ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
ფოტო: Sarah Olson/Wildlife Conservation Society Canada
სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული ახალი მასშტაბური კვლევის თანახმად, ღამურების უძველესი წინაპრები დაახლოებით 65 მილიონი წლის წინ ევროპაში წარმოიშვნენ და არა აფრიკაში, აზიაში ან ჩრდილოეთ ამერიკაში, როგორც ეს აქამდე მიიჩნეოდა.
130-ზე მეტი მკვლევრისგან შემდგარმა საერთაშორისო გუნდმა 21 ოჯახში შემავალი 103 ცოცხალი სახეობის გენომი (ორგანიზმის გენეტიკური მასალის სრული ნაკრები) და მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში აღმოჩენილი 44 ნამარხი შეისწავლა. კვლევამ აჩვენა, რომ თანამედროვე ღამურების წინაპრები ევროპიდან ჯერ აფრიკაში, შემდგომ კი აზიაში, ამერიკასა და ავსტრალიაში გავრცელდნენ. აღსანიშნავია, რომ ექოლოკაცია (ბგერითი ტალღების საშუალებით სივრცეში ორიენტირების უნარი), ფრენის უნარის მსგავსად, ღამურების ევოლუციის ადრეულ ეტაპზევე განვითარდა.
"საოცრიდან საოცრებამდე სკალაზე ღამურები ზესაოცრები არიან. სასიამოვნოა, რომ ამ დიდი მოზაიკის ერთმა ნაწილმა თავისი ადგილი დაიკავა, ახლა კი შეგვიძლია, ძებნა განვაგრძოთ და მას სხვა ნაწილებიც დავუმატოთ", — აღნიშნავს კვლევის თანაავტორი და ორგანიზაცია Wildlife Conservation Society-ის ჯანდაცვის კვლევების დირექტორი, სარა ოლსონი.
ეს ნაშრომი გლობალური პროექტის, Bat1K-ის, ნაწილია, რომელიც მიზნად მსოფლიოში არსებული 1500-ამდე ცოცხალი სახეობის გენომის სრულად გაშიფრვას ისახავს. ცნობისთვის, ღამურები ძუძუმწოვრების მეორე ყველაზე მრავალფეროვანი ჯგუფია და ამ კლასის მეხუთედს შეადგენს.
რატომ არიან ღამურები ვირუსების მიმართ რეზისტენტულნი?
მეცნიერების განმარტებით, მიღებული მონაცემები ეხმარებათ გაიგონ, თუ როგორ გამოიმუშავეს ღამურებმა დაავადებების მიმართ ასეთი მაღალი რეზისტენტობა. ისინი ხშირად ატარებენ ისეთ მომაკვდინებელ ზოონოზურ (ცხოველიდან ადამიანზე გადამდებ) ვირუსებს, როგორებიცაა, მაგალითად, ებოლა, ნიპა და მარბურგი, თუმცა თავად არ ავადდებიან.
"როგორ ახერხებენ ისინი, იცხოვრონ ამ ვირუსებთან ერთად, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში მოხვედრისას ამხელა ზიანს იწვევს? ის, რაც ახლა ხელთ გვაქვს, ერთგვარი გენეტიკური გზამკვლევია", — აცხადებს სარა ოლსონი.
ევოლუციური ბიოლოგი, არიადნა მორალესი, რომელიც 2025 წელს იმუნურ გენებზე ჩატარებულ კვლევაშიც მონაწილეობდა, ამბობს:
"ჩვენ პირველად ვაჩვენეთ, რომ ეს ადაპტაციები, რომლებიც ვირუსების მიმართ ტოლერანტობასა და დაავადებებისადმი რეზისტენტობას უკავშირდება, სავარაუდოდ, ზუსტად მაშინ განვითარდა, როდესაც თავად ღამურები წარმოიშვნენ".
კიბოსა და დაბერების წინააღმდეგ ბრძოლის პოტენციალი
ღამურები ძუძუმწოვრებს შორის იმითაც გამოირჩევიან, რომ თავიანთ ზომასთან შედარებით ძალიან დიდხანს ცოცხლობენ და დაბერების ან კიბოს ნიშნები იშვიათად უვლინდებათ. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ამ მახასიათებლების ხელშემწყობი გენების შესწავლა ადამიანებში დაბერების პროცესისა და სიმსივნური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში ახალ პერსპექტივებს გააჩენს.
"ღამურებში ნაპოვნი გენეტიკური ინფორმაციის მეშვეობით, შესაძლოა, ზოონოზურ დაავადებებთან დაკავშირებული თერაპიები შევიმუშაოთ. ისინი ასევე შეიძლება კიბოს სამკურნალო პრეპარატების შესაქმნელად მოდელებად გამოვიყენოთ", — აღნიშნავს მორალესი.
ოლსონი აკონკრეტებს, რომ კვლევა გვეხმარება გავიგოთ, "თუ რა განაპირობებს ღამურების ჯანმრთელობას და რომელი დაავადებების მიმართ შეიძლება აღმოჩნდნენ ისინი მოწყვლადები."
რა ემუქრებათ ღამურებს კლიმატის ცვლილების ფონზე?
ამის მიუხედავად, ღამურების სახეობების თითქმის ნახევრის პოპულაცია მცირდება, ხოლო 18% გადაშენების საფრთხის წინაშეა. ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის (IUCN) შეფასებით, მთავარი საფრთხეები კლიმატის ცვლილება, საცხოვრებელი არეალის დაკარგვა და ადამიანთა მხრიდან დევნაა.
ნიუ-იორკის სტონი-ბრუკის უნივერსიტეტის კონსერვაციული ბიოლოგიის სპეციალისტ ლილიანა დავალოსის განმარტებით:
"პატარა ძუძუმწოვრების უმეტესობისგან განსხვავებით, ღამურების თითქმის ყველა სახეობის წარმომადგენელს მხოლოდ ერთი ან ორი ნაშიერი უჩნდება. ამიტომ, როდესაც ინდივიდები ექსტრემალური ტემპერატურის გამო იხოცებიან ან დევნასა და ნადირობას ეწირებიან, პოპულაციები რიცხოვნობის სწრაფად აღდგენას ვერ ახერხებს".
აქვე უნდა ითქვას, რომ ღამურებს ეკოსისტემაში უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ. ისინი მცენარეების დამტვერვასა და თესლის გავრცელებას უწყობენ ხელს, პარალელურად კი მწერების (განსაკუთრებით, დაავადებების გადამტანი კოღოების) პოპულაციური რაოდენობის ბალანსის დაცვას განაპირობებენ. გარდა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეებისა, აშშ-სა და კანადაში მილიონობით ღამურა სოკოვანი პათოგენით გამოწვეულმა ე.წ. "თეთრი ცხვირის სინდრომმა" (White nose syndrome) იმსხვერპლა.
"ეს კვლევა დაგვეხმარება, უკან დავბრუნდეთ და ვნახოთ, თუ რატომ არიან მღამიობის გვარის ღამურები ამ სოკოვანი დაავადებების მიმართ უფრო მოწყვლადები. შესაძლოა, ამ ნაშრომის მიხედვით სხვა მკვლევრები საინტერესო მიგნებებამდე მივიდნენ — გააანალიზონ, რეალურად რა ხდება თეთრი ცხვირის სინდრომის დროს", — განმარტავს სარა ოლსონი.
ახალი გენომური მონაცემები მკვლევრებს ღამურების კრიტიკული პოპულაციების გადასარჩენად და ადამიანთა მომაკვდინებელი დაავადებების სამკურნალოდ უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო ინსტრუმენტს აძლევს.



კომენტარები