ახლა ამ ტექსტს კითხულობთ... ხედავთ ასოებს, სიტყვებს წინადადებებად აერთიანებთ და მათ მნიშვნელობას იგებთ. ამავე დროს შეიძლება გარედან რაღაც ხმა გესმოდეთ, ყავის გემო ჯერ კიდევ პირში გქონდეთ, ფეხი გქონდეთ მოკეცილი და ამ წინადადების კითხვისას უცებ მისი გასწორება მოგინდეთ.

ამ ყველაფერს ერთი უცნაური რამ აერთიანებს: თქვენ ამ ყველაფერს განიცდით.

მხოლოდ სინათლე არ ხვდება თვალს, მხოლოდ ბგერები არ აღწევს ყურამდე და მხოლოდ ნეირონები არ ცვლის ერთმანეთთან ელექტრულ და ქიმიურ სიგნალებს. ყოველივე ამას თქვენთვის რაღაცნაირი განცდა ახლავს.

წითელი ფერის დანახვა რაღაცნაირია...

ტკივილის შეგრძნება რაღაცნაირია...

საყვარელი მუსიკის მოსმენა რაღაცნაირია...

და თქვენ იცით, რომ ამ წამს არსებობთ და ამ ყველაფერს განიცდით.

ერთი შეხედვით, ეს იმდენად ჩვეულებრივი მდგომარეობაა, რომ თითქმის არასდროს გვიკვირს. არადა, ცნობიერება ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მოვლენაა, რომლის ახსნასაც მეცნიერება და ფილოსოფია ცდილობს.

ჩვენთვის ის ყველაზე ნაცნობი რამაა სამყაროში და, ამავე დროს, ერთ-ერთი ყველაზე რთულად ასახსნელი.

სანამ "ცნობიერება" გაჩნდებოდა

ადამიანები ცნობიერებაზე ბევრად უფრო ადრე ფიქრობდნენ, ვიდრე თავად "ცნობიერება" ჩამოყალიბდებოდა იმ ცნებად, რომელსაც დღეს ვიყენებთ.

ძველ ბერძნებთან კითხვა უფრო ხშირად სულის, აღქმის, აზროვნებისა და ადამიანის ბუნების შესახებ ისმოდა. პლატონისთვის სული სხეულისგან განსხვავებულ და მასზე უფრო ფუნდამენტურ რეალობას უკავშირდებოდა. არისტოტელესთან სურათი სხვაგვარი იყო: სული უბრალოდ სხეულში მოთავსებული დამოუკიდებელი "რამ" არ ყოფილა. ის ცოცხალი ორგანიზმის არსებობისა და მისი უნარების ახსნის ნაწილი იყო.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გარდატეხა XVII საუკუნეში მოხდა.

რენე დეკარტმა გონება და სხეული ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნა. სხეული მატერიალურ სამყაროს ეკუთვნოდა, სივრცეში არსებობდა და ბუნების კანონებს ემორჩილებოდა. გონების არსებითი თვისება კი აზროვნება იყო.

ფოტო: Wikimedia

აქედან ძალიან რთული პრობლემა მივიღეთ: თუ გონება და სხეული სხვადასხვა რამაა, როგორ ურთიერთქმედებს ისინი? როგორ შეიძლება არამატერიალურმა აზრმა მატერიალური ხელი აამოძრაოს?

თუ ისინი სხვადასხვა რამ საერთოდ არ არის და ჩვენი აზრები, ემოციები და ცნობიერებაც საბოლოოდ ფიზიკური ტვინის მუშაობას უკავშირდება, მაშინ სხვა კითხვა ჩნდება:

როგორ ჩნდება მატერიალური პროცესებიდან სუბიექტური გამოცდილება?

საუკუნეები გავიდა, ტერმინები შეიცვალა, თეორიები შეიცვალა, პრობლემა კი დარჩა.

