მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
ფოტო: Getty Images
იმ მომენტიდან, როცა მეცნიერებმა სატურნის ერთ-ერთ ბუნებრივ თანამგზავრზე, ენცელადზე, წყლის ამოფრქვევები დააფიქსირეს, ის მზის სისტემაში არამიწიერი სიცოცხლის საძიებლად ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად იქცა. ახლა ეს ვარაუდი კიდევ უფრო გამყარდა, რადგან მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ იაპონიის სანაპიროს ღრმა წყლებში მობინადრე ორგანიზმებს ენცელადის ყინულოვანი ქერქის ქვეშ არსებული მლაშე ოკეანის მკაცრ პირობებში გადარჩენა შეუძლიათ.
ასევე იხილეთ: სატურნის თანამგზავრის ოკეანეში სიცოცხლისთვის საჭირო ორგანული მოლეკულები აღმოჩნდა
ისინი ოკეანის ფსკერზე ჰიდროთერმულ წყაროებთან ახლოს ბინადრობენ და ცხოველქმედებისას წყალბადსა და ნახშირორჟანგს მეთანად გარდაქმნიან. მათ სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ გარემოში იცოცხლეს, რაც მიუთითებს, რომ ენცელადზე სიცოცხლის გარკვეული ფორმებისთვის, შესაძლოა, სავსებით თავსებადი პირობები იყოს.
"თუ სიცოცხლის იმ უჯრედულ განმარტებას გამოვიყენებთ, რომელიც დღეს დედამიწაზე გვხვდება, ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ ამ ან მის მსგავს ორგანიზმებს ენცელადზე გადარჩენის კარგი შანსი ექნებოდათ", — აღნიშნავს მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტის გეომიკრობიოლოგიის პროფესორი, უილიამ ორსი.
მზის სისტემაში სატურნის გარშემო ყველაზე მეტი თანამგზავრია, მაგრამ ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მათ შორის ენცელადი განსაკუთრებულ ინტერესს არ იწვევდა. ვითარება კოსმოსური აპარატების გამოჩენის შემდეგ შეიცვალა. 2000-იანი წლებიდან მოყოლებული, ჯერ NASA-ს ზონდ Cassini-ს, ხოლო მოგვიანებით ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის დაკვირვებებმა ენცელადიდან ამოფრქვეული წყლის ორთქლისა და ყინულის ნაწილაკების გიგანტური ჭავლები გამოავლინა. ეს ყინულის ქერქის ქვეშ უზარმაზარი მლაშე ოკეანის არსებობას ადასტურებს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ფსკერზე ჰიდროთერმული წყაროებია.
ლაბორატორიულ პირობებში ენცელადის ოკეანის მინიატიურული ვერსიის შესაქმნელად მეცნიერებმა წყალს მარილები, კარბონატები და დაფხვნილი ქანები შეურიეს. ამით მათ უკიდურესად ტუტე გარემო შექმნეს. ასევე წყალსა და კლდოვან ფსკერს შორის მიმდინარე იმ მნიშვნელოვანი რეაქციების სიმულირებაც შეძლეს, რომლებიც წყალბადს წარმოქმნის. სწორედ ამან დააფიქრა მკვლევრები, შეძლებდნენ თუ არა ე.წ. მეთანოგენი მიკრობები ამ ხსნარში გადარჩენას. ორსის თქმით, ექსპერიმენტამდე "ეს ნაკლებად სავარაუდო ჩანდა".
ამის მიუხედავად, მეცნიერების გასაკვირად, მიკრობები სიმულირებულ ოკეანეში მაშინაც კი მრავლდებოდნენ, როცა წყლის pH (მჟავიანობის) მაჩვენებელმა 11-ს მიაღწია, რაც ამ ორგანიზმებისთვის აქამდე ცნობილ ზღვარზე ბევრად მაღალია. მათ მეტაბოლიზმი წყალში ნახშირორჟანგის დაბალ კონცენტრაციასაც კი მოარგეს.
ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებულ კვლევას ბრიტანეთის ღია უნივერსიტეტის პლანეტარული გეომეცნიერებების პროფესორი, დევიდ როზერი, გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ მიკრობების სიცოცხლისუნარიანობის დამტკიცებით ეს ნაშრომი ენცელადზე "მიკრობული სიცოცხლის არსებობის კიდევ ერთ ბარიერს ხსნის".
უილიამ ორსი ამბობს, რომ თუ ენცელადზე სიცოცხლე ოდესმე მართლაც განვითარდა, ის დედამიწის სიცოცხლისგან შეიძლება რადიკალურად განსხვავებული იყოს. მეტიც, ექსპერიმენტები მხოლოდ რამდენიმე დღე გაგრძელდა, ამიტომ უცნობია, შეძლებდნენ თუ არა მსგავსი მიკრობები იქ ხანგრძლივად არსებობას.
ამავე ჟურნალში გამოქვეყნებული მეორე ნაშრომის თანახმად, ენცელადის ჭავლებში არსებული ყინულის ნაწილაკები ისე იყინება და ფრაგმენტაციას განიცდის, რომ ოკეანის სხვადასხვა კომპონენტს აცალკევებს. შესაბამისად, თუ წყლის წვეთები უცხო მიკრობების ფრაგმენტებს შეიცავს, ისინი შეიძლება ყინულის ნაწილაკებში მაღალი კონცენტრაციით აღმოჩნდეს. ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორის, ფრანკ პოსტბერგის, თქმით, სიცოცხლის ძიებისთვის ეს "შესანიშნავი სიახლეა", რადგან მათი აღმოჩენა შედარებით მარტივი იქნება.
ენცელადის გარშემო არსებულმა სამეცნიერო მოლოდინებმა იქ კოსმოსური მისიების გაგზავნის ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა. მაგალითად, ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) პროექტი L4 მიზნად სატურნის ორბიტაზე აპარატის გაშვებასა და ენცელადის სამხრეთ პოლუსზე მოდულის დასმას ისახავს, რათა ამოფრქვეულ ჭავლებში სიცოცხლის ბიოლოგიური ნიშნები მოძებნონ.
ღია უნივერსიტეტის მკვლევარი, დოქტორი რეიჩელ ჰემპი, აღნიშნავს: "ფანტასტიკურია იმის ნახვა, თუ როგორ აფართოებს ახალი კვლევა ჩვენს ცოდნას და როგორ გვაწვდის დამატებით მტკიცებულებებს ამ პატარა ყინულოვანი ობიექტის პოტენციური სიცოცხლისუნარიანობის შესახებ. ვფიქრობ, ეს ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ ენცელადზე დაგეგმილ მისიას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის".
ეს მისია 2042 წლისთვის არის დაგეგმილი და აპარატი სატურნამდე 2050-იან წლებში მიაღწევს. ლაბორატორიული სიმულაციები მეცნიერებს აძლევს იმედს, რომ მზის სისტემის შორეულ, ყინულოვან თანამგზავრებზე არამიწიერი სიცოცხლის კვალის პოვნა სავსებით რეალისტური პერსპექტივაა.


კომენტარები