ეგზოპლანეტა, სახელწოდებით GJ 3090 b, 2022 წელს აღმოაჩინეს. ის დედამიწიდან დაახლოებით 73 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. აღმოჩნდა, რომ იგი წითელი ჯუჯა ვარსკვლავის ირგვლივ მკვეთრად გადახრილ ორბიტაზე მოძრაობს და მეტიც — მისი ბრუნვის საპირისპირო მიმართულებით გადაადგილდება.

ასეთი უცნაური ორბიტის ახსნა მკვლევრებს გაუადვილდებოდათ, GJ 3090 b-ის გვერდით რომელიმე მასიური სხეული — აირის გიგანტი პლანეტა, ყავისფერი ჯუჯა ან მეზობელი ვარსკვლავი რომ არსებობდეს. ამის მიუხედავად, ეს ობიექტი სრულიად მარტოა.

"ჩვენდა გასაოცრად, GJ 3090 b მხოლოდ მკვეთრად გადახრილი ორბიტით კი არ გამოირჩევა, არამედ რეტროგრადულადაც მოძრაობს, ანუ თავისი ვარსკვლავის ბრუნვის საპირისპირო მიმართულებით გადაადგილდება", — აღნიშნა ჟენევის უნივერსიტეტის ასტრონომიის დეპარტამენტის მკვლევარმა, იან კარტერემ.

ორბიტალური წესების დარღვევა

პლანეტები ახალგაზრდა ვარსკვლავების ირგვლივ არსებული აირისა და მტვრის დისკოებში ყალიბდება. ეს მატერია ცენტრალური მნათობის მსგავსი მიმართულებითვე ბრუნავს. შესაბამისად, წარმოქმნილი პლანეტებიც იმავე ტრაექტორიით უნდა გადაადგილდებოდეს.

ამასთან, პლანეტები მშობლიური ვარსკვლავის ორბიტალურ სიბრტყესაც უნდა იზიარებდეს. მნათობის ბრუნვის ღერძსა და პლანეტის ორბიტის სიბრტყეს შორის სხვაობის კუთხეს Ψ (ფსი) ეწოდება. ის პლანეტური სისტემის ჩამოყალიბების პროცესში მომხდარი პერტურბაციების (ჩვეულებრივი ან პროგნოზირებადი მდგომარეობიდან მცირე გადახრა, რომელსაც გარეშე ძალის ან დამატებითი ფაქტორის ზემოქმედება იწვევს) შედეგად ყალიბდება. შედარებისთვის, დედამიწის შემთხვევაში Ψ კუთხე 7 გრადუსს შეადგენს.

"Ψ კუთხის გაზომვა პლანეტური სისტემების წარმოქმნასა და ევოლუციაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ მისი განსაზღვრა სხვა სისტემების შემთხვევაშიც ვცადეთ", — განმარტა კარტერემ.

GJ 3090 b რადიუსით დედამიწას 2.2-ჯერ, ხოლო მასით 4.5-ჯერ აღემატება. იგი "სუბნეპტუნების" (ეგზოპლანეტები, რომლებიც ნეპტუნზე პატარა და დედამიწაზე დიდია) ტიპს მიეკუთვნება, რომელიც ირმის ნახტომის გალაქტიკაში საკმაოდ გავრცელებულია. ლა-სილას ობსერვატორიის NIRPS-ის ინსტრუმენტით აღნიშნული ეგზოპლანეტის შესწავლისას მეცნიერებს უჩვეულო სურათი დახვდათ — აღმოჩნდა, რომ მისი Ψ კუთხე 136 გრადუსს აღწევს.

"ინფრაწითელ დიაპაზონში NIRPS-ის მაღალმა სიზუსტემ მოგვცა იმის საშუალება, რომ ასეთი მცირე ზომის პლანეტის შემთხვევაში მის ორბიტალურ და ვარსკვლავის ეკვატორულ სიბრტყეებს შორის კუთხე გაგვეზომა“, — აღნიშნა ჟენევის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ლენა პარკმა.

ეგზოპლანეტა GJ 3090 b-ის NASA-ს მიერ შექმნილი ვიზუალიზაცია.

ფოტო: NASA

ეს ერთ-ერთია იმ ხუთ ცნობილ პლანეტურ სისტემას შორის, რომელშიც Ψ კუთხე 70 გრადუსს აღემატება. მეორე მხრივ, დანარჩენ ოთხ შემთხვევაში ორბიტის მკვეთრ გადახრას გვერდით არსებული მასიური ობიექტები იწვევს, GJ 3090-ის სისტემაში კი მსგავსი კომპანიონი არ ფიქსირდება.

"ახლომახლო მასიური სხეულის არარსებობა მეცნიერებს აიძულებს, სხვა ჰიპოთეზებიც განიხილონ", — განაცხადა ჟენევის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ვენსან ბურიემ, და დასძინა: "შესაძლოა, GJ 3090-ის განვითარების ადრეულ ეტაპზე მის გარშემო მეორეული, უკუღმა მბრუნავი აირ-მტვრის დისკო ჩამოყალიბდა, რომელშიც მოგვიანებით პლანეტები წარმოიქმნა".

მკვლევართა ნაშრომი სამეცნიერო ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.