დეკარტთან კიდევ ერთ მნიშვნელოვან იდეას ვაწყდებით. შეგვიძლია ეჭვი შევიტანოთ იმაში, ნამდვილად არსებობს თუ არა ის, რასაც ვხედავთ. შეიძლება სიზმარში ვიყოთ. შეიძლება ჩვენი შეგრძნებები გვატყუებდეს. დეკარტისთვის თვითონ ეჭვის არსებობა უკვე იმას ნიშნავდა, რომ არსებობს ის, ვინც ეჭვობს. აქედან მოდის მისი ცნობილი "ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ".

ეს ცნობიერების თანამედროვე მეცნიერული თეორია არ არის, თუმცა იმ კითხვასთან ძალიან ახლოს მიგვიყვანს, რომელსაც ბოლოს ისევ დავუბრუნდებით: შეიძლება თითქმის ყველაფერში შევცდეთ, მაგრამ შეგვიძლია იმაშიც შევცდეთ, რომ ამ წამს რაღაცას განვიცდით?

ტვინი თუ გონება?

XX საუკუნეში გონების ფილოსოფიის დიდი ნაწილი სწორედ ამ პრობლემასთან ჭიდილს დაეთმო.

ერთ-ერთი გავლენიანი მიმართულება მენტალურ მდგომარეობებს ტვინის მდგომარეობებთან აკავშირებდა. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ტკივილს განვიცდი, იქნებ ეს რაღაც არამატერიალური მოვლენა კი არ არის, არამედ ჩემი ნერვული სისტემის კონკრეტული ფიზიკური მდგომარეობაა?

შემდეგ გაძლიერდა ფუნქციონალიზმიც.

აქ კითხვა ოდნავ იცვლება. იქნებ მთავარი ის კი არ არის, რისგან შედგება სისტემა, არამედ ის, რას აკეთებს?

თუ ცნობიერებისთვის გადამწყვეტია ინფორმაციის დამუშავების გარკვეული ორგანიზაცია და ფუნქცია და არა ის, რომ სისტემა აუცილებლად ბიოლოგიური ნეირონებისგან შედგებოდეს, პრინციპში ხომ შეიძლება მსგავსი ფუნქციები სხვა მატერიამაც შეასრულოს?

მაგალითად, კომპიუტერმა?

სწორედ აქ იწყებს გონების ფილოსოფია თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტთან ძალიან ახლოს მისვლას.

და მაინც, პრობლემა რჩება...

წარმოვიდგინოთ, რომ რომელიმე სისტემის მუშაობა ბოლომდე ავხსენით. ვიცით, როგორ იღებს ინფორმაციას, როგორ ამუშავებს მას, როგორ ინახავს მოგონებებს, როგორ იღებს გადაწყვეტილებებს და როგორ პასუხობს გარემოს.

ამით ავტომატურად ავხსენით, რატომ განიცდის ის რამეს?

რას ნიშნავს საერთოდ ცნობიერება?

gothambatcon

აქ კიდევ ერთი სირთულე გვხვდება. როდესაც ვამბობთ "ცნობიერება", კონკრეტულად რას ვგულისხმობთ?

ყოველდღიურ ენაში მას ხშირად სიფხიზლესთან ვაიგივებთ. ადამიანი ან "გონზეა", ან "უგონოდაა". მეცნიერებისთვის ეს განსხვავება საკმარისი არ არის.

სიზმრის დროს, მაგალითად, გარესამყაროსგან დიდწილად მოწყვეტილები ვართ, თუმცა შეიძლება რაღაცას ვხედავდეთ, გვესმოდეს, გვეშინოდეს ან გვიხაროდეს. ანუ გამოცდილება არსებობს მაშინაც, როდესაც ჩვეულებრივი გაგებით ფხიზლად არ ვართ.

ამიტომ ცნობიერების კვლევაში ერთმანეთისგან ხშირად განასხვავებენ ცნობიერების დონესა და ცნობიერების შინაარსს.

ერთი კითხვაა: საერთოდ არსებობს თუ არა ცნობიერი გამოცდილება?

