ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
ფოტო: Brendan McDermid/Reuters
მსოფლიოს ორი წამყვანი AI კომპანიის ხელმძღვანელები ერთმანეთის მეტოქეები არიან, თუმცა ოთხშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე ერთ რამეზე მაინც შეთანხმდნენ: AI ინდუსტრიას საერთაშორისო სტანდარტები და თანამშრომლობა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გლობალური უსაფრთხოება რისკის ქვეშაა.
OpenAI-ის გენერალურმა დირექტორმა სემ ალტმანმა და Anthropic-ის გენერალურმა დირექტორმა დარიო ამოდეიმ საბჭოს ცალ-ცალკე მიმართეს. მათ მსოფლიო ლიდერებს გაერთიანებისკენ მოუწოდეს, რათა ერთად მართონ AI-ს სწრაფი განვითარებით გამოწვეული საფრთხეები.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ამოდეის თქმით, "AI შეიძლება მთელი კაცობრიობისთვის საფრთხე იყოს".
ეს განცხადებები AI-ს საფრთხეების თემაზე არსებულ დისკუსიას მოჰყვა, რომელიც მსოფლიოში კვირებია მიმდინარეობს. სპეციალისტები თავიანთ კომპანიებშიც კი ითხოვენ AI-ს განვითარების ტემპის შენელებას. ეს ყველაფერი AI აგენტების კონტროლიდან გამოსვლის რამდენიმე შემთხვევასა და ჯეიკობ კოქსონის, Anthropic-ის თანამშრომლის, გახმაურებულ გადადგომას მოჰყვა.
იხილეთ: ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
ალტმანმა გამოსვლისას ჯგუფს საერთაშორისო სტანდარტების შექმნისკენ მოუწოდა. მისი ხედვით, ეს სტანდარტები უნდა ემსახურებოდეს სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიის "შესაძლებლობების გაზომვას, რისკების შეფასებას, დამცავი მექანიზმების საკმარისობის დადგენასა და ადამიანის მნიშვნელოვანი ზედამხედველობის შენარჩუნებას".
მისი თქმით, ქვეყნებს ზუსტი და სწრაფი ანგარიშგება სჭირდებათ — ასე "მსოფლიო შეცდომებზე მანამ ისწავლის, სანამ ისინი კატასტროფებად იქცევა". გარდა ამისა, ალტმანმა მთავრობებს უსაფრთხო არხების შექმნა შესთავაზა ახალ საფრთხეებზე ინფორმაციის გაზიარებისთვის.
ალტმანმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა უნდა მიიღონ იმ მთავრობებისა, რომლებიც "თავიანთი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულნი არიან". აქედან შეიძლება გამოირიცხოს AI-ს სწრაფი განვითარების მომხრე ქვეყნები, მაგალითად ჩინეთი.
ასევე იხილეთ: პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
ამოდეიმ ვიდეოჩართვისას საერთაშორისო თანამშრომლობისთვის სამი იდეა წამოაყენა. პირველი ვიწრო გლობალურ შეთანხმებებს გულისხმობს, თუნდაც ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად AI-ს გამოყენების აკრძალვას. მეორე იდეა შეფასებისა და გადამოწმების სისტემებს ეხება, რომ ქვეყნებმა ერთმანეთის ძალისხმევას თვალი ადევნონ. მესამე შემოთავაზებაა საერთო გლობალური სტანდარტების შექმნა AI-ს ტესტირებისთვის და ასევე შეტყობინების სისტემა AI-ს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შემთხვევებისთვის.
"მჯერა, რომ დღეს ესაა გლობალური უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას", — თქვა ამოდეიმ — "ამ ოთახში მყოფი ადამიანები ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებით და ეს განსხვავებები გვერდზე უნდა გადავდოთ, რომ ამ გლობალურ შესაძლებლობასა და ამავდროულად საფრთხეს ერთად დავუპირისპირდეთ".
ალტმანმა აღნიშნა, რომ AI-სგან გამოწვეული კატასტროფის არანაირი რისკი არაა მისაღები.
მან ისიც თქვა, რომ "კატასტროფიზმის მახეში" ან "ბრმა ოპტიმიზმის მახეში" გაბმა არ სურს, რაშიც AI ინდუსტრიაში ბოლო კვირებში გაჩენილ დაპირისპირებულ ბანაკებს გულისხმობდა: ერთი მხარე გვაფრთხილებს, რომ AI კაცობრიობას გაანადგურებს, მეორე მხარე კი ამ გაფრთხილებებს გაზვიადებულს უწოდებს და ამბობს, რომ AI კაცობრიობას უზარმაზარ პროგრესს მოუტანს.
"რომელიმე უკიდურესობაში გადავარდნა ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევების წარმატებით გადაჭრაში ვერ დაგვეხმარება", — თქვა ალტმანმა — "განსაკუთრებით მაშინ, როცა მსოფლიო და მისი ხალხი უზარმაზარ გამოწვევებს უპირისპირდება, რომელთა გადაჭრაშიც ეს ტექნოლოგია შეიძლება დაგვეხმაროს".
გაეროს ამ შეხვედრიდან წერილობითი შეთანხმებები მოსალოდნელი არ არის. OpenAI-ს წარმომადგენელმა ალტმანის გამოსვლამდე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა შანსი იყო, "ამაზე საუბრის დასაწყებად იდეის მარცვალი" დაეთესათ.
კომენტარები