ადამიანთა უმეტესობისთვის მოგონებები ერთდროულად ძვირფასი და მყიფეცაა. ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენებიც კი დროთა განმავლობაში შეიძლება ბუნდოვანი გახდეს. ამის მიუხედავად, ძალიან იშვიათ შემთხვევებში ადამიანს წარსულის თითქმის უცვლელად და დეტალურად გახსენება შეუძლია.

მიიჩნევა, რომ ე.წ. ჰიპერთიმეზია — ავტობიოგრაფიული მეხსიერების განსაკუთრებულად ძლიერი უნარი — მსოფლიოში 100-ზე ნაკლებ ადამიანს აქვს. ახალ კვლევაში მეცნიერები სწორედ ასეთ მოზარდზე გვიყვებიან. 16 წლის ბიჭს KCL-ად მოიხსენიებენ, რათა მისი ანონიმურობა დაიცვან.

მას საკუთარი ცხოვრებიდან მოვლენების გასაოცარი სიზუსტით გახსენება შეუძლია. 2025 წლის თებერვალში KCL თავად დაუკავშირდა კოგნიტიურ მკვლევარ კრისტიან ბაჟიკოვსკის, რომელიც ავტობიოგრაფიული მეხსიერების შესახებ რამდენიმე ნაშრომის ავტორია. მკვლევრების თქმით, KCL დაახლოებით სამი თვის ასაკში (2009 წელს) მომხდარ მოვლენებსაც იხსენებს. ადრეული ბავშვობის (2010-2011) ზოგიერთი მოგონების ნამდვილობა კი მისმა მშობლებმაც დაადასტურეს. ბიჭის თქმით, უწყვეტი და ცნობიერი ავტობიოგრაფიული მეხსიერება დაახლოებით სამი წლიდან აქვს.

მას მოგონებები ხშირად სრულიად უნებლიედ უტივტივდება, მაგალითად: კონკრეტული სუნის შეგრძნებისას და სიმღერის ან ფრაზის მოსმენისას. KCL-ის თქმით, მის ცხოვრებაში 2022 წლის აგვისტოდან მოყოლებული დღეების დაახლოებით ნახევარში მომხდარი მოვლენების დეტალურად გახსენება შეუძლია.

მკვლევრებმა ბიჭს რამდენიმე სტანდარტული ტესტი დისტანციურად ჩაუტარეს, რადგან მათგან შორს ცხოვრობდა. დადასტურდა, რომ KCL-ს ჰიპერთიმეზია მართლაც აქვს, მისი შედეგები კი სტატისტიკურად მოსახლეობის 99.9%-ზე უკეთესი იყო. ამასთან, მისი ყურადღება, მუშა მეხსიერება და აღმასრულებელი ფუნქციები ნორმის ფარგლებშია. ეს ჰიპერთიმეზიის მქონე ადამიანებისთვის საკმაოდ ტიპურია. KCL-ის ტვინის მუშაობაში სხვა უჩვეულო ნიშნებიც არ გამოვლენილა. მისი მშობლების ინფორმაციით, ბიჭის განვითარება დაბადებიდან ნორმალურად მიმდინარეობდა და მას ფსიქიატრიული ან სწავლის პრობლემები არ ჰქონია.

მკვლევრების თქმით, არსებული მონაცემები მიუთითებს, რომ ჰიპერთიმეზიის მქონე ადამიანები სხვა მხრივ კოგნიტიურად უფრო განვითარებულნი არ არიან. ეს ნიშნავს, რომ ისინი ყოველდღიური ინფორმაციის სწავლასა და, მაგალითად, რიცხვების დამახსოვრებაში "ჩვეულებრივი" ადამიანებისგან დიდად არ განსხვავდებიან. მათი თავისებურება ისაა, თუ როგორ იმახსოვრებენ და იხსენებენ საკუთარ გამოცდილებას, ნანახსა და განცდილ მოვლენებს.

ბაჟიკოვსკისა და მისი კოლეგებისთვის განსაკუთრებით საინტერესო KCL-ის მიერ მოგონებების უნებლიე გახსენების ფენომენი აღმოჩნდა. ჰიპერთიმეზიის პირველი ოფიციალურად აღწერილი შემთხვევაც (2006) ქალს ეხებოდა, რომელსაც საკუთარი წარსულიდან მოგონებები "შეუჩერებლად, უკონტროლოდ და ავტომატურად“ ახსენდებოდა. მას შემდეგ ჰიპერთიმეზიის სხვა შემთხვევებიც გამოვლინდა, თუმცა კვლევების უმეტესობა მონაწილეების მიერ მოგონებების ნებაყოფლობით გახსენების უნარზე იყო კონცენტრირებული.

უნებლიე ავტობიოგრაფიული მოგონებები შედარებით ნაკლებადაა შესწავლილი. ამ საკითხის შესამოწმებლად მკვლევრებმა KCL-ს კომპიუტერული დავალება შეასრულებინეს. ბიჭი ეკრანზე სხვადასხვა გამოსახულებას ადევნებდა თვალს, ხოლო პერიოდულად მკვლევრები ეკითხებოდნენ, რა აზრმა გაუელვა იმ მომენტში თავში. სხვა ადამიანებთან შედარებით KCL-ის შემთხვევაში ტესტის მიმდინარეობისას უნებლიე ავტობიოგრაფიული მოგონებები უფრო ხშირად ტივტივდებოდა. ეს ფიქრები მხოლოდ წარსულს ეხებოდა, მომავალთან ასოცირებული და, ზოგადად, დავალებასთან კავშირის არმქონე სპონტანური აზრების სიხშირე კი ნორმალური იყო.

მკვლევრების აზრით, შესაძლოა, ჰიპერთიმეზიისას საქმე მოგონებების გახსენების პროცესის თავისებურ ცვლილებასთან გვქონდეს. ადამიანი მცირე მინიშნებების მიმართ უფრო მგრძნობიარე ხდება და საკუთარი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გახსენებაც უფრო მარტივად შეუძლია.

ნაშრომი გამოცემა Cortex-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.