მეორეა: კონკრეტულად რას განვიცდით ამ მომენტში?

ფილოსოფოსმა თომას ნაგელმა 1974 წელს ცნობიერების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დახასიათება შემოგვთავაზა: თუ არსება ცნობიერია, არსებობს რაღაც, "როგორიც არის" ამ არსებად ყოფნა.

ტომას ნაგელი

ფოტო: nyu.edu

ნაგელის მაგალითი ღამურაა: შეგვიძლია ძალიან ბევრი ვიცოდეთ ღამურას სხეულზე, ტვინზე, ქცევასა და ექოლოკაციაზე. შეგვიძლია აღვწეროთ, როგორ აგზავნის ბგერით სიგნალებს და როგორ იყენებს დაბრუნებულ ექოს გარემოში ორიენტაციისთვის.

ამის ცოდნა ნიშნავს, რომ ვიცით, როგორია ექოლოკაცია ღამურისთვის? როგორია სამყაროს ღამურად განცდა?

სწორედ აქ ჩანს ცნობიერების ერთ-ერთი ყველაზე უცნაური თვისება: ტვინისა და ქცევის შესწავლა გარედან შეგვიძლია, საკუთარ გამოცდილებას კი ყოველთვის შიგნიდან ვხვდებით.

სად მთავრდება ჩვენი ცოდნა?

ფოტო: Grandredesign

აქ მნიშვნელოვანია ერთი მცდარი შთაბეჭდილება თავიდანვე მოვიშოროთ.

ის, რომ ცნობიერება ბოლომდე ახსნილი არ გვაქვს, არ ნიშნავს, რომ მეცნიერებამ მის შესახებ თითქმის არაფერი იცის... პირიქით!

დღეს შეგვიძლია დავაკვირდეთ, როგორ იცვლება ტვინის აქტივობა, როდესაც ადამიანი სახეს ხედავს, ხმას ისმენს, ტკივილს გრძნობს ან რაღაცას ცნობიერად აღიქვამს. შეგვიძლია შევისწავლოთ, რა ემართება ცნობიერებას ძილის, ანესთეზიისა და ტვინის მძიმე დაზიანების დროს.

მკვლევრები ეძებენ ცნობიერების ნეირონულ კორელატებს, ანუ იმ მინიმალურ ნერვულ მექანიზმებს, რომლებიც კონკრეტულ ცნობიერ გამოცდილებასთან არის დაკავშირებული.

ეს უკვე რეალური, ექსპერიმენტული მეცნიერებაა და ამ მიმართულებით ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს.

და მაინც რჩება სხვა ტიპის კითხვა...

წარმოვიდგინოთ უკიდურესი შემთხვევა: ერთ დღეს ტვინის შესახებ ყველაფერი ვიცით. ვიცით, რომელი ნეირონი როდის აქტიურდება, როგორ გადაადგილდება ინფორმაცია, როგორ არჩევს სისტემა ფერებს, როგორ ამოიცნობს სახეს, როგორ ინახავს მოგონებას და როგორ წარმოიქმნება პასუხი.

რატომ ახლავს რომელიმე ამ პროცესს განცდა? რატომ არ ხდება ყველაფერი, ასე ვთქვათ, სიბნელეში?

1990-იან წლებში ფილოსოფოსმა დევიდ ჩალმერსმა ამ განსხვავების აღსაწერად ცნობიერების "რთული პრობლემა" გახადა ცნობილი.

შეგვიძლია ვიკვლიოთ, როგორ არჩევს ტვინი წითელს მწვანისგან, როგორ ამოიცნობს სახეს, როგორ მიმართავს ყურადღებას კონკრეტული ობიექტისკენ და როგორ იყენებს მიღებულ ინფორმაციას.

ეს რთული სამეცნიერო კითხვებია, თუმცა ჩალმერსის კითხვა სხვაა:

რატომ არსებობს საერთოდ წითლის დანახვის გამოცდილება?

