NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი, PRIMA, წარადგინა. მისი სრული სახელია Probe far-Infrared Mission for Astrophysics და იგი შორეულ ინფრაწითელ გამოსხივებას დააკვირდება.

სააგენტოს განცხადებით, PRIMA განვითარების ე.წ. B ფაზაში გადავიდა. ეს ეტაპი ტელესკოპის წინასწარი დიზაინის დახვეწას, ასევე ტექნიკურ და საბიუჯეტო შეფასებებს მოიცავს. თუ პროექტს დაამტკიცებენ, ის C ფაზაში გადაინაცვლებს. მისი მაქსიმალური ღირებულება 1.2 მილიარდი აშშ დოლარი იქნება, თუმცა ამაში გაშვების ხარჯები და სხვა საჭირო თანხები არ შედის.

PRIMA სააგენტოს პროგრამა Explorers-ის ფარგლებში მისიების ახალი კატეგორიისთვის — Probe Explorers — ქმნის საფუძველს. პროექტზე სხვადასხვა ორგანიზაცია/დაწესებულება იმუშავებს: NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორია (JPL), კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (Caltech), NASA-ს გოდარდისა და მარშალის კოსმოსური ფრენების ცენტრები, ასევე კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იაპონიის, სამხრეთ კორეისა და გაერთიანებული სამეფოს კოსმოსური სააგენტოები.

მისიის სამეცნიერო ბაზად კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ინფრაწითელი მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის ცენტრი (IPAC) შეირჩა. იქ ტელესკოპის მიერ მიღებულ ინფორმაციას დაამუშავებენ და შეინახავენ, რათა მისი გამოყენება სამყაროს შესახებ მნიშვნელოვან საკითხებზე მომუშავე ასტრონომებმა შეძლონ.

"PRIMA კაცობრიობისთვის ღრმა კოსმოსში ახალ ფანჯარას ქმნის. ის კოსმოსური დროის მასშტაბით ბუნდოვანებას მოხსნის და დაგვეხმარება უკეთ გავიგოთ, როგორ წარმოიქმნება პლანეტები, ვარსკვლავები და შავი ხვრელები ან როგორ გაჩნდა წყალი დედამიწაზე", — განაცხადა NASA-ს სამეცნიერო მისიათა დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნიკი ფოქსმა.

PRIMA-ს სამი ძირითადი სამეცნიერო ინსტრუმენტი ექნება:

  • 1.8-მეტრიანი ტელესკოპი, რომელიც კრიოგენური გაგრილების სისტემით აღიჭურვება;
  • პოლარიმეტრი PRIMAger;
  • მაღალი გარჩევადობის სპექტრომეტრი FIRESS.

ტელესკოპის დეტექტორები Caltech-ისა და JPL-ის სამდეკადიანი კვლევის შედეგია. მათი დახმარებით PRIMA შორეულ ინფრაწითელ გამოსხივებას გადაიღებს და სპექტრულ მონაცემებსაც შეაგროვებს.

Caltech-ის პრეზიდენტმა, რეი ჯაიავარდჰანამ, განაცხადა, რომ PRIMA შორეული კოსმოსის ინფრაწითელი გამოსხივების შესასწავლად დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. მისი თქმით, ახალი ტექნოლოგიები მეცნიერებს საშუალებას მისცემს, შეისწავლონ სამყაროში მიმდინარე პროცესები, რომლებზე დაკვირვებაც აქამდე არ შეგვეძლო.

PRIMA-ს გაშვება 2033 წლისთვისაა დაგეგმილი. NASA მოგვიანებით შეარჩევს რაკეტას, რომელიც ობსერვატორიას კოსმოსში გაიტანს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.