ტექნოლოგიებით ჩანაცვლებას, როგორც ჩანს, ვერც ადამსების ოჯახის უტანო პერსონაჟი გადაურჩა...

რბილი რობოტიკის ლაბორატორიის (ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტი) მეცნიერებმა რობოტი ხელი შექმნეს, რომელიც თითისწვერებზე დამოუკიდებლად გადაადგილება; ნავიგაცია სხვადასხვანაირ ზედაპირზე შეუძლია და კლავიატურაზე რაღაცების აკრეფაც გამოსდის.

მკვლევრების აზრით, ავტონომიური ხელი არაერთი სასარგებლო მიზნით შეგვიძლია გამოვიყენოთ.

"გადაადგილების უნარის მქონე რობოტ ხელს შეუძლია შემოსაზღვრულ სივრცეებში ისე იმოქმედოს, რომ მკლავის მიდევნება არ სჭირდება", — წერენ მკვლევრები ნაშრომში, რომელიც პრეპრინტის სახითაა ხელმისაწვდომი arXiv-ზე — "მაგალითად, შედარებით დიდ რობოტს შეუძლია, ეს ხელი შეზღუდულ ღიობთან ახლოს მოათავსოს, საყრდენ ზედაპირზე. ამის შემდეგ ხელი დამოუკიდებლად მივა მართვის პანელისაკენ ან ობიექტისაკენ, ინტერაქციაში შევა და უკან დაბრუნდება".

ავტონომიური რობოხელის შექმნის მთავარი სირთულე ისაა, რომ გარემოსთან ინტერაქციაში იგი იმავე თითებით უნდა შევიდეს, რომლებზეც დგას. ამას გარდა, რადგან ხელი ადამიანის კიდურის მსგავსი უნდა იყოს, თითები სხვადასხვა სიგრძისაა.

მკვლევრებს რობოხელის ფიზიკური მოდიფიკაციები დასჭირდათ: "თავის გატანა" რომ შესძლებოდა, მას ბატარეა, კომპიუტერი და სენსორები ჩაუმონტაჟეს. იგი სიმულირებულ გარემოში გაწვრთნეს განმტკიცებით დასწავლის გზით, რა დროსაც ხელის პროგრამას დავალების სწორად შესრულების გამო აჯილდოებდნენ.

ბევრი ეცადა თუ ცოტა, თანდათანობით ისწავლა დამოუკიდებლად სიარული და მალევე ეს რეალურ გარემოშიც მოახერხა. გარეთ თუ შიგნით, უტანო ხელმა არაერთი სახის ზედაპირზე გაიარა — ფილებზე, ბალახზე, ქვაზე. ყველა ზედაპირი ბრტყელი იყო, თუმცა ხელმა დაამტკიცა, რომ მაინც შეეძლო სხვადასხვა რელიეფის გათვალისწინება.

დემონსტრაციის ფარგლებში მეცნიერებმა რობოტს კომპიუტერული თამაშის თამაშიც სთხოვეს. მთელი დროის განმავლობაში წონასწორობასაც ინარჩუნებდა და თამაშ Sokoban-ის რაუნდიც მოიგო ცალკეულ კლავიშებზე დაჭერით.

რთული სათქმელია, სამომავლოდ ირბენენ თუ არა აქეთ-იქით ცალკეული რობოხელები, თუმცა დიდი ჰუმანოიდი რობოტების დანამატებად ისინი მაინც შეგვიძლია განვიხილოთ.

"რობოტი ხელებისთვის მოძრაობის უნარის მიცემამ მომავალში რობოტები შეიძლება უფრო მრავალმხრივი გახადოს ადამიანებისათვის განკუთვნილ სივრცეებსა და ინტერფეისებში", — წერენ მკვლევრები.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.