რატომ არის ტკივილს შეგრძნება?

რატომ არის მუსიკის მოსმენა ჩვენთვის რაღაცნაირი?

სხვა სიტყვებით, რატომ არ არის ტვინი უბრალოდ წარმოუდგენლად რთული ინფორმაციის გადამამუშავებელი სისტემა, რომელშიც ყველაფერი სწორად ხდება, თუმცა "შიგნით" არაფერი განიცდება?

შეიძლება ყველაფერი აკეთო და შინაგანად არავინ იყოს?

ფოტო: Medium

ჩალმერსთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აზრითი ექსპერიმენტი ფილოსოფიური ზომბია.

წარმოიდგინეთ თქვენი იდეალური ასლი. ის ზუსტად თქვენ გგავს. იგივე მოგონებები აქვს, ზუსტად ისე საუბრობს, იცინის, ჭამს, მუშაობს და თუ ფეხზე დააბიჯებთ, დაიყვირებს:

"მეტკინა!"

მის ფიზიკურ სისტემაში ყველაფერი ზუსტად ისე მიმდინარეობს, როგორც თქვენში. ერთი განსხვავებით: მას არაფერი განუცდია.

ტკივილისას ამბობს "მეტკინა", თუმცა ტკივილის გამოცდილება არ აქვს. ცას უყურებს და ამბობს, რომ ლურჯია, თუმცა ლურჯის დანახვა მისთვის არაფრის მსგავსი არ არის.

აქ ძალიან მნიშვნელოვანია დაზუსტება: ფილოსოფიური ზომბი არ არის ჰიპოთეზა, რომ სადღაც ასეთი არსებები ნამდვილად არსებობენ. ეს აზრითი ექსპერიმენტია და ისიც სადავოა, საერთოდ შესაძლებელია თუ არა ასეთი არსების ლოგიკურად წარმოდგენა ისე, როგორც ჩალმერსს სჭირდება.

მის უკან კი საინტერესო კითხვა დგას: თუ ქცევისა და ინფორმაციის დამუშავების სრული აღწერა მაინც ტოვებს კითხვას სუბიექტური გამოცდილების შესახებ, საკმარისია მხოლოდ ფუნქციის აღწერა ცნობიერების ასახსნელად?

კარგი, მაშინ რას გვთავაზობს მეცნიერება?

თუ ცნობიერება ტვინის მუშაობას უკავშირდება, სად უნდა ვეძებოთ ის?

უფრო ზუსტად: რა უნდა ხდებოდეს ტვინში იმისთვის, რომ ინფორმაცია უბრალოდ დამუშავებული ინფორმაცია კი არ იყოს, არამედ ჩვენი ცნობიერი გამოცდილების ნაწილი გახდეს?

აქ ერთი პასუხი არ გვაქვს. თანამედროვე ცნობიერების მეცნიერებაში რამდენიმე გავლენიანი თეორიაა და ისინი პრობლემას საკმაოდ განსხვავებული მიმართულებიდან უყურებს.

2022 წელს ჟურნალ Nature Reviews Neuroscience-ში გამოქვეყნებულმა ფართო მიმოხილვამ ცნობიერების ოთხი განსაკუთრებით გავლენიანი თეორიული მიმართულება გამოყო: უმაღლესი რიგის თეორიები, გლობალური სამუშაო სივრცის თეორიები, ინტეგრირებული ინფორმაციის თეორია და რეკურენტულ თუ პროგნოზირებად დამუშავებაზე დაფუძნებული მიდგომები.

როცა ინფორმაცია მთელ ტვინში "ვრცელდება"

Global Neuronal Workspace-ის მიხედვით, ცნობიერი წვდომისთვის მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია ფართო ნერვული ქსელებისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.

წარმოიდგინეთ ინფორმაცია, რომელიც ტვინის რომელიმე სისტემაში მუშავდება, თუმცა სხვა სისტემებს მასზე ფართო წვდომა არ აქვს.

