ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა
ფოტო: Jaimi Joy/Reuters
11 წლის მოსწავლემ, ბოდჰანა სივანანდანმა, ჭადრაკის ისტორიაში ახალი, შთამბეჭდავი ფურცელი დაწერა. უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში გამართულ 46-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე წარმატებული ასპარეზობის შედეგად იგი ქალთა შორის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი გახდა. შეჯიბრებაზე ის ინგლისს წარმოადგენდა.
ახალგაზრდა ტალანტის საჭადრაკო ასპარეზი სრულიად შემთხვევით დაიწყო. COVID-19-ის პანდემიის დროს, როცა ჯერ კიდევ 5 წლის იყო, მან მამის მეგობრისგან საჩუქარი მიიღო: სათამაშოები და წიგნები. ჩანთაში, სხვა მრავალ ნივთთან ერთად, ძველი საჭადრაკო დაფაც აღმოჩნდა, რომელმაც პატარა ბოდჰანას ყურადღება მაშინვე მიიპყრო.
YouTube-ის ვიდეოგაკვეთილებითა და ონლაინ თამაშით დაწყებული გატაცება სერიოზულ სპორტულ წარმატებაში სწრაფად გადაიზარდა. 9 წლის ასაკში იგი უკვე ინგლისის ეროვნული ნაკრების წევრი გახდა და სპორტის ნებისმიერ სახეობაში ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენლად მიიჩნევა.
სულ ცოტა ხნის წინ ბოდჰანამ ბრიტანეთის ჩემპიონატიც მოიგო და ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონად დასახელდა. ამასთან ერთად, იგი UK Open-ის ე.წ. სწრაფ ჭადრაკში მოპოვებულ ტიტულებსაც ფლობს.
"ძალიან მიხარია, თუმცა აქ გაჩერებას არ ვაპირებ. მსურს, წინ წავიდე და ისტორიის დაწერა კვლავ განვაგრძო", — განაცხადა ბოდჰანამ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციასთან (FIDE) ვიდეოინტერვიუში, რომელიც YouTube-ზე გამოქვეყნდა.
ახალგაზრდა დიდოსტატი სკოლაში სრული დატვირთვით სწავლობს. ჭადრაკისადმი სიყვარულის შესახებ სივანანდანმა აღნიშნა, რომ ტურნირებისას მოგზაურობა სიამოვნებას ანიჭებს. ამასთან, სპორტის ეს სახეობა სასკოლო საგნების მარტივად ათვისებაშიც ეხმარება. მისი მომდევნო მთავარი მიზანი საერთაშორისო დიდოსტატის ტიტულის მოპოვებაა.
ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) მონაცემებით, 2025 წელს ბოდჰანამ 60 წლის დიდოსტატი, პიტ უელსი, სულ რაღაც 10 წლის, 5 თვისა და 3 დღის ასაკში დაამარცხა. ამით მან მაშინ ამერიკელი კარისა იპის რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც დიდოსტატზე გამარჯვება 2019 წელს, 10 წლის, 11 თვისა და 20 დღის ასაკში მოიპოვა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წელს BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სივანანდანის მამის განცხადებით, მანამდე მათ ოჯახში ჭადრაკით პროფესიონალურ დონეზე არავინ არ დაკავებულა.
კომენტარები