალისტის, კარისა ბელის, პირველი შთაბეჭდილებაც:
"ცოტა მრცხვენია კიდეც იმის აღიარება, რომ, როდესაც Meta-ს ახალი ჰოლოგრამული ავატარი პირველად ვნახე... მაშინვე ვერც კი მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი. აი, აქამდე მივიდა კომპანიის ტექნოლოგია ბოლო ორი წლის განმავლობაში".
ავატარი Meta-ს AI აპლიკაციიდან იქმნება და ამას დაახლოებით 5 წუთი სჭირდება. სმარტფონის კამერით მომხმარებელი სახის სხვადასხვა რაკურსს აფიქსირებს და ხმოვან შეკითხვებს სცემს პასუხს. მაგალითად, აპლიკაცია გეკითხებათ: "როგორია შენი იდეალური დღე?" ან "რა არის შენი ჰობი და რატომ მოგწონს ის?". აპლიკაცია ასევე სთხოვს მომხმარებელს: "გაიღიმე და გამოაჩინე კბილები", რათა მიმიკები ზუსტად აღიქვას.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით ახალი მოდელი, Muse Realtime Avatar, მომხმარებლის ციფრულ ასლს ქმნის, რომლის გამოყენებაც WhatsApp-ისა და Zoom-ის ვიდეოზარებშია შესაძლებელი. შეცდომაში შეყვანის თავიდან ასაცილებლად Meta ყველა მსგავს ვიდეოზარს სპეციალურ გამჭვირვალე ე. წ. წყლის ნიშანს ადებს. ამით მკაფიოდ მიუთითებენ, რომ ეკრანზე ხელოვნური ინტელექტის გენერირებული გამოსახულებაა.
Meta-ს ახალი VR სათვალეების შემთხვევაში ტექნოლოგია კიდევ უფრო ამბიციურია. გაუმჯობესებული შიდა კამერებისა და სენსორების დახმარებით მოწყობილობა რეალურ დროში კითხულობს მიმიკებს. ჟურნალისტის შეფასებით, Meta-ს ახალი სრული ზომის ავატარები ბევრად ბუნებრივია, ვიდრე Apple-ის Vision Pro-ს Persona, რომელიც, მისი თქმით, "უცნაურად გლუვია და უცხოპლანეტელს ჰგავს".
პროგრესი თვალსაჩინოა, თუმცა ჰოლოგრამები ჯერ კიდევ წინასწარი ჩვენების რეჟიმშია და გარკვეული ხარვეზებიც ფიქსირდება. როგორც თავად Meta-ს წარმომადგენლები აღნიშნავენ, ისინი უკვე ხშირად შედიან სამუშაო შეხვედრებზე თავიანთი ავატარებით. ეს შეიძლება მშვენიერი ალტერნატივა იყოს იმ შემთხვევებისთვის, როდესაც კამერის წინ გამოსაჩენად ბოლომდე მზად არ ვართ.
ჰოლოგრამები Meta Ray-Ban ეკრანიანი სათვალეების მომხმარებლებისთვის მიმდინარე წლის შემოდგომიდან გახდება ხელმისაწვდომი.
კომენტარები