GNW-ის მიხედვით, ცნობიერ გამოცდილებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცვლილება მაშინ ხდება, როდესაც ინფორმაცია ფართომასშტაბიან ქსელში "გლობალურად ხელმისაწვდომი" ხდება და მისი გამოყენება სხვადასხვა სისტემას შეუძლია: გადაწყვეტილების მისაღებად, მოქმედების დასაგეგმად, მეხსიერებისთვის ან სიტყვიერად გადმოსაცემად.

ამ მიდგომის ნეირომეცნიერული ფორმა განსაკუთრებით სტანისლას დეანისა და ჟან-პიერ შანჟეს ნაშრომებთან არის დაკავშირებული.

იქნებ მთავარი ინფორმაციის გაერთიანებაა?

ინტეგრირებული ინფორმაციის თეორია ცნობიერებას სხვა მხრიდან უყურებს.

მისი მთავარი იდეა დაახლოებით ასეთია: ცნობიერ გამოცდილებას ბევრი სხვადასხვა ნაწილი აქვს, თუმცა ჩვენ მათ ცალ-ცალკე არ განვიცდით. მაგალითად, როდესაც წითელ ვაშლს ვუყურებთ, ცალკე არ აღვიქვამთ მის ფერს, ფორმას, მდებარეობას და ზომას. ეს ყველაფერი ერთიან გამოცდილებად გვეძლევა.

თეორიის მიხედვით, ცნობიერებისთვის მნიშვნელოვანია, რამდენად მჭიდროდ არის სისტემის სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთთან დაკავშირებული და რამდენად ქმნის მათი ურთიერთქმედება ერთიან მთლიანობას. თუ სისტემას დამოუკიდებელ ნაწილებად დავყოფთ და ამით მისი მუშაობის არსებითი ნაწილი დაიკარგება, ეს ნიშნავს, რომ მასში ინფორმაცია უბრალოდ ცალკეულ ნაწილებში კი არ მუშავდება, არამედ ერთმანეთთან არის ინტეგრირებული.

თეორია ცდილობს ამ იდეის მათემატიკურად აღწერასაც და იმის განსაზღვრას, რა პირობებში შეიძლება ჰქონდეს ფიზიკურ სისტემას ცნობიერი გამოცდილება.

ეს ცნობიერების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ამავე დროს საკამათო თანამედროვე თეორიაა. მისი ზოგი დასკვნა საკმაოდ უჩვეულოა და მკვლევრებს შორის სერიოზული დავის საგანიც გამხდარა. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით საინტერესოა მისი პროგნოზების ექსპერიმენტულად შემოწმება.

საკმარისია რაღაცის აღქმა თუ საჭიროა იმის "ცოდნაც", რომ აღვიქვამთ?

უმაღლესი რიგის თეორიები კიდევ სხვა შესაძლებლობას განიხილავს. მარტივად რომ ვთქვათ, ცნობიერებისთვის შეიძლება საკმარისი არ იყოს მხოლოდ ის, რომ ტვინმა რაღაც ინფორმაცია დაამუშაოს.

მაგალითად, ტვინში შეიძლება არსებობდეს წითელი ობიექტის ვიზუალური წარმოდგენა. ამ თეორიების მიხედვით, ცნობიერი გამოცდილებისთვის მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ისიც, რომ სისტემას გარკვეული სახით საკუთარი ამ მდგომარეობის შესახებაც ჰქონდეს ინფორმაცია.

ეს არ ნიშნავს, რომ ყოველ ჯერზე საკუთარ თავთან სიტყვიერად უნდა ვიფიქროთ: "მე ახლა წითელ ფერს ვხედავ".

იდეა უფრო ზოგადია: ცნობიერ გამოცდილებას შეიძლება სჭირდებოდეს მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ტვინი არა მხოლოდ რაღაცას წარმოადგენს, არამედ გარკვეული ფორმით საკუთარ ამ მდგომარეობასაც "აკვირდება".

