ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა
თუ კიდევ გჭირდებოდათ იმის მტკიცებულება, რომ ძაღლი ნამდვილად ადამიანის საუკეთესო მეგობარია, მეცნიერთა ეს უახლესი აღმოჩენა საბოლოოდ დაგარწმუნებთ.
ფოტო: Reuters
უნგრელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ძაღლები ადამიანის მეტყველებას ჩვენს მსგავსად შიფრავენ. ამგვარი რამ ცხოველთა სამყაროში სრულიად უნიკალური უნარია, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ რატომ მიიჩნევა ეს ოთხფეხა მეგობარი ადამიანის განუყრელ თანამგზავრად.
როგორც ირკვევა, ძაღლის ტვინი განსაკუთრებულ ყურადღებას თანხმოვან ბგერებს უთმობს. ენის ათვისებისას ზუსტად ამავე მეთოდს იყენებენ ბავშვებიც.
"სიტყვები ორი ძირითადი ტიპის ბგერისგან, ხმოვნებისა და თანხმოვნებისგან, შედგება. ხმოვნები უფრო ხმამაღალი და შესამჩნევია, თუმცა სიტყვის 'ჩონჩხს' მაინც თანხმოვნები ქმნის", — განმარტავს ბუდაპეშტის ეთოლოგიის დეპარტამენტის ნეირომეცნიერი, ატილა ანდიქსი.
მისი თქმით: "მეტყველების უწყვეტ ნაკადში ცალკეული სიტყვების ამოცნობა ბევრად ადვილია, როდესაც ყურადღებას თანხმოვნებზე ვამახვილებთ. ჩვილობის ასაკიდანვე ადამიანის ტვინი სწორედ ასე იქცევა. ამ მოვლენას 'თანხმოვნებისადმი მიკერძოება' ეწოდება".
ექსპერიმენტში 20 ადამიანი და ამდენივე ძაღლი მონაწილეობდა. მკვლევრებმა მათ უწყვეტი მეტყველების ჩანაწერები მოასმენინეს.
ტესტირებაში სამი ტიპის ჩანაწერი გამოიყენეს:
- პირველ შემთხვევაში სამმარცვლიანი სიტყვები განმეორებადი თანხმოვნებით იყო აწყობილი;
- მეორეში — განმეორებადი ხმოვნებით;
- მესამე ჩანაწერი საკონტროლო იყო და მასში მარცვლები სრულიად შემთხვევითი თანმიმდევრობით მიჰყვებოდა ერთმანეთს.
ტვინის ელექტრული აქტივობის გასაზომად მეცნიერებმა ელექტროენცეფალოგრაფი (EEG) გამოიყენეს. მათ აინტერესებდათ, დაიწყებდა თუ არა მონაწილეთა ტვინი სიტყვების ფარული "რიტმის" ამოცნობას.
შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანისა და ძაღლის ტვინიც თანხმოვნებზე აგებულ სტრუქტურაზე ბევრად უფრო ძლიერად რეაგირებდა.
"თანხმოვნებზე აგებული მეტყველების ნაკადის მოსმენისას ძაღლის ტვინმა, ადამიანის მსგავსად, სიტყვების რიტმთან სინქრონიზაცია განიცადა. ეს ორივე სახეობაში ბევრად მძლავრი იყო, ვიდრე ხმოვნებზე აგებული ან საკონტროლო ჩანაწერების ნაკადის შემთხვევაში", — აღნიშნავს კვლევის თანაავტორი, ფსიქოლოგი კინგა ტოტი, რომელიც დასძენს — "ეს პირველი მტკიცებულებაა იმისა, რომ თანხმოვნებისადმი მიკერძოება ადამიანის გარდა, სხვა სახეობის ტვინშიც ვლინდება".
თითოეული სიტყვის დაწყებიდან დაახლოებით 400 მილიწამში როგორც ადამიანის, ისე ძაღლის ტვინის ელექტრულ აქტივობაში მკვეთრი ცვლილება დაფიქსირდა, თუმცა მხოლოდ თანხმოვნებზე აგებული სიტყვების მოსმენისას. დროის ეს მონაკვეთი სწორედ ის პერიოდია, როდესაც ტვინი უწყვეტ მეტყველებას ცალკეულ სიტყვებად ყოფს.
მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ საუბრის გასაგებად ადამიანის მსგავსი ენობრივი უნარები ან სპეციალურად "დაპროგრამებული" ტვინი აუცილებელი არაა.
"ადამიანის საუბრის რეგულარულად მოსმენაც კი საკმარისია, რომ ტვინის ფუნქციონირება შეიცვალოს. ეს ევოლუციურად ჩვენგან დაშორებულ სახეობებშიც კი წარმოშობს ისეთ თვისებებს, რომლებიც მანამდე მხოლოდ ადამიანებში იყო დაფიქსირებული", — ამბობს პროფესორი ანდიქსი.
სამეცნიერო ნაშრომი ავტორიტეტულ ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.



კომენტარები