ჟურნალ Sleep Medicine Reviews-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა (ინსომნია) ინსულტის განვითარების 26%-ით, ხოლო ჰოსპიტალიზაციის 28%-ით გაზრდილ ალბათობასთან არის დაკავშირებული. მეცნიერების განმარტებით, მიღებული შედეგები ცხადყოფს, რომ უძილობა ტვინის, მენტალური და ზოგადი ჯანმრთელობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინდიკატორად უნდა მივიჩნიოთ.

კვლევის ფარგლებში ჯანმრთელობის 7 სხვადასხვა პრობლემა შეისწავლეს: ინსულტი, ნებისმიერი მიზეზით ჰოსპიტალიზაცია, სამუშაოსთან დაკავშირებული ტრავმა, დეპრესია, სუიციდური ქცევა, დემენცია და ალცჰაიმერის დაავადება. შედეგები აჩვენებს, რომ უძილობა თითოეულ ამ მდგომარეობასთან არის ასოციაციაში.

ასევე იხილეთ: როგორ გავიუმჯობესოთ ძილი ერთ დღეში — მეცნიერებმა მარტივ ხერხს მიაგნეს

აღსანიშნავია, რომ წინა მეტაანალიზის მიხედვით, საერთაშორისო დიაგნოსტიკური კრიტერიუმებით განსაზღვრული უძილობა მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 22%-ს აწუხებს. ინსომნია გულისხმობს ჩაძინების ან ძილის შენარჩუნების სირთულეს, რაც დღის განმავლობაში ადამიანის ნორმალურ ფუნქციონირებას აფერხებს, მიუხედავად იმისა, რომ მას ძილისთვის საკმარისი დრო და პირობები აქვს.

"ინსომნია ყურადღებას იმსახურებს, როგორც ტვინისა და მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობის ერთგვარი გამაფრთხილებელი ნიშანი", — აღნიშნავს კვლევის წამყვანი ავტორი, იტალიის ნევროლოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტის (IRCCS) მკვლევარი, ლუკა ვინიატელი.

მისი თქმით, ეს მიგნებები აჩვენებს, რომ უძილობის მქონე ადამიანები დემენციისა თუ ინსულტის გაზრდილი რისკის წინაშე არიან. ისინი ამბობენ, რომ ამის თავიდან ასაცილებლად პრობლემის იდენტიფიცირება და მკურნალობა ჯანდაცვის პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გახდეს.

ჯანმრთელობაზე ინსომნიის გავლენის შესაფასებლად მკვლევრებმა ორ მთავარ სამედიცინო ბაზაში, MEDLINE-სა და EMBASE-ში, 2025 წლის აგვისტოს ჩათვლით არსებული მონაცემები შეისწავლეს. მხოლოდ ინსულტის მხრივ მეტაანალიზში 1.3 მილიონზე მეტი ადამიანის შესახებ იყო ინფორმაცია.

აღმოჩნდა, რომ უძილობის მქონე პირებში ინსულტის რისკი 26%-ით მაღალი იყო, მაგრამ ამ კავშირის მასშტაბი სხვადასხვა კვლევაში მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციას, გამოვლინდა, რომ ნებისმიერი მიზეზით საავადმყოფოში მოხვედრის ალბათობა 28%-ით იზრდებოდა.

მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ კვლევა მხოლოდ კავშირზე მიუთითებს და არ ამტკიცებს იმას, რომ დასახელებულ დაავადებებს/მდგომარეობებს უძილობა პირდაპირ იწვევს. გარდა ამისა, შედეგების ინტერპრეტაციისას გასათვალისწინებელია კვლევებში ინსომნიის განსხვავებული განმარტებები და საძილე მედიკამენტების მოხმარების ფაქტორიც.

როგორც კვლევის თანაავტორი, შტეფან ზაიდელი, აცხადებს, ძილი ნებისმიერ ასაკში ტვინის ჯანმრთელობის შესახებ დისკუსიის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. მისი თქმით, ამის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაც მნიშვნელოვანია.

ექსპერტები ასკვნიან, რომ ძილის დარღვევებს კლინიკურ პრაქტიკაში მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. ასევე, ძილის ჰიგიენის საკითხები ჯანმრთელობის ხელშემწყობ პროგრამებში, მათ შორის სკოლებსა და სამუშაო სივრცეებში, აქტიურად უნდა დაინერგოს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.