ოთახი, რომელშიც ჩინური არავინ იცის

ფოტო: Wikicomms

საკუთარ ცნობიერზე საუბრისას, რთულია ხელოვნური ინტელექტი არ გაგვახსენდეს.

1980 წელს ფილოსოფოსმა ჯონ სერლმა ცნობილი აზრითი ექსპერიმენტი შემოგვთავაზა. წარმოიდგინეთ ადამიანი ოთახში, რომელმაც ჩინური საერთოდ არ იცის. გარედან მას ჩინური სიმბოლოებით დაწერილ კითხვებს აწვდიან. ოთახში კი უზარმაზარი ინსტრუქცია აქვს, რომელიც ეუბნება, მიღებული სიმბოლოების მიხედვით რომელი სიმბოლოები უნდა დააბრუნოს უკან.

ადამიანი წესებს იმდენად კარგად ასრულებს, რომ გარეთ მყოფ ჩინურის მცოდნეს მისი პასუხები სრულიად გააზრებული ეჩვენება.

ოთახში მყოფმა ადამიანმა კი ჩინურად ერთი სიტყვაც არ იცის. ის უბრალოდ სიმბოლოებით მანიპულირებს.

სერლის კითხვა იყო: სად არის აქ გაგება?

"ჩინური ოთახი" არ არის ექსპერიმენტული მტკიცებულება იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი ცნობიერი ვერასოდეს გახდება. ეს ფილოსოფიური არგუმენტია და მას უამრავი ცნობილი კონტრარგუმენტი მოჰყვა.

მის უკან დასმული კითხვა კი დღეს კიდევ უფრო აქტუალურად ჟღერს: გარედან დანახული კომპეტენტური ქცევა საკმარისია იმის დასადგენად, რომ სისტემას ნამდვილად ესმის ის, რასაც აკეთებს?

შეიძლება არსებობდეს ინტელექტი ცნობიერების გარეშე?

ფოტო: Medium

თანამედროვე ხელოვნურ სისტემებს შეუძლია ტექსტის დაწერა, სურათების ამოცნობა, პროგრამირება, პრობლემების გადაჭრა და ადამიანთან რთული საუბარი. არც ერთი ეს უნარი თავისთავად არ ამტკიცებს ცნობიერების არსებობას.

აქედან ძალიან საინტერესო შესაძლებლობა ჩნდება: შეიძლება სისტემა სულ უფრო ინტელექტუალურად იქცეოდეს და საერთოდ არაფერი განიცადოს?

აქ უკვე სხვა გონებების პრობლემას ვაწყდებით — სხვა ადამიანის ცნობიერებასაც პირდაპირ ვერ ვხედავ.

თქვენ რომ მითხრათ "თავი მტკივა", მე თქვენს ტკივილს ვერ ვიგრძნობ. მხოლოდ თქვენი სიტყვები და ქცევა მაქვს.

მეორე მხრივ, კიდევ რაღაც ვიცი... ვიცი, რომ ჩემნაირი ბიოლოგიური ორგანიზმი ხართ. გვაქვს მსგავსი ევოლუციური ისტორია, მსგავსი ტვინი და მსგავსი ნერვული სისტემა. ვიცი ისიც, რომ როდესაც ჩემი ტვინი და სხეული მსგავს მდგომარეობაშია, ტკივილს განვიცდი.

ამიტომ საკმაოდ ძლიერი საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ თქვენც რაღაცას განიცდით.

ხელოვნურ სისტემასთან ეს ანალოგია გაცილებით სუსტია.

და რა მოხდება, თუ ოდესმე მანქანა გვეტყვის: "არ გამომრთო. მეშინია."

ეს მხოლოდ ძალიან დამაჯერებლად გენერირებული წინადადება იქნება?

თუ ამ სიტყვების უკან მართლაც იარსებებს ვიღაც, ვისაც გამორთვის ეშინია?

