Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
Google-მა თავისი ბრაუზერის, Chrome-ის, მომხმარებლებს სწავლასა და კვლევაზე მორგებული სამი ახალი ფუნქცია წარუდგინა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე მოწყობილობებს შორის ჩანართების გადაგზავნას უკავშირდება: ამიერიდან ბრაუზერი გვერდის ზუსტ მდგომარეობას დაიმახსოვრებს.
ვებგვერდის მობილურიდან ლეპტოპზე (ან პირიქით) გადაგზავნისას Chrome უკვე ჩანართის ზუსტ მდგომარეობას შეინარჩუნებს, ანუ იგივე დარჩება როგორც სქროლის ზუსტი პოზიცია, ასევე ნაწილობრივ შევსებული ფორმებიც. მაგალითად, თუ 50 გვერდიანი სამეცნიერო სტატიის კითხვის შუა პროცესში ხართ და გვერდს ტელეფონში გადააგზავნით, კითხვის გაგრძელებას ზუსტად იმავე ადგილიდან შეძლებთ.
კომპიუტერიდან Chrome-ის ამ ფუნქციით სარგებლობა სამწერტილიანი მენიუდან არის შესაძლებელი (რომელიც ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეშია მოცემული) შემდეგი ინსტრუქციით: Cast, Save, and share > Send to Your Device. ამასთან ერთად, შესაბამისი ღილაკის დამატება ხელსაწყოების ზოლზეცაა შესაძლებელი (Customize Chrome (ახალი ჩანართის გვერდზე) > Toolbar). Android სისტემისთვის ჩანართის გასაგზავნად Chrome-ის გაზიარების მენიუს გამოყენებაა საჭირო.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბრაუზერში ინტეგრირებულ ხელოვნურ ინტელექტს, Gemini-ს, ახალი ფუნქციები დაემატა. ახლა მას შეგიძლიათ შეკითხვები დაუსვათ იმ ვიდეოების, პოდკასტებისა თუ აუდიოჩანაწერების შესახებაც, რომლებიც YouTube პლატფორმაზე განთავსებული არ არის. ასევე, გვერდითა პანელში მოქმედ AI ასისტენტს შეუძლია, მედიაფაილის მოსმენის ან ყურების შემდეგ მთავარი საკითხები გამოყოს, კონკრეტული ინფორმაცია იპოვოს ან მომხმარებლისთვის გაურკვეველი დეტალები განმარტოს.
Google-ის კიდევ ერთი სიახლე ინტერაქციული ქვიზებია. Gemini-ს შეეძლება, გახსნილი ჩანართის შინაარსის მიხედვით სატესტო კითხვები შექმნას. ეს შეიძლება იყოს Google Docs-ის დოკუმენტის, YouTube ვიდეოს ან ნებისმიერი სამეცნიერო ნაშრომის მიხედვით. ინსტრუმენტი საკვანძო კონცეფციებს გამოკვეთს და მომხმარებელს დაეხმარება შეამოწმოს, რამდენად აითვისა მასალა. ეს ფუნქცია ჯერ მხოლოდ აშშ-სა და ინდოეთში იქნება ხელმისაწვდომი ინგლისურენოვანი მომხმარებლების, თუმცა უახლოეს თვეებში სხვა რეგიონებზეც გავრცელდება. კომპანია ასევე აქტიურად მუშაობს, რომ აღნიშნული სიახლეები მობილურ მოწყობილობებზე ინტეგრირდეს.
Google ბრაუზერის სხვა უკვე არსებულ ინსტრუმენტებზეც ამახვილებს ყურადღებას. მათ შორისაა ჩანართების ჰორიზონტალური თუ ვერტიკალური განლაგება, ეკრანის გაყოფა, ჩანართების დაჯგუფება, ასევე კითხვის სპეციალური რეჟიმი და ტექსტის ხმამაღლა წაკითხვის ფუნქცია.
კომენტარები