ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
ფოტო: CCTV
6 წლის ჩინელმა გოგომ რუბიკის კუბი საშუალოდ 4 წამზე ოდნავ მეტ დროში ააწყო, რაც ქალებში ახალი მსოფლიო რეკორდია. ამის შესახებ ინფორმაცია ჩინეთის სახელმწიფო ტელემაუწყებელმა CCTV გაავრცელა.
ახალი რეკორდსმენი ლიან იუნჭია. ის აქტიურად მონაწილეობს ე.წ. სპიდკუბინგის შეჯიბრებებში, რომელთა მიზანიც კუბის ყველაზე სწრაფად ამწყობი ადამიანების გამოვლენაა. მიმდინარე თვეში ასეთი შეჯიბრება უხანსა და გუანჯოუში რუბიკის კუბის მსოფლიო ასოციაციამ მოაწყო. გოგომ 3x3 განლაგების კუბი ორივეჯერ რეკორდულად სწრაფ საშუალო დროში ააწყო.
"საშუალო" იმიტომ ითქმის, რომ საბოლოო შედეგს 5 მცდელობისას დაფიქსირებული დროის მიხედვით ითვლიან. ლიანის შემთხვევაში ეს 4.52 და 4.27 წამი იყო. ამის წყალობით ის ქალთა შორის პირველი სპიდკუბერი გახდა, რომლის შედეგიც 4.5 წამზე ნაკლებია.
ინტერნეტში შეჯიბრებაზე გოგოს გამოსვლის ვიდეოც გავრცელდა. კადრებში ვხედავთ, როგორ სწრაფად ატრიალების ის კუბის სხვადასხვა სექციას და რამდენად მცირე დროში ახერხებს მის აწყობას.
ქალაქ ჩენდუში მცხოვრები ბავშვის დედის, ლინ იანგსის, თქმით, მისი შვილი რუბიკის კუბით კლასგარეშე გაკვეთილებისას დაინტერესდა. ამის გარდა იქ სხვადასხვა აქტივობასაც ასწავლიან, მათ შორის ცეკვასა და მუსიკას.
იანგსი ამბობს, რომ ნელ-ნელა გააცნობიერა, რამდენად კარგი საშუალებაა რუბიკის კუბის აწყობა ბავშვისთვის, რომ საკუთარი შეუზღუდავი შესაძლებლობები გამოავლინოს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, ყურადღება სწორედ ამ აქტივობისთვის დაეთმო.
ლიანმა რუბიკის კუბის აწყობის 1300-ზე მეტი ალგორითმი უკვე აითვისა. ის დღეში 2-3 საათის განმავლობაში ვარჯიშობს.
გოგოს ოთახში თაროებზე დაწყობილი ჯილდოები მიანიშნებს, რომ მისი ეს ვარჯიში შედეგიანია.
"რუბიკის კუბის აწყობა ყურადღებას, მეხსიერებას, ლოგიკურ აზროვნებასა და სივრცულ აღქმას აუმჯობესებს. ასევე, ეს ადამიანს გამარჯვებისა და დამარცხების მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში ეხმარება", — აცხადებს რეკორდსმენის დედა.
მისი თქმით, ეს უბრალოდ ფორმულების დამახსოვრება არაა, არამედ ოპტიმალური გამოსავლის მოსაძებნად ლოგიკის გამოყენებასაც გულისხმობს.

კომენტარები