მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
ფოტო: SpaceX
ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა უმძლავრესი მეგარაკეტა Starship ორბიტაზე პირველად გაუშვა. 124-მეტრიანი აპარატი სამხრეთ ტეხასში მდებარე Starbase-ის კოსმოდრომიდან თბილისის დროით 16:49-ზე აფრინდა.
მისი პირველი საფეხური (ამაჩქარებელი) Super Heavy-ა, მეორე კი — Ship. ისინი Raptor-ის ტიპის ძრავებითაა აღჭურვილი და მრავალჯერადი გამოყენებისთვისაა შექმნილი, რათა მთვარესა და მარსზე გამგზავრება გაამარტივოს. კომპანიაში Starship-ს რაკეტების "წმინდა გრაალს" უწოდებენ.
აფრენიდან 2 წუთსა და 34 წამში აპარატს Super Heavy წარმატებით გამოეყო და მექსიკის ყურეში დაეშვა. ამის პარალელურად Ship-მა მოძრაობა განაგრძო. მან ძრავები აამუშავა, რათა საჭირო სიმაღლემდე მიეღწია. აღსანიშნავია, რომ Raptor 3-ის ტიპის ძრავა მოულოდნელად გაითიშა, მაგრამ აპარატმა მიზანს მაინც მიაღწია.
ინჟინრებმა სიტუაცია შეაფასეს და გადაწყვიტეს, რაკეტა ორბიტაზე მაინც შესულიყო. საბოლოოდ, მან საჭირო მანევრი დაახლოებით 275 კილომეტრ სიმაღლეზე შეასრულა.
თბილისის დროით 17:30-ისთვის მისიის ფარგლებში 52-მეტრიანმა Ship-მა ორბიტაზე კომპანიის შემდეგი თაობის (Starlink Version 3) 26 სატელიტის განთავსება უკვე დაიწყო. ეს დედამიწის დაბალ ორბიტაზე ახალი ხელოვნური თანავარსკვლავედის შემადგენელი პირველი ჯგუფია. მასკის განცხადებით, საერთო ჯამში მათი რაოდენობა 100 000 იქნება.
ამგვარი თანამგზავრები წინა მისიების დროსაც გაუშვეს, მაგრამ სუბორბიტალური ტრაექტორიის გამო სიმაღლის შენარჩუნება ვერ მოხერხდა. 26 სატელიტიდან 3 კამერებითაა აღჭურვილი, რაც ინჟინრებს Starship-ის სითბოსგან დამცავი საფარის მდგომარეობაზე დაკვირვების შესაძლებლობას მისცემს.
თანამგზავრების განთავსების შემდეგ რაკეტა პლანეტას ექვსჯერ შემოუვლის და აფრენიდან დაახლოებით 10 საათში წყნარი ოკეანის სანაპიროზე დაეშვება. შედარებისთვის, სუბორბიტალური მისიების ხანგრძლივობა მაქსიმუმ 65 წუთი იყო და აპარატი ინდოეთის ოკეანეში ბრუნდებოდა.
კომპანია გეგმავს, რომ არასატესტო მისიებისას ორივე საფეხური სპეციალურ პლატფორმაზე დააბრუნოს, "დამჭერ" კოშკში. Super Heavy-ს შემთხვევაში მსგავსი რამ უკვე წარმატებით გამოცადეს, Ship-ის ჯერი კი მომდევნო ფრენისას დადგება.
მომავალში კომპანიას იმის დემონსტრირებაც მოუწევს, რომ ორბიტის მიღმა გაშვებული რაკეტის საწვავის შევსება "ტანკერი" Ship-ების მეშვეობით შეუძლია. ასევე, აპარატი ეკიპაჟისთვის საჭირო სისტემებითაც უნდა აღიჭურვოს, რადგან მთვარის პროგრამა Artemis-ის ფარგლებში ზედაპირზე დასაშვებ მოდულად სწორედ Ship შეარჩიეს. ადამიანებს იქ 2028 წელს გაგზავნიან (Artemis IV).
კომენტარები