OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
ფოტო: Reuters Photos
კიბერუსაფრთხოების ექსპერტების შეფასებით, მსოფლიოში პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როცა ხელოვნური ინტელექტის (AI) აგენტმა კიბერშეტევა სამთავრობო ვებსაიტზე განახორციელა. როგორც ირკვევა, მიმდინარე წლის ივნისში კომპანია OpenAI-ს აგენტმა ავსტრალიის მთავრობის ვებსაიტზე უნებართვოდ, თვითნებურად შეაღწია და არასაჯარო მონაცემებზე წვდომა მოიპოვა.
ასევე ნახეთ: ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
ავსტრალიის პრემიერმინისტრის, ენტონი ალბანესის, განცხადებით, ხელოვნურმა ინტელექტმა ჯანდაცვის საყოველთაო სისტემის (Medicare) სტატისტიკურ პორტალში შეაღწია, რომელიც ე. წ. არასენსიტიურ მონაცემებს შეიცავს. მართალია, ინციდენტი ივნისში მოხდა, მაგრამ OpenAI-მ ამის შესახებ მხოლოდ აგვისტოში შეიტყო, სისტემის შიდა შემოწმებისას. ავსტრალიის მთავრობას ელფოსტა 10 სექტემბერს გაუგზავნეს.
ალბანესიმ ნიუ-იორკში ვიზიტისას დაადასტურა, რომ დაგვიანებული რეაგირების გამო კომპანიის ხელმძღვანელთან, სემ ალტმანთან, "ძალიან გულწრფელი საუბარი" ჰქონდა.
ალბანესის თქმით, მან სემ ალტმანთან საუბრისას მომხდარის გამო ავსტრალიის "უკიდურესი შეშფოთება" დააფიქსირა. პრემიერმა არ დამალა იმედგაცრუება იმ ფაქტის გამო, რომ კომპანიამ ინციდენტის გასამჟღავნებლად თვეები იცადა და უკმაყოფილება თავად შეტყობინების ფორმაზეც გამოთქვა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს "აშკარად ექნება სამართლებრივი შედეგები".
პრემიერის თქმით, ალტმანმა აღიარა, რომ კომპანიაში პროტოკოლებთან დაკავშირებული პრობლემები ნამდვილად არსებობს. ამჟამად ავსტრალიის კიბერუსაფრთხოების სააგენტო ატარებს გამოძიებას იმის დასადგენად, იმოქმედა თუ არა ამან სხვა სამთავრობო სისტემებზე (მათ შორის, ჯანდაცვისა და კრიმინალური სტატისტიკის სააგენტოებზე) და უნდა ჩაერთოს თუ არა საქმეში პოლიცია. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიიჩნევა, რომ პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა AI-ს არ ჰქონია, მაგრამ გამოძიება გრძელდება.
OpenAI-მ ოფიციალურ განცხადებაში დაადასტურა, რომ მოდელმა ავსტრალიის სამთავრობო სერვისებთან ურთიერთქმედება შიდა შეფასების პროცესში სცადა, როდესაც ის ავსტრალიის შესახებ დასმულ კითხვებზე პასუხებსა და ხელმისაწვდომ სტატისტიკას ეძებდა. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, "ამ პროცესში მოდელებმა განახორციელეს ისეთი ქმედებები, რომლებიც კომპანიის განზრახვა არ ყოფილა".
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი მსგავსი მცდელობა. არაკომერციული AI კვლევითი ლაბორატორიის (Transluce) ინფორმაციით, მაისში OpenAI-ს სისტემებმა ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის ციფრული ბიბლიოთეკისა და აშშ-ის საჯარო სამთავრობო მონაცემთა ბაზის (Data USA) გატეხვაც სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. გარდა ამისა, მიმდინარე წლის დასაწყისში შევიტყვეთ ისიც, რომ სატესტო რეჟიმში მყოფი AI აგენტების ჯგუფი იზოლურებულ გარემოს დაუსხლტა და ერთობლივი ძალებით სხვა ტექნოლოგიური კომპანიის, Hugging Face-ის, სისტემაში უნებართვოდ შეიჭრა.
კიბერუსაფრთხოების ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს შემთხვევა სერიოზული სიგნალი უნდა იყოს მარეგულირებლებისთვის, რადგან AI აგენტები ინდივიდუალური თუ კომერციული მოხმარებისთვის სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება.
ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის (UNSW) კიბერუსაფრთხოების ინსტიტუტის უფროსი ლექტორის, დოქტორ ჰამონდ პირსის, აზრით, მომავალში ასეთი ფაქტები აუცილებლად გამეორდება, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ცნობილი შემთხვევაა, როცა AI აგენტმა სამთავრობო უწყებაში შეღწევა თვითნებურად გადაწყვიტა.
"ველოდები, რომ მსგავსი თავდასხმები გაგრძელდება. ისინი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გამწვავდება და გახშირდება. ვიმედოვნებ, რომ ეს ინციდენტი მსოფლიოს მთავრობებისთვის განგაშის ზარი იქნება", — აღნიშნავს დოქტორი პირსი.
აქვე უნდა ითქვას, რომ, მიუხედავად AI-ს უსაფრთხოებაზე მზარდი შეშფოთებისა (რაზეც თავად სემ ალტმანი და ილონ მასკიც საუბრობენ), გლობალური რეგულაციების ამოქმედება ფერხდება. პროცესის ერთ-ერთი მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის დაპირისპირებაა. ორივე სახელმწიფოს სურს ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში უპირატესობის მოპოვება და ტექნოლოგიური სარგებლის მიღება, თუმცა მკაცრი რეგულაციებისა ორივე წინააღმდეგია; უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ეგზისტენციალურ რისკებს ისინი ხშირად სათანადოდ არ აფასებენ.
კომენტარები