ყველაზე რთული შეიძლება ის აღმოჩნდეს, რომ ამ ორი შემთხვევის ერთმანეთისგან გარჩევის მარტივი და საყოველთაოდ მიღებული მეთოდი არ გვქონდეს.

იქნებ მისი სამყარო საერთოდ არ ჰგავს ჩვენსას?

ფოტო: Medium

აქ კითხვა კიდევ უფრო საინტერესო ხდება. თუ არაბიოლოგიური ცნობიერება პრინციპში შესაძლებელია, რატომ უნდა ველოდოთ, რომ მისი გამოცდილება ადამიანისას დაემსგავსება?

ჩვენი ცნობიერება სხეულთან არის დაკავშირებული.

გვშივდება;

გვწყურია;

გვტკივა;

გვაქვს გულისცემა, ჰორმონები, დაღლილობა, სექსუალური ლტოლვა და სიკვდილის საფრთხე.

ჩვენი ემოციები და სამყაროს აღქმაც მილიონობით წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული ბიოლოგიური ორგანიზმის გამოცდილების ნაწილია.

ხელოვნურ სისტემას შეიძლება არც ერთი მათგანი ჰქონდეს. შესაძლოა, თუ ოდესმე არაბიოლოგიური ცნობიერება იარსებებს, კითხვაც კი "რას გრძნობს?" ზედმეტად ადამიანური აღმოჩნდეს.

აქ ისევ ნაგელის ღამურა გვახსენდება. თუ ჩვენთვის სხვა ძუძუმწოვრის გამოცდილების წარმოდგენაც ასეთი რთულია, რამდენად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ცნობიერება, რომელსაც არც ჩვენი სხეულის მსგავსი სხეული აქვს, არც ჩვენი გრძნობათა ორგანოები და არც ჩვენი ევოლუციური ისტორია?

თუ ჩემს ტვინს დავაკოპირებთ, იქ მე გავიღვიძებ?

ფოტო: Cumhuriyet

დასასრულს, ცნობიერების პრობლემა ერთ ძალიან პირად კითხვამდეც მიდის.

წარმოიდგინეთ მომავალი ტექნოლოგია, რომელსაც თქვენი ტვინის სრულყოფილად სკანირება შეუძლია.

ყველა ნეირონი;

ყველა კავშირი;

ყველა მოგონება;

თქვენი ხასიათი, ჩვევები, შიშები, საყვარელი ადამიანები და ბავშვობის მოგონებები.

შემდეგ ეს სტრუქტურა კომპიუტერში ზუსტად აღადგინეს. ციფრული ადამიანი "თვალებს ახელს" და ამბობს:

"მე დათო ვარ."

მას ახსოვს ამ სტატიის წაკითხვა. ახსოვს ყველაფერი, რაც თქვენ გახსოვთ. იცის ადამიანები, რომლებსაც თქვენ იცნობთ. უყვარს ის, რაც თქვენ გიყვართ. შეიძლება გაიხსენოს ისეთი შემთხვევაც, რომელიც თქვენ გარდა თითქმის არავინ იცის.

ის დარწმუნებულია, რომ "თქვენ არის".

კითხვა კი მარტივია: იქ თქვენ გაიღვიძეთ?

თუ თქვენ ისევ აქ ხართ და იქ უბრალოდ გაჩნდა მეორე არსება, რომელსაც თქვენი ცხოვრების ყველა მოგონება აქვს?

საქმე კიდევ უფრო გავართულოთ.

შევქმნათ არა ერთი, არამედ ორი იდეალური ასლი.

ორივე თვალებს ახელს და ორივე ამბობს:

"მე დათო ვარ."

რომელი ხართ თქვენ?

ეს უკვე მხოლოდ ტექნოლოგიური პრობლემა აღარ არის. აქ ცნობიერების საკითხი პიროვნული იდენტობის პრობლემას უერთდება.

