რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
Muse საქართველოში ხელმისაწვდომი არ არის. მისით სარგებლობა ამ ეტაპზე უმეტესად აშშ-ში შეუძლიათ.
Meta-ს ახალმა ინსტრუმენტმა, სახელწოდებით Muse, ტექნოლოგიური სამყარო უკვე მოიცვა. სისტემა მიმდინარე თვის დასაწყისში გამოვიდა და სხვადასხვა App Store-ში მოწინავე ადგილები სწრაფად დაიკავა. მან ChatGPT-ის კონკურენტებსაც კი გადაუსწრო. Muse ტრადიციული ჩატბოტებისგან განსხვავებულ შესაძლებლობებს გვთავაზობს.
Facebook-ის მშობელი კომპანია Meta ამ სისტემას "პერსონალურ ხელოვნური ინტელექტის აგენტს" უწოდებს. როგორც ტექნოლოგიურმა გიგანტმა ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, "ის მხოლოდ კითხვებს არ პასუხობს, არამედ რეალურ სამუშაოსაც ასრულებს". ეს ნიშნავს, რომ ახალ ინსტრუმენტს სხვადასხვა მოქმედების განხორციელება მომხმარებლის ნაცვლად შეუძლია.
Muse ჩატის ინტერფეისით მუშაობს, სადაც მომხმარებლებს მოთხოვნის ჩამოყალიბება ჩვეულებრივი, ყოველდღიური, ენით შეუძლიათ. შესაბამისად, მისი გამოყენება ტექნიკური ცოდნის გარეშეც მარტივია. Meta-ს განმარტებით, ავტონომიური აგენტი არა მხოლოდ დავალებებს ასრულებს, არამედ მომხმარებლის შესახებ დეტალებსაც იმახსოვრებს და კომპლექსურ ამოცანებს ფონურ რეჟიმში უმკლავდება.
AI კომპანიები მსგავს "ავტონომიურ" თუ "აგენტურ" სისტემებს დიდი ხანია აანონსებენ. მათ ასეთი სახელი დამოუკიდებლად მოქმედების უნარის გამო უწოდეს: ავტონომიურ აგენტებს შეუძლიათ, ჩვენ მაგივრად გაგზავნონ ელექტრონული წერილები ან ნივთები შეიძნონ.
აქამდე ტექნიკური შეზღუდვებისა და უსაფრთხოების რისკების გამო ასეთი დაპირებები ფართო საზოგადოებისთვის რეალობად ვერ იქცა. ადამიანებს უჭირდათ პირადი მონაცემების ნდობა ისეთი სისტემებისთვის, რომლებიც მათ ნაცვლად მიიღებდნენ გადაწყვეტილებებს. Muse-ის გამოჩენით ეს ჩანაფიქრი, როგორც ჩანს, ნაწილობრივ მაინც განხორციელდა.
მაგალითად, გამოცემა New York Times-ის ერთ-ერთმა ავტორმა აღწერა, თუ როგორ გადააბარა საკუთარი ყოველდღიური დავალებები ხელოვნურ ინტელექტს. ჟურნალისტის თქმით, შედეგით აღფრთოვანებული დარჩა, რადგან სისტემამ შეხვედრები დაჯავშნა და თანხაც დააზოგინა. მეორე მხრივ, ავტორმა მონაცემთა უსაფრთხოებასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ ეჭვებზეც ისაუბრა.
კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული რამდენიმე სკანდალის შემდეგ Meta კარგად აცნობიერებს მომხმარებელთა წუხილს. ამის გამო კომპანია აცხადებს, რომ Muse-ის თითოეული ვერსია ღრუბელში გამოყოფილ ცალკეულ ვირტუალურ კომპიუტერზე მუშაობს. მათი თქმით, ასე თითოეული ადამიანის მონაცემები უსაფრთხოდ და იზოლირებულად ინახება. ამასთან ერთად, ტექნოლოგიური გიგანტი პირობას დებს, რომ მიმოწერებს სარეკლამო მიზნებისთვის არ გამოიყენებს.
Meta კონფიდენციალურობის დამატებითი მექანიზმების დანერგვასაც აპირებს. მათ შორის, გეგმავენ ვირტუალური კომპიუტერის სრულ დაშიფვრას სპეციალური გასაღებით, რომელიც მხოლოდ მომხმარებელს ექნება. ასეთ შემთხვევაში მონაცემების წაკითხვას თვითონ Meta-ც ვერ შეძლებს.
მონაცემთა უსაფრთხოების მიღმა არსებობს იმის შიშიც, რომ ავტონომიური სისტემა კონტროლს დაუსხლტება და ისეთ მოქმედებებს შეასრულებს, რომლებიც მომხმარებელს არ დაუვალებია ან მისთვის საზიანოა. Meta გვპირდება, რომ სენსიტიური ნაბიჯების გადადგმამდე — მაგალითად, წერილის გაგზავნამდე ან რაიმეს შესყიდვამდე — Muse მომხმარებლისგან დადასტურებას მოითხოვს. გარდა ამისა, აპლიკაცია მას შესრულებული თუ დაგეგმილი მოქმედებების სრულ ისტორიას აჩვენებს.
"მიგვაჩნია, რომ პერსონალური სუპერინტელექტი ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე გარდამქმნელი ტექნოლოგია იქნება", — აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში — "Muse პირველი ნაბიჯია: აგენტი, რომელიც სამუშაოს დიდ ნაწილს საკუთარ თავზე იღებს, რათა ადამიანებს მთავარ საკითხებზე კონცენტრირების საშუალება მიეცეთ".
Meta აქტიურად ცდილობს Muse-ის პოპულარიზაციას. მაგალითად, ახალი ინსტრუმენტის სიმბოლო უკვე გამოჩნდა Instagram-ის აპლიკაციაში. მკვლევრებმა მიაგნეს მინიშნებებსაც, რომ ეს ფუნქცია მალე Meta-ს ჭკვიან სათვალეებშიც იქნება ხელმისაწვდომი.
კომენტარები