თუ "მე" მხოლოდ ჩემი მოგონებებისა და ფსიქოლოგიური თვისებების ერთობლიობაა, ორივე ასლს ჩემობაზე საკმაოდ ძლიერი პრეტენზია ექნება.

თუ ჩემობისთვის რაღაც ტიპის უწყვეტობაა აუცილებელი, მხოლოდ ინფორმაციის დაკოპირება შეიძლება საერთოდ არ ნიშნავდეს ჩემს გადატანას.

შესაძლოა, ტექნოლოგიამ ერთ დღეს თქვენი იდეალური ციფრული ასლის შექმნა შეძლოს და მაინც ღია დარჩეს ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა:

გაციფრულდით თქვენ თუ უბრალოდ გამრავლდით?

და მაინც, საიდან ვიცით, რომ ცნობიერები ვართ?

სხვა ადამიანების ცნობიერებაზე შეგვიძლია ვიკამათოთ. ცხოველების ცნობიერების საზღვრებზე შეგვიძლია ვიკამათოთ. შეიძლება ათწლეულები ვიკამათოთ იმაზეც, გახდება თუ არა ოდესმე ხელოვნური ინტელექტი ცნობიერი.

საკუთარ შემთხვევაში მდგომარეობა უცნაურად განსხვავებულია. მე შეიძლება შევცდე იმაში, რას ვხედავ. შეიძლება მომეჩვენოს ხმა, რომელიც სინამდვილეში არ ყოფილა. შეიძლება სიზმარში დარწმუნებული ვიყო, რომ სრულიად რეალურ სამყაროში ვიმყოფები. შეიძლება საკუთარი მოგონებაც კი მცდარი აღმოჩნდეს.

თუ ამ წამს რაღაცას განვიცდი, თვითონ გამოცდილების არსებობაში ეჭვის შეტანა გაცილებით რთულია.

შეიძლება ვცდებოდე იმაში, რას ნიშნავს ჩემი გამოცდილება ან რამ გამოიწვია ის. ფაქტი კი, რომ რაღაც გამოცდილება არსებობს, სწორედ ის ადგილია, საიდანაც ცნობიერების პრობლემა იწყება.

აქ არის მთელი ამ ისტორიის უცნაური პარადოქსი — ცნობიერება ერთდროულად ყველაზე ახლობელი და ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი რამაა, რაც ვიცით.

საკუთარი გამოცდილების არსებობის დასადგენად არც ტვინის სკანერი გვჭირდება, არც ელექტროდი და არც ფილოსოფიური თეორია.

ახლა ამ ტექსტს კითხულობთ... თქვენს ტვინში ამ დროს უზარმაზარი რაოდენობის ფიზიკური პროცესი მიმდინარეობს. ფოტონები თვალში ხვდება, ნერვული სიგნალები გადაადგილდება, სიტყვები მუშავდება, მოგონებები აქტიურდება და ამ წინადადების მნიშვნელობა სადღაც ამ წარმოუდგენლად რთულ სისტემაში ყალიბდება.

მეცნიერება ამ პროცესების სულ უფრო მეტ ნაწილს გვიხსნის.

და მაინც რჩება კითხვა: რატომ არის ამ ყველაფრის მიმდინარეობა თქვენთვის რაღაცნაირი? რატომ არ არის უბრალოდ ინფორმაციის დამუშავება? რატომ არის იქ გამოცდილებაც?

ათასობით წლის ფილოსოფიის, საუკუნეზე მეტი ფსიქოლოგიისა და თანამედროვე ნეირომეცნიერების მიუხედავად, ამ კითხვაზე საყოველთაოდ მიღებული საბოლოო პასუხი ჯერ არ გვაქვს.

ალბათ, ცნობიერების ყველაზე დიდი საიდუმლოც სწორედ ესაა: ყველაზე რთულად ასახსნელი რამ სამყაროში ის არის, რომლის არსებობაშიც თითოეული ჩვენგანი ყველაზე მეტად არის დარწმუნებული...

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.